საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი The Wall Street Journal-ს პასუხობს. რედაქციის მიერ სააკაშვილისთვის ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ სტატიას წულუკიანი წერილს უძღვნის:
"საქართველო არ უბრუნდება ავტორიტარიზმს. მიხეილ სააკაშვილის საქმის გამოძიება არ უკავშირდება პოლიტიკას. ის უკავშირდება სამართლიანობას. თქვენს სარედაქციო სტატიაში - "ქართული სირცხვილი", საქართველო მოხსენიებულია, როგორც დემოკრატიული პრინციპების მოღალატე, ხოლო მოქმედი ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის მთავრობის წინააღმდეგ მიმართულ "პოლიტიკურ შურისძიებაშია" დადანაშაულებული.
საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით, მე კატეგორიულად ვაპროტესტებ აღნიშნულ მოსაზრებებს. ახლა, როგორც არასდროს, ჩვენ ფოკუსირებული ვართ ძლიერი დემოკრატიის მშენებლობაზე, რაც დამოუკიდებელი და ობიექტური სასამართლო სისტემის შექმნით გამოიხატება. საქართველო, რომელმაც დიდ დემოკრატიულ პროგრესს მიაღწია 2012 წლის ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, თავისი საერთაშორისო პარტნიორებისგან დიდ ნდობას იმსახურებს და სწრაფად განაგრძობს სვლას ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.
აშშ სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ვიქტორია ნულანდმა ახლახან დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ მიღწეული "თვალსაჩინო პროგრესი" დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების გზაზე. მან ასევე ხაზი გაუსვა ნატო-ს, ეუთოს, ევროსაბჭოს, არასამთავრობო ორგანიზაციების (როგორიცაა "ფრიდომ ჰაუსი") მიერ საქართველოს მიმართ გაკეთებულ შეფასებებს. ევროკავშირი გამოეხმაურა ამ პოზიტიურ ძვრებს და დააჩქარა საქართველოსთან შორს მიმავალი პოლიტიკური და სავაჭრო ხელშეკრულების ხელმოწერა. ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ბრალის წაყენება მოხდა არა საქართველოს ხელისუფლების მიერ, როგორც ამას სარედაქციო სტატია გულისხმობდა, არამედ საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ, რომელიც 2013 წელს იუსტიციის სამინისტროსგან დამოუკიდებლად ჩამოყალიბდა, როგორც საქართველოში გატარებული ფართო რეფორმების ნაწილი. მიხეილ სააკაშვილისა და ზოგიერთი მისი ყოფილი კოლეგის წინააღმდეგ აღძრული საქმეები შორს არის ტრივიალურობისგან და სრულად უნდა იქნას გამოძიებული. პროკურატურამ მიიღო თითქმის 20 ათასი მოქალაქის საჩივარი ყოფილი მმართველი პარტიის მიერ ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევის თაობაზე. ხელისუფლებას გააჩნია კანონიერი ვალდებულება, გამოიძიოს ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები. სააკაშვილს ბრალი ედება ძალადობრივი გზით მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევასა და მედიაზე ზეწოლასთან დაკავშირებით, როგორც ამას "ჰუმან რაითს ვოჩ"-ი ადასტურებს. 2007 წელს მომხდარმა ამ სამარცხვინო ქმედებებმა საერთაშორისო შეშფოთება გამოიწვია, რასაც მოჰყვა მოთხოვნები დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემის თაობაზე. საქართველოს წარსულში მართლაც ბევრი სამარცხვინო გვერდია, მაგრამ 2007 წლის მოვლენები გადამწყვეტი მომენტია. დაზარალებულებს უფლება აქვთ მიიღონ პასუხი თავიანთ საჩივრებზე. ბატონი სააკაშვილის საქმეზე მიმდინარე დამოუკიდებელი გამოძიება უნდა მიჰყვეს ფაქტებს, იმოქმედოს გამჭვირვალედ და დაიცვას კანონი. ეს არ არის პოლიტიკა, ეს არის სამართლიანობა", - აღნიშნულია წულუკიანია წერილში.