ივერიონი / უპრეცედენტო სასამართლო პროცესი სახელმწიფოს დილემის წინაშე აყენებს

უპრეცედენტო სასამართლო პროცესი სახელმწიფოს დილემის წინაშე აყენებს

   8 ათასი ოჯახია დაზარალებული…

   მე მოვიგებ პროცესს და ვაიძულებ ხელისუფლებას ვალი გამისტუმროს...

 

   "მე 2009 წლის ივნისამდე გავიარე საქართველოს სასამართლო ინსტანციები და 2009 წლის ოქტომბერში სარჩელი შევიტანე ევროსასამართლოში. სარჩელის შეტანიდან ორი წლის შემდეგ მე ვთხოვე ევროსასამართლოს ჩემი საქმისთვის პრიორიტეტის მინიჭება. სტრასბურგმა მაცნობა, რომ თხოვნა დაკმაყოფილდა და განხილვა დაიწყება 2012 წლის პირველ ნახევარში. პარალელურად არ ვასვენებდი ფინანსთა სამინისტროს. თებერვლის დასაწყისში, სამართლის, ადამიანის უფლებათა და მართლმსაჯულების მიმართულების სამუშაო ჯგუფების გაერთიანებულ შეხვედრაზე მე მოვითხოვე, რომ "ქართულ ოცნებას" საადვოკატო დახმარება გაეწია დაზარალებულთათვის მიმდინარე ადმინისტრაციულ საუწყებო და სასამართლო საქმისწარმოებაში. ბატონი მინდიას თხოვნის შემდეგ ქალბატონმა რუსუდან შველიძემ რეკომენდაცია გამიწია ქალბატონ მანანა კობახიძესთან. ქალბატონმა მანანა კობახიძემ სთხოვა "კონსტიტუციის 42-ე მუხლს", რომ ჩართულიყო საქმეში ჩემი წარმომადგენლის სტატუსით. მე მათ გადავუგზავნე მასალები. "კონსტიტუციის 42-ე მუხლმა" გამგეობის სხდომაზე განიხილა, რატომღაც არ ჩათვალა ეს საქმე სტრატეგიული მნიშვნელობის საქმედ და უარი განაცხადა საადვოკატო მომსახურების გაწევაზე. ერთადერთი, რაც მათ გააკეთეს, თავიანთ სტაჟიორს დაავალეს, დამხმარებოდა სარჩელის მომზადებაში. სტაჟიორმა დავალების ფორმალური ხასიათიდან გამომდინარე, პატიოსნად, თავისი კვალიფიკაციის, გამოცდილების შესაბამისად, შეადგინა და გადმომიგზავნა სარჩელის ვარიანტი, სადაც მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებში სულ ერთი წინადადება იყო: "საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ემუხლი და 33-ე პრიმა მუხლი". სარჩელი მე თვითონ დავწერე და 24 თებერვალს შევიტანე სასამართლოში. მანამდე მას გაეცნო ქალბატონი მანანა კობახიძე. ფინანსთა სამინისტროს გააფთრებული წინააღმდეგობის მიუხედავად, მოსამართლემ ჯერჯერობით ვერ გაბედა გადახტომოდა კანონს, სარჩელი დასაშვებად ცნო და ჩანიშნა მთავარი სხდომა. სასამართლო პროცესი შესაძლოა, განვითარდეს მხოლოდ ორი მიმართულებით: ნოტარიუსად გადაქცეული სასამართლო ჩემს კანონიერ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს, ან მოხდება სასწაული და მოვიგებ სასამართლო დავას", _ ეს არის ამონარიდი იმ წერილიდან, რომელიც ჩემმა რესპონდენტმა ბესო საღარაძემ ბიძინა ივანიშვილს ხელიდან ხელში გადასცა.

