ივერიონი / ახლა დიდგორი კაზანტიპია, ანუ, როგორ ცდილობენ გვათქმევინონ უარი ქართველობაზე!!!

ახლა დიდგორი კაზანტიპია, ანუ, როგორ ცდილობენ გვათქმევინონ უარი ქართველობაზე!!!

   გუშინ "ივერიონში" ერთი ჩვეულებრივი, ოღონდ, გულის ბუდიდან "ამომხტარი" სტატია დავდე: "ვა-ვა ანაკლია, ანუ, რატომ მრცხვენია ჩემი მეგრელობის!!!" 

სტატიას იმაზე მეტი დაინტერესება მოჰყვა, ვიდრე მე წარმომედგინა. ეტყობა, კაზანტიპის თემა ბურთივით გაეჩხირა ყელში საზოგადოებას, თან, "პროვოკაციულმა" სათაურმაც კარგად იმუშავა.

   მე, რომელიც ცივ ნიავს არასდროს არ  ვაკარებდი ჩემს  ულამაზეს კუთხეს და ვამაყობდი, რომ მეგრული წარმოშობის ვიყავი, გუშინ უკვე  ვაღიარე, რომ  მრცხვენია ჩემი მეგრელობის!

   ღმერთია მოწამე,  ეს ემოციურად წარმოთქმული ფრაზა არ არის. 

    სათითაოდ პასუხს ვერ გავცემ იმ კომენტარებს, რომელიც სტატიის გამოქვეყნებას მოჰყვა, მაგრამ ყურადღებას გავამახვილებ არსებით მომენტებზე  - უპირველესად ვთვლი, რომ ჩანაფიქრმა მიზანს მიაღწია-სტატია საკმაოდ მაპროვოცირებელი აღმოჩნდა კაზანტიპის მომხრეებისა  და მოწინაააღმდეგებისთვის. 

იმათ გასაგონად, ვინც  სამეგრელოს შეურაცხყოფაში მადანაშაულებს, პირდაპირ ვიტყვი: ყველაზე მეტად მე ვარ შეურაცხყოფილი ჩემი კუთხის წარმომადგენელთა ასეთი სულმდაბლობით-თურმე, სახლის რემონტში ჩაყრილი კაპიკები უფრო ღირებული ყოფილა მათთვის, ვიდრე, მოსალოდნელ აღვირახსნილობაში  (ამაში ეჭვი უკვე არავის ეპარება) თანაზიარობა!

  კაზანტიპი საქართველოს სხვა კუთხეში რომ ჩატარებულიყო, ვიტყოდი:  მრცხვენია ჩემი  ქართველობის მეთქი ( მეგრელობას ყოველთვის კუთხის სადემონსტრაციოდ ვუსვამ ხაზს) და იმ კუთხესაც ერთი-ორი  "ტკბილი" სიტყვით  შევამკობდი. 

   მინდა გულწრფელი მადლობა ვუთხრა იმ მრავალათასიან მკითხველს, რომელიც ჩემი სტატიით დაინტერესდა, მაგრამ გაცილებით უფრო დიდი მადლობის ღირსნი არიან ისინი, ვინც არ დაიზარა და საკუთარი კომენტარიც მოაყოლა.

   როგორც წესი, ყველა თავისი სამრეკლოდან რეკავს და უზენაეს ჭეშმარიტებად ასაღებს იმას, რაც მისთვის მისაღები  და ხელსყრელია. ეს განსაკუთრებით იმ ადამიანებს ეხებათ, ვინც თვლის, რომ, კაზანტიპი ერთი "წყნარი" ფესტივალია, სადაც ახალგაზრდებს  შეუძლიათ " თვალს წყალი დაალევინონ," ანუ,  ქვენა გრძნობები ბოლომდე დაიკმაყოფილონ, რადგან, უარს არაფერზე გეტყვიან და კაზანტიპის კონსტიტუციით და მისი შინაგანაწესით, შენც ვალდებული ხდები ამ წესს დაემორჩილო!...

   მადლობა ღმერთს (მომიტევოს უფალმა ასეთი მკრეხელობა) ნანატრი ევროპული თავისუფლება როგორც იქნა, გვეღირსა! სექსუალური თავისუფლების  მხარდაჭერაზე მეტად გამაღიზიანა იმ ადამიანების ქოთქოთმა, ვინც განმუხურელების და ანაკლიელების საქციელს ბანკიდან კრედიტის სახით გამოტანილი ფულის ამოღების აუცილებლობით  ამართლებს!

