საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თბილისის მერ დავით ნარმანიასთან ერთად ოლიმპიური ფესტივალის მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.
მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია პრემიერს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა, ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე ლერი ხაბელოვმა და ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანმა მიაწოდეს.
როგორც ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საქართველოში მსგავსი მასშტაბის საერთაშორისო სპორტული ღონისძიება არასოდეს ჩატარებულა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
-"მშენებლობა დაგეგმილზე ადრე დასრულდება. ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრი სტუმარი ჩამოვა. ოლიმპიური ფესტივალის შემდეგ ეს ტერიტორია, რომელიც ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა ადგილია, "ახალი თბილისი" გახდება, დედაქალაქს კი ახალი უბანი ექნება. ამავდროულად, აღნიშნული ტერიტორიის ღირებულება იზრდება. აქ იქნება სერიოზული სპორტული ბაზა, მოვამზადებთ ჩემპიონებს და ასევე შენდება ოლიმპიური სტანდარტების აუზი, რომელიც საქართველოში არ არსებობდა", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ოლიმპიური ფესტივალისთვის შენდება 6 ახალი და რემონტდება 3 არსებული სპორტული ობიექტი, მათ შორის - მძლეოსნობის სტადიონი, ფრენბურთის სასახლე, ტანვარჯიშის სასახლე, აუზი, ტყორცნების მოედანი, ახალი კორტები, ძიუდოს და კალათბურთის სასახლეები.