უპრეცედენტო სასამართლო პროცესი, რომელიც წლების წინათ დაიწყო და, ასე ვთქვათ, 2012 წლის შემდეგ "გახურდა", სახელმწიფოს დილემის წინაშე აყენებს: თუ სასამართლო დააკმაყოფილებს კერძო პირის, ბესო საღარაძის სარჩელს და დაადგენს "კომუნისტური გადმონაშთის" ვალის გასტუმრების წესს, გამოდის, რომ პრეცედენტი დაშვებულია და არა მხოლოდ საღარაძეს, არამედ ათასობით დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზარალი. ვერც სასამართლო და ვერც ნებისმიერი ხელისუფლება ვერ გაექცევა რეალობას _ სახელმწიფომ თავის დროზე შიდა ვალი აღიარა და ამ ვალის გასტუმრება დღემდე მხოლოდ იმიტომ არ ხდებოდა, რომ ფინანსთა სამინისტროს არ აქვს შემუშავებული ვალის დაფარვის წესი, რაც დაახლოებით 12-13 წლის წინათ უნდა გაეკეთებინა და ახლა შორს წაგვიყვანს იმაზე მსჯელობა, რატომ არ აღსრულდა კანონი.

    ბესო საღარაძე, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული:

_ მე ვსაუბრობ 8 ათასი დაზარალებულის პრობლემაზე. სარჩელი შევიტანე შარშან, რომელსაც ჯერ მოსამართლე ბუსკაძე განიხილავდა, მან პირველი მოსამზადებელი სხდომა ჩაატარა 2014 წლის 24 თებერვალს, რამდენიმე კვირის წინ გავიგეთ, რომ ჩვენი სარჩელის განხილვა ბუსკაძემ ქალბატონ ნინო ბუაჩიძეს გადააბარა, მოტივად დასახელდა სასამართლოს გადატვირთულობა.

_ ერთწლიანი პერიოდის შემდეგ?

_ ასე გამოვიდა. სარჩელში მე მოპასუხედ დასახელებული მყავდა საქართველოს მთავრობა, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, მესამე პირად მოვითხოვე, ჩაესვათ შიდა სახელმწიფო ვალის პროგრამათა შემსწავლელი კომისია. მოსამზადებელ სხდომაზე მთავრობის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ის არ არის მოპასუხე და ამოერიცხათ სიიდან. მთავრობის შუამდგომლობას დავეთანხმე, მაგრამ შემხვედრი შუამდგომლობით მივმართე, მთავრობა მესამე პირის სტატუსით ჩართულიყო. მოსამართლე დაეთანხმა ჩემს შუამდგომლობას და 2014 წლის თებერვალში მთავრობა მესამე პირად იქნა ჩართული.

_ რატომ არ შეიძლება მოპასუხე ყოფილიყო მთავრობა?

_ კანონით, ვალდებულება ჩვენს მიმართ დავალიანების დაფარვის წესის შემუშავებისა მხოლოდ ფინანსთა სამინისტროს ევალება და არც ერთ სხვა უწყებას.

_ თავიდანვე რატომ უნდა ყოფილიყო მესამე პირად მთავრობა დასახელებული?

_ მთავრობა 2014 წლის 24 თებერვალს გამოტანილი განჩინების ძალით სასამართლომ მესამე პირად ჩასვა საქმეში, რაც იმას ნიშნავს, რომ მას აკისრია მოპასუხის ყველა უფლებამოსილება და ვალდებულება.

_ ანუ გარანტი მთავრობაა, ასე გამოდის, თუ ფინანსთა სამინისტრო, თქვენი მოგების შემთხვევაში, სასამართლოსგადაწყვეტილებას არ შეასრულებს.

_ დიახ, მაგრამ მთავრობამ კერძო საჩივრით გაასაჩივრა გადაწყვეტილება და სააპელაციო საჩივარში მიუთითა, რომ ამ წესის შემუშავების ვალდებულება აქვს მხოლოდ ფინანსთა სამინისტროს და სხვას არავისო და მოითხოვა მესამე პირის სტატუსის მოხსნა. სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა მთავრობის ეს მოთხოვნა და მოპასუხედ დარჩა მხოლოდ ორი სუბიექტი _ ფინანსთა სამინისტრო და პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი.