  სხვა არგუმენტები რომ მომესმინა, ალბათ ასეთი რეაქცია არ მექნებოდა სანამდე დავეცით- ვაი, სირცხვილო და უფრო დიდი ვაი ამ უზნეობის "გამპრავებელო!"

ვერ დავიჯერებ თქვენ ჩემზე მეტად გიყვართ სამეგრელო- ვინც ასე ფიქრობს, ის ყველაზე დიდი მტერია  ქართული იდენტობის და სრულიად საქართველოსი.

 ვერც იმ აკვიატებულ მოსაზრებას დავეთანხმები, ვინც თვლის, რომ კაზანტიპი საქართველოსთვის უცხო არ არის და ამის გარეშეც ქართული სული გახრწნილი და განადგურებულია. 

    ბატონებო და ქალბატონებო, მეც  ვხედავ, თანდათან უფალს როგორ ვშორდებით და წელამდე წუმპეში როგორ  ვეფლობით, მაგრამ კაზანტიპის მსგავსი  "ფესტივალის" ქართულ მიწაზე დაკანონებით, ხომ სოდომ-გომორულ ცოდვას ოფიციალურად ვაკანონებთ და ზედ ბეჭედსაც ვუსვამთ?!

   ერთ-ერთი კომენტატორი წერდა: რა გიკვირთ, მსოფლიოში ისეთი პროცესები მიდის, ლამისაა ცა ჩამოიქცეს და თქვენ კაზანტიპს მისტირითო.

    ჩემო კარგო, როგორც იტყვიან, ყველამ თავის მამიდას მიხედოს, ჩვენ კი ჩვენი სულების  გადარჩენაზე ვიფიქროთ. საქართველოს სხვა მისია აკისრია  უფლის წინაშე და ეს მისია გაცილებით მეტია, ვიდრე, კაზანტიპი და სხვა აღვირახსნილობებით მიღებული ეკონომიკური "კეთილდღეობა."

   ერთი რამ ცხადია: ჩვენი მოშვებულობის თუ უდარდელობის გამო უფალი კაზანტიპის სახით დიდ განსაცდელს გვიგზავნის.  განსაცდელი კი იმის განსაცდელია, ერი გამოაფხიზლოს!  ჩვენ კი ერთმანეთთან კინკლაობას ვუნდებით  და იმის კრიტიკაში ვართ = კაზანტიპი უპატიებელი ცოდვაა, თუ  ტურისტების სიუხვით მიღებული კეთილდღეობა, ან სრული სექსუალური თავისუფლება, რომელსაც ევროპული "ღირებულებით" ადამიანს ვერ დაუშლი ... სწორედ ამაშია ჩვენი უბედურება!

 დიახ, დიახ, საქართველოს უბედურება ქართველების მენტალობისა და ცნობიერების გაუკუღმართებაშია და არა ეკონომიკურ სიდუხჭირეში, რომელზეც ხშირად აპელირებენ! 

  ქედს ვიხრი იმ თანამემამულეების წინაშე, ვინც  საღად აფასებს რეალობას და მიიჩნევს, რომ ასეთი ნაბიჯებით ერი კატასტროფისკენ მიილტვის...

 თუმცა, ამის გაცნობიერება საკმარისი არ არის-საჭიროა მყისიერი მოქმედება, რომ საკუთარი ქვეყანა მოსალოდნელი კატასტროფისგან ვიხსნათ. სხვანაირად  ჩვენც  დავისჯებით!

    ერთი ჩემი ზუგდიდელი კოლეგა ამ დილით მწერდა, რომ სტატიებით ამ ბოროტებას  ვერ ვუშველით, მითუმეტეს, ანალოგიურ სტატიებს ანაკლიელები არ კითხულობენ  და არც მოსმენის სურვილი შეიძლება გაუჩნდეთ...

 მერე რა- ის,  ვინც კითხულობს, ვინც ისმენს, ვალდებულია განგაშის ზარი შემოკრას და დადგეს იქ, სადაც საქართველოს სულიერ მისიას არა მარტო   ბზარი უჩნდება,     არამედ სრულიად  ნადგურდება!

