საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ და სხვა სახის პროცესებზე გვესაუბრება პარტია "თავისუფალი საქართველოს" თავმჯდომარე კახა კუკავა.
_ როგორ შეაფასებთ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას?
_ ქვეყანაში ორხელისუფლებიანობა და გარდამავალი პერიოდია, რომელიც როდის დასრულდება, კაცმა არ იცის. შესაძლოა, ეს პროცესი 2014 წლამდეც კი გაგრძელდეს...
_ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს გულისხმობთ?
_ კი, ბატონო, მაგ არჩევნებს ვგულისხმობ და ეს ყველაზე უარესი ვარიანტია. შესაძლოა, "ქართულმა ოცნებამ" მალევე განმუხტოს სიტუაცია და ხელისუფლების რეალურად გადაცემის პროცესი რამდენიმე დღეში დაასრულოს.
_ როგორ უნდა დასრულდეს რამდენიმე დღეში და უფრო ჩქარა ხელისუფლების გადაბარების პროცესი?
_ "ქართულმა ოცნებამ" უნდა მიმართოს კანონიერ სამართლებრივ მექანიზმებს და კანონის წინაშე პასუხი მოსთხოვოს "ნაციონალური მოძრაობის" მაღალი იერარქიის წარმომადგენლებს. აი, ეს დააჩქარებს ხელისუფლების გადაცემის პროცესს.
_ საზოგადოების დიდ ნაწილშიც სწორედ ამგვარი რევანშისტული განწყობაა. ხალხი სასწრაფოდ ითხოვს იმ პოლიტიკოსთა და ჩინოვნიკთა საწრაფოდ და უმკაცრესად დასჯას, რომელთაც ხელისუფლებაში მოსვლამდე "ქართული ოცნების" ლიდერები მკვლელებს, ქვეყნის მოღალატეებს უწოდებდა. "ნაციონალური მოძრაობა" კი ამ დროს ოპოზიციონერობას თამაშობს _ თითქოს ის საშინელებები, რაც ამ ბოლო 8 წლის მანძილზე მოხდა, მე ჩავიდინე.
_ კი, "ნაციონალური მოძრაობა" კონსტრუქციულ ოპოზიციონერობას თამაშობს. მე ვიტყვი, მათი საპარლამენტო ფრაქციის წევრები უსინდისოდ იქცევიან _ რა მოხდა, 8 წელი ვანგრიე ეს ქვეყანა, მილიონები მოვიპარე, მაგრამ ახლა ოპოზიციაში ვიქნები და ის მილიონები, რაც ხალხს, სახელმწიფოს მოვპარე, ყველა სხვა დანაშაული შემრჩება. აი, ასეთი განწყობა აქვთ. რეალურად კი, ძალიან მარტივადაა საქმე: წააგეს არჩევნები. თუ დამნაშავენი არიან, უნდა დაისაჯონ! ხალხშიც ეს განწყობაა. მე არ ვიტყვი, რომ რევანშისტულია ეს განწყობა. ცალკეულ შემთხვევებში კი, შესაძლოა, არიან რევანშისტები და ესეც ამ ხელისუფლების ბრალია. ხალხის საერთო განწყობა სრულიად სამართლიანია _ დამნაშავე უნდა დაისაჯოს. "ქართული ოცნების" ლიდერებს ნუ დაავიწყდებათ, რომ სწორედ ამ ხალხმა მოიყვანა ხელისუფლებაში და თავიანთი წინასაარჩევნო რიტორიკაც გაიხსენონ _ ისინი ხალხს უპირველესად სამართლიანობის აღდგენას შეპირდნენ.
_ არიან ჩინოვნიკები, რომელთა დანაშაულებრივი ქმედებების დასტურად მარტო მედიაში გავრცელებული დოკუმენტური მტკიცებულებები გამოდგება. არ არის იმის საფრთხე, რომ ხალხმა თავად დაიწყოს ანგარიშსწორება ყოფილ ჩინოვნიკებზე?