_ ეს თქვენთვის ძალიან დიდი ტრაგედია არ უნდა ყოფილიყო.

_ პირიქით, უკეთესია, იმიტომ რომ სააპელაციოს განჩინებაში, რომელიც საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება, წერია, რომ ფინანსთა სამინისტროს ვალდებულებაა, შეიმუშაოს გასტუმრების წესი. ანუ, რასაც მე ვითხოვ სარჩელში, დაევალოს ფინანსთა სამინისტროს შეიმუშაოს წესი, ამით დადასტურდა, თავისდაუნებურად ამაში მთავრობა დამეხმარა... სარჩელის შეტანამდე იყო წინაპირობა: საქართველოში კოოპერაციული ბინათმშენებლობა ხორციელდებოდა 80-90-იან წლებში... ჩვენი შეტანილი ფული მაშინდელი საბანკო სისტემის მიხედვით გადადიოდა მოსკოვში ცენტრალურ ანგარიშზე. სსრკ რომ დაიშალა, მანეთებში შეტანილი ჩვენი სახსრები უკვე რუსეთის ბანკში დარჩა. 1997 წელს მაშინდელმა მთავრობამ ჩვენი ფული გამოიყენა, როგორც ფინანსური აქტივი, სახელმწიფო ვალდებულებების ჩასათვლელად რუსეთის ფედერაციის წინაშე, ანუ სახელმწიფო ვალი გაისტუმრა ისე, რომ ჩვენთვის არც არაფერი უკითხავს. ამის შემდეგ იძულებული გახდნენ, სახელმწიფოს შიდა ვალად ეღიარებინათ ეს დავალიანება, რაშიც დიდი წვლილი იყო საერთაშორისო ორგანიზაციების, რომელთაც ზეწოლა მოახდინეს, რათა შიდა ვალად ეღიარებინათ ჩვენი ვალი. სსრკ-ს მთელ ტერიტორიაზე მოხდა ვალად აღიარება და ამას საქართველო ვერ გამოაკლდებოდა. ყველა ხელისუფლება, რომელიც არსებობდა, აღიარებდა ამ ვალს, სტრასბურგმა კი განაცხადა, რაკი ვალის აღიარება მოხდა, ადამიანის უფლებები არაა დარღვეულიო და ამიტომ ცნო დაუშვებლად სარჩელები. ანუ ჩვენ ის კი არ უნდა გვეჩივლა, გინდა თუ არა, ფული მოიტანეთო, არამედ წესის შემუშავება უნდა მოგვეთხოვა და ამ წესის საფუძველზე უნდა დაიწყოს ვალის გასტუმრება.

_ მაგრამ მას შემდეგ სასამართლო არავის მოუგია, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებული ძალიან ბევრია.

_ ვერც ერთ საქმეს ვერ მოიგებდა კოოპერატიული ბინათმშენებლობა, იმიტომ რომ არაკვალიფიციურად შედგენილი სარჩელები იყო. მხოლოდ ესაა პრობლება, სხვა არ არსებობს. სარჩელებში არაკვალიფიციური მოთხოვნა იყო დაყენებული. ითხოვდნენ ვალის ანაზღაურებას და სახელმწიფოს ჰქონდა პასუხი. კანონით სახელმწიფო ვალის შესახებ სახელმწიფომ აღიარა სახელმწიფო დავალიანება და მიუთითა, რომ ამ დავალიანების ანაზღაურების წესი შეიმუშაოს ფინანსთა სამინისტრომ, რასაც პარლამენტის კომიტეტს შეუთანხმებსო, მაგრამ ეს პროცედურა შეასრულოს 1998 წლის 1-ელ სექტემბრამდეო. ანუ კანონი არის, მაგრამ აღსრულება რომ მოხდეს, შესაბამისი ნორმატიული აქტი უნდა არსებობდეს, რაც დღემდე არ არსებობს. სასამართლო აცხადებდა, რომ არ არსებობს წესი და ამიტომ ვერ მოხდება ანაზღაურება. თუკი არ არსებობს სამართლებრივი წესი, ბიუჯეტში ასიგნაციის ჩადება ვერ მოხდებოდა. ჩვენ მოვითხოვთ წესის შემუშავებას, რაც აღსრულებას გულისხმობს.

