ივერიონი / რა თამაშს თამაშობს კახი კალაძე და გახდება თუ არა იგი ახალი პოლიტიკური პარტიის ლიდერი?!

რა თამაშს თამაშობს კახი კალაძე და გახდება თუ არა იგი ახალი პოლიტიკური პარტიის ლიდერი?!

    ქართული მედია "ქრონიკა +"-ზე დაყრდნობით "შოკისმომგვრელ" ინფორმაციას ავრცელებს- "ოცნების" ერთ- ერთი გამოკვეთილი სახე კახი კალაძე თურმე საკუთარ გუნდს  აუჯანყდა და მმართველი პარტიისა და დაკავებული თანამდებობების დატოვებას აპირებს. 

  მიზეზი თურმე თანაპარტიელების  მხრიდან იმედის გაცრუება ყოფილა-მათ არ შეუსმენიათ კალაძის კატეგორიული მოთხოვნა: არ დაენიშნათ  გიორგი შიხიაშვილი წამყვან თანამდებობაზე. იმასაც წერენ, რომ პარტიის გენერალური მდივანი  თბილისის ახლადარჩეულმა მერმა  დავით ნარმანიამაც გადააგდო და 200 აქტივისტი, ვინც ლომის წილი შეიტანა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ძლევამოსილად დაგვირგვინებაში. უსამსახუროდ დატოვა!

   "ქრონიკა +"-ს ასეთი ექსკლუზივები ნამდვილად არ აკლია.  მითუმეტეს, კახი კალაძის სახელთან დაკავშირებული აჟიოტაჟის  აგორება  ძალიან სასარგებლოა მისი იმიჯისთვის. თუმცა, მთავარია, არის თუ არა ეს ექსკლუზივი რეალობასთან ახლოს და მართლა აუჯანყდა თუ არა კალაძე თანაგუნდელებს?!

  არაფერია გამორიცხული .  შიხიაშვილი და ნარმანია შეიძლება მხოლოდ მიზეზი იყოს ივანიშვილის ერთ-ერთი გამორჩეული ფავორიტის   მხრიდან  ასეთი ემოციური ნაბიჯის კიდევ ერთხელ გადასადგმელად.

  ჩვენ გვახსოვს კალაძის ანალოგიური ტრიუკები ივანიშვილის  პრემიერ-მინისტრობის დროსაც, რომელიც  ბერას  "მეცადინეობით"  მშვიდობიანად დამთავრდა. რაც შეეხება დღევანდელ ინფორმაციას კალაძის გაჯიუტებაზე, უფრო სხვა სარჩული შეიძლება ჰქონდეს  - ბრძოლა გავლენის სფეროების გასაფართოებლად, რომელიც ორ ფავორიტს შორის სერიოზული დაპირისპირებით შეიძლება დასრულდეს. (მეორე ფავორიტში ვისაც ვგულისხმობ, ალბათ მკითხველი მიხვდება).

   როგორც "ოცნებასთან " დაახლოებულმა პირმა მითხრა, სავარაუდოდ, ეს ყველაფერი თამაშია და "ოცნების" სატელიტი  პოლიტიკური სუბიექტის დაფუძნებას  ისახავს მიზნად. 

   ჩემი აზრით, კალაძე ან საერთოდ  წავა  პარტიიდან და მთავრობიდან, ან ახალ  პოლიტიკურ პარტიას  დააფუძნებს და ამით ახალი ოპოზიციური ნიშის დაკავებასაც შეეცდება, რაც თავისთავად ჯდება ივანიშვილის ინტერესებშიც. ( კოალიციის რეიტინგის კატასტროფულად დაცემა ადგილობრივი თვითმმართველოის  არჩევნებზე ამომრჩეველთა პასიურობამაც დაადასტურა).  

  ხოლო, თუ კალაძის მხრიდან გავლენის სფეროების გაფართოებაზეა საუბარი, ან იგი შეურაცხყოფილია  თანაგუნდელების საქციელის გამო , რომლებმაც მის თხოვნას ანგარიში არ გაუწიეს. საქმეში ივანიშვილი ჩაერთვება და კალაძე  "ჩვეულ" ფორმას დაუბრუნდება .

   თუ კალაძის განრისხება რეალურია და არა ჟურნალისტების ფანტაზია, ზემოთხსენებული ორი ვერსიიდან მე მაინც პირველს ვანიჭებ უპურატესობას - ეჭვი არ მეპარება, რომ მას მხარდამჭერები გამოუჩნდებიან და საკუთარ ნიშასაც დაიკავებს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, რაც "ნაციონალების"  პოლიტიკური ავანსცენიდან განდევნისა  და მეორე ოპოზიციურ ძალად ჩამოყალიბდებისკენ იქნება მიმართული. 

   მითუმეტეს, კალაძის გარშემო საზოგადოების ყურადღების ცენტრის ფოკუსირებაც მოხდება. თუ ეს ვერსია რეალობასთან ახლოსაა, სწორედ კალაძის მიერ შექმნილი პოლიტიკური პარტია  იქნება ის "ახალი" ძალა, რომელზეც მოთხოვნაა დღეს საზოგადოებაში.

   ისე, საინტერესოა, რა თამაშს თამაშობს კახი კალაძე?! დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები და ჩადგება თუ არა იგი ახალი პოლიტიკური რეალობის ავანგარდში.

 საბა საბახტარაშვილი 

 

7-08-2014, 14:06
უკან დაბრუნება