_ რეალურად, ხელისუფლების ჩანაცვლება მოხდა საქართველოში და ეს წინასწარ დაწერილი სცენარით განხორციელდა, მე უეჭველი მტკიცებულებები ხელთ არ მიჭირავს, მაგრამ ამერიკის ელჩი რიჩარდ ნორლანდი, როცა საჭიროა, დღეში ორჯერ სტუმრობს ბიძინა ივანიშვილს "შუშის სასახლეში" და ეს არ არის შემთხვევითი. კი, ეჭვი არაა, ვიღაცეებს დაიჭერენ და იმედია, საქმე "ლინჩის წესამდე" არ მივა, მაგრამ ვფიქრობ, ამერიკის პოზიციაზე ბევრია დამოკიდებული. ჩემი აზრით, მიხეილ სააკაშვილმა და რამდენიმე ადამიანმა მისი უახლოესი გარემოცვიდან ხელშეუხებლობის გარანტია მიიღეს. ვნახოთ, რა მოხდება.
_ ანუ, ჩვენ კიდევ ერთხელ "ვჭამეთ" ხელისუფლების დაგეგმილი ცვლილება, ოღონდ, ამჯერად, რევოლუციის გარეშე?
_ კი, დიდი შანსია, რომ ყველაფერი წინასწარ იყო შეთანხმებული და გია ბარამიძემ, ზურაბ ადეიშვილმა და სააკაშვილის ახლო გარემოცვის სხვა წარმომადგენლებმა ამერიკელებისგან ხელშეუხებლობის გარანტია მიიღეს. ცხადია, ეს ამერიკელთა გარეშე ვერ მოხდებოდა. ამას სხვა პოლიტიკური დარიგებებიც მოჰყვებოდა, მაგრამ ამის შესახებ დღეს ვერაფერს ვიტყვი, მოლაპარაკებების შედეგს მომავალში დავინახავთ.
_ დავუშვათ, რამდენიმე პოლიტიკურმა ფიგურამ მიიღო ხელშეუხებლობის გარანტია. დანაშაულებრივი იყო მთლიანად სისტემა და ამ სისტემაში დასაქმებულ ადამიანთა დიდ ნაწილს უწევდა უკანონო ქმედებები. გამოდის, ნახევარი საქართველო დასაჭერია. რა ვქნათ ასეთ შემთხვევაში _ დავიჭიროთ ასეულ ათასობით ადამიანი? არადა, ყველა დამნაშავეა.
_ თუ ადამიანი დამნაშავეა მან აუცილებლად უნდა აგოს პასუხი კანონის წინაშე. თუმცა, ჩვენთან მართლა იმდენი ადამიანი შეიძლება გახდეს დასაჭერი, ახალი ციხეების აგება მოგვიწიოს. ამიტომ, სხვა გამოსავალს ვთავაზობ ხელისუფლებას. ეს უნდა იყოს საპროცესო გარიგებები, დამნაშავეებმა უნდა აღიარონ ჩადენილი დანაშაული. თავად უნდა გამოცხადდნენ პროკურატურაში. აი, დაახლოებით ისე, სსრკ-ს დაშლის მერე, პოსტსაბჭოურ ქვეყნებში, სუკ-ის აგენტები საკუთარი სურვილითა და აღიარებით რომ მიდიოდნენ პროკურატურაში. მათ ძველ დანაშაულს პატიობდნენ. დაახლოებით ამგვარი რამ უნდა მოხდეს აქაც.
_ რიგში უნდა ჩადგეს ეს ხალხი პროკურატურასთან?
_ კი, თუ საჭიროა, რიგში უნდა ჩადგეს. ცხადია, ეს არ ეხებათ იმ დამნაშავეებს, რომლებმაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ჩაიდინეს ან ხანდაზმულობის ვადა არ ეხებათ. მე მარტო სააკაშვილის რეჟიმის დამნაშავეებს არ ვგულისხმობ.