_ სწორად მიგიგნიათ, მაგრამ ერთი წელია მიდის უკვე პროცესი.

_ წინა ისტორია იყო ასეთი: 2011 წლიდან მე გახლავართ საზოგადოებრივი ორგანიზაცია "ქართული ოცნების" სამართლის, მართლმსაჯულებისა და ადამიანის უფლებათა სამუშაო მიმართულების წევრი. ამ ჯგუფში არიან მინდია უგრეხელიძე, სოსო ბარათაშვილი, მარიამ ცაცანაშვილი, გელა ნიკოლაიშვილი და სხვები. 25 წევრიდან მხოლოდ მე ვარ ფიზიკოსი, სხვები ყველანი უმაღლესი კვალიფიკაციისა და პრაქტიკის მქონე იურისტები არიან. "ქართულ ოცნებაში" ეს პრობლემა მე გავახმაურე. ყველა დამეთანხმა, რომ შეგვემუშავებინა პრობლემის გადაწყვეტის გზები და დავწერე კონცეფცია. 2012 წლის თებერვლის დასაწყისში სამუშაო ჯგუფს გვითხრა, რომ უნდა ჩატარებულიყო მიმართულების გაერთიანებული სხდომა რომელსაც დაესწრებოდა ბიძინა ივანიშვილი. ესაა წინასაარჩევნო პერიოდი და ბუნებრივია, რაკი შესაძლებლობა მომეცა, პრობლემაზე მესაუბრა, ამ შანსს ხელიდან ვერ გავუშვებდი. 27 თებერვალს შედგა ადამიანის უფლებათა ჯგუფის სამუშაო შეხვედრა. შეხვედრის მიზანი იყო წინასაარჩევნო მესიჯების მომზადება, რომლითაც ამომრჩეველს უნდა მიმართოს მომავალმა ასარჩევმა. შეხვედრაზე პირველმა ისაუბრა ქალბატონმა ნანა კაკაბაძემ. მან თქვა, რომ უკანონო პატიმრებს უნდა შევპირდეთ სამართლიანი სასამართლოს ჩამოყალიბებას და შედეგად მათ განთავისუფლებას. ამაზე თავისი აზრი ჯგუფის რამდენიმე წევრმა გამოთქვა. ისინი სასამართლო პროცედურულ საკითხებს შეეხნენ და საკითხის საერთაშორისო ორგანიზაციებში გახმაურების ვალდებულება იკისრეს. გელა ნიკოლაიშვილმა დააყენა ამნისტიის წინადადება. მე ვთქვი, რომ არსებული საარჩევნო გარემოს პირობებში შეუძლებელია არჩევნების მოგება ნებისმიერი არასახელისუფლებო ძალის, მათ შორის "ქართული ოცნების" მიერ, შემდეგ გარემოებათა გამო, და ჩამოვთვალე ეს გარემოებები. მე მთხოვეს მესიჯების პროექტის ჩამოყალიბება ჩემს ნაწილში. მე შევთავაზე არა მესიჯი, არამედ ქმედება: მომავალმა ასარჩევმა სუბიექტმა შეიძინოს დაზარალებული ამომრჩევლებისგან მოთხოვნის უფლება – განხორციელდეს ფაქტორინგის ოპერაცია. ამას დაუყოვნებლივ მოჰყვება კონტროლის პალატის შესაბამისი რეაქცია. ჩვენ მაშინვე ვაუქმებთ ფაქტორინგის ხელშეკრულებას და საარჩევნო სუბიექტი ამ ფაქტს იყენებს წინასაარჩევნო კამპანიაში. ჯგუფის წევრების რეაქცია ჩემს წინადადებაზე: სოსო ბარათაშვილი: უხერხულია ასეთი წინადადების დაყენება, მაგრამ კენჭისყრით გადავწყვიტოთ საკითხი; ქალბატონი ნანა კაკაბაძე წინააღმდეგი იყო: რა დააშავეს მეანაბრეებმა. ერთ-ერთი მათგანი მეც ვარო. ერთადერთი, ქალბატონი მარიამ ცაცანაშვილი იცავდა ჩემს თვალსაზრისს. მე დავსვი რიტორიკული შეკითხვები: უხერხულია ვისთვის, ამომრჩევლისთვის თუ ასარჩევისთვის? როგორ მოახერხა პოლიტპატიმარმა (ნანა კაკაბაძე ვიგულისხმე) მეანაბრის სტატუსის მოპოვება? ამ რიტორიკის შემდეგ კენჭისყრა აღარავის გახსენებია. საბოლოოდ მითხრეს, თავში ქვა იხალე, ჩამოწერე მოსაზრებები და თავად მიეცი ეს წერილი ივანიშვილს ხელიდან ხელშიო. გაიმართა შეხვედრა, ყველაფერი ეს (გარდა 14 მარტის სასამართლო სხდომის ანგარიშისა), ოღონდ შერბილებული ფორმით, ხელიდან ხელში გადავეცი ბიძინა ივანიშვილს 2012 წლის 6 მარტს საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული ოცნების" სამართლის სისტემის, ადამიანის უფლებათა და მართლმსაჯულების მიმართულების გაფართოებულ შეხვედრაზე. ის შემპირდა, რომ გაეცნობა და აუცილებლად დამიკავშირდება. დღემდე არანაირი შეტყობინება მისგან არ ყოფილა.