არც იმას ვმალავ, რომ მე გაცილებით მეტი პრეტენზია მაქვს დანარჩენ სამეგრელოსთან, ვიდრე, ანაკლიელებთან და განმუხურელეთან. 

   ჩემო ძვირფასებო!

   თუ თქვენს სულსა და ხორცს , თქვენს და-ძმებს თვალთ დაუბნელდათ და სული მინარევებისგან დაუმძიმდათ, ვალდებული ხართ, თვალის ახელაში და სულის "გასუფთავებაში" დაეხმაროთ- თქვენი დუმილი აშკარად დანაშაულის ტოლფასია.  სად გაქრა ამაყი  კოლხური სული , რატომ ხართ აქამდე შორიდან მაყურებლის პოზიციაში. გატყუებენ, როცა ამ ე.წ. "ფესტივალის"  უვნებლობაში გარწმუნებენ .

   მე პრეტენზია მაქვს საქართველოს საპატრიარქოსთან (მომიტევოს უფალმა თუ ეს მკრეხელობაა), რომელიც  მხოლოდ განცხადებებით შემოიფარგლა და საკუთარი    სამწყსო გაურკვეველ, მირაჟულ სიტუაციაში დატოვა.

    არ ვიცი, რამდენად ორგანიზებული და მასშტაბური იქნება 14 აგვისტოს საპროტესტო აქცია, მაგრამ  ეს საკმაოდ ფაქიზი საკითხია  და არასწორად გადადგმულმა ნაბიჯმა შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მოუტანოს ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას და სრულიად საქართველოს!

    თუ კაზანტიპი სოდომ- გომორის ტოლფასი ცოდვის დემონსტრირება  იქნება, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდმა თავის სამწყსოს სწორი  ორიენტირი უნდა დაუსახოს. ეს მისი პირდაპირი მოვალეობაა! 

   მე ასევე მწვავე კითხვები მაქვს საქართველოს მთავრობასთან, რომელიც დღემდე დუმილის პოზას ინარჩუნებს.

   რატომ გიღირთ ამ ვაკხანალიიდან შემოსულ კაპიკებს  ანაცვალოთ  საქართველოს სასიცოცხლო ინტერესები?!

   რატომ უსრულებთ ოცნებას მიხეილ სააკაშვილს ( ლევან ვასაძემ ადრე განაცხადა, რომ ეს მიხეილ სააკაშვილის ოცნება იყო)  და რატომ აგდებთ ერის ბედ-იღბალს ყოფნა-არყოფნის სასწორზე?! 

   თქვენ ხომ სხვა მისია დაგაკისრათ ქართველმა ხალხმა, როცა "ნაციონალურ" ჯოჯოხეთს ერთმნიშვნელოვნად უთხრა-არა! 

თქვენ ამბობთ, რომ  დემოკრატიულ სახელმწიფოს აშენებთ. თუ ესეც დემოკრატიული ღირებულებების  შემადგენელი ნაწილია, არ გვინდა ბატონო, ჩვენ  ასეთი დემოკრატია... 

  და ბოლოს: საქართველოს განსაცდელი- ახალი დიდგორი ელოდება! დღეს ეს  დიდგორი კაზანტიპია, რომელიც ისევე წარმსატებით უნდა დავლაშქროთ , როგორც ეს თავის დროზე შეძლეს სახელოვანმა  წინაპრებმა.

   ალბათ ბრძოლა საკმაოდ რთული იქნება, მაგრამ არც თუ ისე უიმედო. მთავარია, ქართველობაზე უარი არ გვათქმევინონ!          

   P.S. "ქართული ოცნების ერთ-ერთი ცნობილი სახე კოკა ყანდიაშვილი აპირებს თურმე ანაკლიაში ჩასვლას, რომ იქაური, "მუსიკალური ჰანგებით" დატკბეს და როგორც თვითონ ამბობს, საქმეც გააკეთოს!

   თუ მისი Facebook სტატუსით ვიმსჯელებთ, ყანდიაშვილს ეჭვიც არ ეპარება, რომ ფესტივალი "ძლევამოსილად" ჩაივლის და სამეგრელოც "მოღონიერდება."

ისე, სხვადსხვა გარემოებათა გამო მისი გადაწყვეტილება-კაზანტიპის ფესტივალზე ჩასვლა, არც გამკვირვებია.

 ზაურ ნაჭყებია.                                      

 

 

 

6-08-2014, 16:01
უკან დაბრუნება