_ აბა, კიდევ ვის გულისხმობთ?
_ არჩევნების იმ გამყალბებლებს, რომელთაც თავიანთი ქმედებებით ამ ქვეყანას, ჩვენს ხალხს წარსული გაუმრუდეს.
_ მაშინ 1995 წლის არჩევნების გამყალბებლებიდან უნდა დავიწყოთ, იქამდე ჩავდიოთ ხალხს?
_ ჩავდიოთ, თუ საჭიროა, 1992 წლის არჩევნებამდე ჩავდიოთ. აქედან უნდა დავიწყოთ. ისე, მე და თქვენ არა, კანონმა უნდა ჩასდიოს. ყველა დამნაშავე გამოაშკარავდეს. ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ისინი დამნაშავენი არიან. მეორეც რაღაც კატეგორიას დაეკისროს სახელმწიფოს სასარგებლოდ შრომა. რა, არ ეკადრებათ?! ეს ადამიანები ყოველ დღე უნდა გამოცხადდნენ კონკრეტულ უწყებაში და დაფიქსირდნენ იქ. თუ ცივილიზებული მიდგომა გინდათ, ესაა. თუმცა, იქნება კატეგორია, რომელსაც მოუწევს ციხეში ჯდომა.
_ წეღან რევანშისტულად განწყობილ ხალხზე ვსაუბრობდით. როდემდე შეიძლება ამ რევანშისტული განწყობით ცხოვრება?
_ კახა კუკავა პოლიტიკოსია, თმენის ვალდებულება აკისრია კანონით, პასუხისმგებლობის გრძნობაც გამახვილებული აქვს. ხალხში შურისძიების წყურვილი არ ჩაკლულა. ისეთები ვიცი, ავტომატი რომ მისცე გადაცხრილავენ ზოგიერთებს. ეს არის "ლინჩის წესით" გასამართლება და თუ პრეტენზია გვაქვს, რომ ცივილიზებული ერი ვართ, ამას არ გავაკეთებთ. უსამართლობა, რაღაც დოზით ყველგან არის, მაგრამ ნორმალურ ქვეყნებში, ნორმალურ საზოგადოებაში "ლინჩის წესს" არ მიმართავენ. ვინც დასასჯელია, ცხადია, უნდა დაისაჯოს. სწორედ შერჩევითმა მართლმსაჯულებამ დაღუპა სააკაშვილი და მისი ბანდა. ამას წინათ გია ბარამიძე ვნახე ტელევიზიით. ერთ თვეში გაჭაღარავებული, დაბერებული, მოტეხილი... სიმართლე გითხრათ, ძალიან შემეცოდა. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მან პასუხი არ უნდა აგოს. გია ბარამიძემ და მისნაირებმა თუ არ აგეს პასუხი კანონის წინაშე, ეს ნიშნავს, რომ სულში ჩააფურთხო ზურაბ ჟვანიას, ბუტა რობაქიძეს, სანდრო გირგვლიანს, გურამ შარაძეს და ყოფილი ხელისუფლებისგან უსამართლოდ დახოცილ უამრავ ადამიანს... ეს იქნება ირინა ენუქიძისთვის სულში ჩაფურთხება. ახალი ხელისუფლება, წესით და რიგით, ვერსად გაექცევა იმ ხალხის სამართლიან მოთხოვნას, რომელმაც ხელისუფლებაში მოიყვანა. თუმცა, ჩვენ წეღან პოლიტიკურ გარიგებებზე ვსაუბრობდით. სამწუხაროდ, პოლიტიკა სამართლიანობაზე ხშირად არ არის დაფუძნებული.
_ სამართლებრივად საკამათოა, რომ მთავარი დამნაშავეები _ "ნაციონალური მოძრაობიდან", ვინც დანაშაულებრივი სახელმწიფო მანქანა შექმნეს, უნდა დაისაჯონ?