_ არავინ გამოგეხმაურათ?

_ მივგორდი ჩემი "კალიასკით" (ბატონი ბესო ინვალიდია) ბატონ ბიძინასთან, ხელიდან ხელში გადავეცი წერილი. მან მითხრა, გავეცნობი ამ ყველაფერს და მაქსიმუმ 1 კვირაში გამოგეხმაურებით და ვისაუბროთ ამ თემაზეო. ეს მოხდა 2012 წლის 6 მარტს, დღემდე არავინ დამკავშირებია და არავის უკითხავს, რა ხდებაო. 8 ათასი ოჯახია დაზარალებული, საშუალოდ სამზე გაამრავლეთ, 24 000 ადამიანის ბედს ეხება ეს, მხოლოდ მე ხომ არ ვარ დაზარალებული და თუნდაც მხოლოდ მე ვიყო დაზარალებული... საქმე ისაა, რომ მე ეს საკითხი დავაყენე მათ წინაშე, ვინც არჩევნებამდე მუშაობდა ეკონომიკურ საკითხებზე, მათ შორის ფინანსთა დღევანდელი მინისტრის ნოდარ ხადურის წინაშეც და შედეგი არაფერი! ხადურმა თავი გაიგიჟა მაშინ, არავითარ შემთხვევაშიო, წინასაარჩევნო პროგრამაში ორი წინადადება ჩასვეს ამ თემაზე _ ეს პრობლემა არსებობს და პრიორიტეტად დავსახავთ საკითხს და უმოკლეს ვადაში გადავწყვრტთო, მას შემდეგ არაფერი შეცვლილა. კვალიფიციური იურისტიც კი არ მომცა "ქართულმა ოცნებამ". როცა 2012 წლის დასაწყისში დავა დავიწყე, პირველი პროცესი წავაგე, აპელაციაც წავაგე, საქმე უზენაესში გადავიდა, ამასობაში ჩატარდა 2012 წლის არჩევნები, ხელისუფლება შეიცვალა და მივმართე მთავრობას, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს და ფინანსთა სამინისტროს _ შევიმუშაოთ წესი და მივცეთ მას კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის ძალა, თორემ ჩემი სარჩელი ერთადერთია, რომელიც დასაშვებად ცნო სასამართლომ და მოვიგებ ამ პროცესს-მეთქი. მართალია, მე ჩივილი ნაციონალური ხელისუფლების დროს დავიწყე, მაგრამ დღეს წაგება თქვენ დაგეწერებათ-მეთქი, ვთქვი. გაიგიჟა თავი ხელისუფლებამ და არაო. უზენაესმა სასამართლომ გააუქმა ყველა ის გადაწყვეტილება, რომლითაც მე მქონდა წაგებული პროცესი, როგორც აბსოლუტურად დაუსაბუთებელი და ხელახლა განსახილველად უკან დააბრუნა, შესაბამისად, დაიწყო პროცესი. ახლა თავიდან დაიწყო პროცესები და ფინანსთა დღევანდელი სამინისტრო ერთიერთზე იმეორებს ყველა წინადადებას, რომელსაც მე ნაციონალური ხელისუფლების დროს მეუბნებოდნენ, ამიტომ ვერ ვხედავ ხელისუფლებებს შორის სხვაობას ამ თემის გარშემო. ვაგრძელებ ამ დავას და მოვუგებ, მერე სად გამექცევიან, ეს მაინტერესებს.