_ არა, აქ არაფერია საკამათო _ ვინც ამ დანაშაულებრივი სისტემის სათავეში იდგა, ისინი უნდა დაისაჯონ!
_ სადაოა, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა დაისაჯოს?
_ არა, არც ეს საკითხია სადაო _ მიხეილ სააკაშვილი უნდა გასამართლდეს. მართლმსაჯულება უნდა აღსრულდეს ყველა დამნაშავის წინააღმდეგ და შერჩევითი მართლმსაჯულების პერიოდი უნდა დასრულდეს ქვეყანაში. იცით რა არის მართლმსაჯულების წინააღმდეგ მიმართული უფრო დიდი დანაშაული. როცა 10 დამნაშავიდან ცხრას სჯი და ერთს _ მეათეს არ სჯი. ან ყველა უნდა დასაჯო, ან _ ყველანი უნდა გაათავისუფლო.
დაგავიწყდათ საიდან დაიწყო ეს ყველაფერი _ შერჩევითი მართლმსაჯულების აღსრულება? მოვიდა თუ არა სააკაშვილი ხელისუფლებაში, მაშინვე. კი, დასასჯელნი იყვნენ შევარდნაძის კორუმპირებული ჩინოვნიკები, მაგრამ ან ყველას უნდა ეგო პასუხი, ან _ არც ერთს. ამათ შერჩევით რამდენიმე კაცი დაიჭირეს, მიხეილ მაჭავარიანი კი, ვინც ერთ-ერთი უპირველესი დამნაშავე იყო, ვიცე-სპიკერად გაამწესეს.
ბიძინა ივანიშვილმა თუ იგივე გააკეთა, რა აზრი აქვს უმრავლესობით იქნება თუ არა მისი გუნდი პარლამენტში? მე არავის ვაქეზებ, ვინმე დაიჭირეო, მაგრამ დამნაშავე რომ უნდა დაისაჯოს, ამას ყოველთვის ვიტყვი.
_ ანუ, სააკაშვილისგან უნდა დაიწყოს ბიძინა ივანიშვილმა მართლმსაჯულების აღსრულება?
_ რა თქმა უნდა. ოღონდ, ყველა უნდა დაისაჯოს. არც ისე უნდა მოხდეს, რომ მარტო სააკაშვილი დაისაჯოს და სხვებს შერჩეთ დანაშაული და არც ისე, რომ ახალაიები და რამდენიმე კაცი დასაჯონ, ეს შეაჩეჩონ ხალხს და ამით დასრულდეს ყველაფერი. ვიმეორებ: განსაკუთრებული კატეგორიის მძიმე დანაშაულის ჩამდენი უეჭველად უნდა დაისაჯონ, დანარჩენებზე კი, მოგახსენეთ, რა კანონი შეიძლება გავრცელდეს.
_ მაშინ ის თანამდებობის პირები რატომ არ უნდა დაისაჯონ, რომლებიც სააკაშვილთან იყვნენ წლების მანძილზე და მერე გადავიდნენ ოპოზიციაში?
_ ისინიც უნდა დაისაჯონ. ყველას, ვისაც დანაშაული დაუმტკიცდება, დასასჯელია და ოპოზიციონერობა და სააკაშვილის ბანაკიდან წამოსვლა არ გახლავთ ინდულგენცია. არა აქვს მნიშვნელობა, ვინ როდის გადავიდა ოპოზიციაში _ თუ დამნაშავეა, დასასჯელია. მე პერსონიფიცირებას ახლა მოვერიდები, მაგრამ თუ ვამბობთ და ეს გამოძიებით დადასტურდა, რომ ვინც 7 ნოემბრის დარბევაზე გასცა სანქცია, ის დამნაშავეა, მაშინ ყველა, ვინც დამნაშავეა უნდა დაისაჯოს.
_ მაშინ ნინო ბურჯანაძე იყო ხელისუფლებაში.
_ ხომ გითხარით, პერსონიფიცირებას მოვერიდები-მეთქი, თუმცა იმას ვიტყვი, რომ ვისაც დანაშაული დაუმტკიცდება, მან პასუხი უნდა აგოს აუცილებლად. ვინც 5 იანვრის არჩევნები გააყალბა, აუცილებლად დასასჯელია. ანუ, თუ ახლა ვიტყვით, მოდი, იმას ნუ დავსჯით, მერე სააკაშვილის ოპოზიციაში იყო, ეს კი დავსაჯოთ, რადგან ბოლომდე მიშას გვერდით იყოო, ეგრე არ გამოვა. ამგვარი მიდგომით სამართლებრივ სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ.
_ ნინო ბურჯანაძემ 3 თვიანი მორატორიუმი გამოუცხადა "ქართულ ოცნებას" _ ახალ ხელისუფლებას 3 თვე ოპონირებას არ გავუწევ, ვაცლი და მერე ვიაქტიურებთო...
_ მე არ ვეთანხმები ამგვარ მიდგომას. თუ ჩვენ გვინდა ავაშენოთ ევროპული დემოკრატია, მაშინ ამგვარი მორატორიუმები იქ მიუღებელია. მეტიც, ერთ ევროპულ სახელმწიფოს ვერ ნახავთ, სადაც ამგვარი რამ მომხდარიყოს. კრიტიკა ეხმარება ხელისუფლებას სწორედ იმაში, რომ შეცდომები არ დაუშვას და სწორედ მართოს ქვეყანა. ნინო ბურჯანაძის მორატორიუმით რა გამოდის? რომ ის მომხრეა, ხელისუფლებამ არასწორად მართოს და შეცდომებზე არ მიუთითოს? ან ამ 3 თვის მანძილზე, ხომ შეიძლება, ისეთი რამ გააკეთოს ხელისუფლებამ, რომლის გამოსწორებასაც მერე წლები არ ეყოს? მე არ მომწონს ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომ ბათუმში აზიზეის მეჩეთის აშენებას აპირებს. რა ვქნა? იანვრამდე ხმა არ ამოვიღო და დეკემბრიდან დავიწყო ამის გაპროტესტება, როცა მეჩეთი სანახევროდ აშენებული იქნება? მე ხაზგასმით მინდა ვთქვა _ "თავისუფალი საქართველო" არის ერთადერთი პრინციპული, ოპოზიციური პარტია, რომელიც აზიზეის მეჩეთთან დაკავშირებით, მუდამ ერთ პოზიციას აფიქსირებდა _ მეჩეთი არ უნდა აშენდეს! ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს სააკაშვილი იქნება პრეზიდენტი თუ ივანიშვილი პრემიერმინისტრი, ამ პოზიციას არ შევიცვლი.
_ არაერთ ოლქში მაჟორიტარები მოუხსენით "ქართულ ოცნებას", სანაცვლოდ რა მიიღეთ?
_ არც არაფერი მიგვიღია, ვფიქრობ, რომ რაღაც მცირე წვლილი ჩვენც შევიტანეთ ოპოზიციის გამარჯვებაში და ამის ნათელი დასტური იმ ხალხის, თუნდაც მხოლოდ ჩემს მიმართ დამოკიდებულებაა, რომელიც ქუჩაში მხვდება და მადლობას მეუბნება ამის გამო, საერთო ბრძოლაში მოკავშირედ მთვლის.
_ ამ ხალხის კეთილგანწყობა მომავალ არჩევნებში, შესაძლოა, პოლიტიკური დივიდენდების სახით დაგიხვდეთ წინ.
_ ვნახოთ, ყველაფერი შესაძლებელია, თუმცა, მე არანაირი დივიდენდების მოსაპოვებლად ეს არ გამიკეთებია, მე გვერდით დავუდექი ძალას, რომელიც ბოროტ ძალასთან იყო დაპირისპირებული.