_ თუ მოიგებთ, რას მიიღებს სახელმწიფო და თუ წააგებთ, ამ შემთხვევაში რას მოიგებს ნოდარ ხადური?

_ შედეგად დადგება ის, რომ იძულებული გახდება, წესი შეიმუშაოს, მიანიჭოს მას კანონქვემდებარე აქტის ძალა და გაისტუმროს თავისი ვალდებულება მოქალაქეების წინაშე. ეს სახელმწიფოს უპირველესი ფუნქციაა... მე პროცესს არ წავაგებ, აქ რომ წავაგო, სტრასბურგში მაინც მოვიგებ, ყველა ვარიანტში მოვიგებ, მაქსიმუმ 6 თვე გაჭიანურდება ეს სტრასბურგში. ბიუჯეტში ფული არის, მე ვითხოვ არა ეგრევე გასტუმრებას, არამედ წესს. მინდა გითხრათ, რომ მე და იურისტმა ზურაბ ნონიაშვილმა დავწერეთ პროექტი, როგორ უნდა მოხდეს ვალის გასტუმრება და მივაწოდეთ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტსა და მთავრობას. ჩვენ დავურთეთ ამ პროექტს ძალიან მაღალი კვალიფიკაციის მეცნიერების შეფასებები, 2012 წლის დეკემბერში მივეცით ეს წესი მათ, წაკითხულიც კი არ აქვთ. ანუ ის, რაშიც ხელფასს ვუხდით ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებს, ჩვენ გავაკეთეთ და არც წაიკითხეს.

_ სამაგიეროდ პრემიების გამოწერა და რესტორნებში სიარული ეხერხებათ.

_ კი, ბატონო... 2004 წელს შექმნეს კომისია, რომელსაც 2006 წლამდე ჰქონდა ვადა, შემდეგ ყოველ წელიწადს თითო წლით უგრძელებდნენ ვადას, დღევანდელმა ხელისუფლებამ 2014 წლის 1 იანვრამდე გააგრძელა ვადა, შემდეგ კი 2015 წლის 1-ელ იანვრამდე. გარდა ამისა, დროებითი მოქმედების ნორმატიული აქტია ეს და არაგონივრული ვადით მისი გახანგრძლივება იწვევს საქართველოს მოქალაქეების უფლებების შელახვას, ძირს უთხრის საკანონმდებლო წესრიგს, რაც ხალხსა და ხელისუფლებას აშორებს ერთმანეთს. ამ კომისიამ 10 წელიწადში მხოლოდ 6 სხდომის ჩატარება მოახერხა, არც ერთი პროექტი არ გაუკეთებიათ და არც ერთი რეკომენდაცია არ წარუდგენიათ პარლამენტისთვის ან სამინისტროსთვის. მე მოვიგებ პროცესს და ვაიძულებ ხელისუფლებას ვალი გამისტუმროს...

 

   წყარო:-დარეჯან მეფარიშვილი, გაზეთი "პრემიერი"

 

 

6-08-2014, 16:48
უკან დაბრუნება