ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლებისა და სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე სისხლის სამართლის პასუხიგებაში მისცა შპს "ჯეო მენეჯმენტის" ყოფილი დირექტორი ირაკლი ებრალიძე და "სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს" საწარმოთა მართვის სამმართველოს ყოფილი მთავარი სპეციალისტი ბაჩუკი ნოზაძე.
2012 წლის 10 ოქტომბერს დაიწყო სახელმწიფოს კუთვნილი საწარმოების "სახელმწიფო უზრუნველყოფის", "სახელმწიფო უზრუნველოყოფის სერვისის", "ივენთ პროტოკოლ ჯგუფის" და "ჯეო მენეჯმენტის" ლიკვიდაციის პროცესი, რომელიც დასრულდა 3 დღეში. ოთხივე საწარმო ემსახურებოდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფუნქციონირებას. სალიკვიდაციო პროცესის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, სსიპ "სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ" გამოსცა ბრძანებები, რომელთა საფუძველზეც ერთ-ერთი ლიკვიდირებული ფირმიდან ამოღებულ იქნა 800 000 ლარი, რაც გადაირიცხა "ჯეო მენეჯმენტი"-ს კაპიტალში, შემდგომი მართლსაწინააღმდეგო დაუფლების მიზნით.
სალიკვიდაციო პროცედურები წარიმართა საქართველოს კანონდებლობის უგულველყოფით. გარდა ამისა, განზრახ დამალეს შპს "ჯეო მენეჯმენტის" საბანკო ანგარიშზე 800 000 ლარის არსებობა და საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების მიუხედავად თანხა დარჩა საბანკო ანგარიშზე. ამ დანაშაულებრივი სქემით საწარმოს ყოფილი დირექტორი და ლიკვიდატორი ირაკლი ებრალიძე მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა სახელმწიფოს კუთვნილ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხას. საგამოძიებო სამსახურის მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად დანაშაულებრივი განზრახვა ბოლომდე ვერ იქნა მიყვანილი და შპს "ჯეო მენჯემენტის" საბანკო ანგარიშზე განთავსებული თანხის დიდ ნაწილს დაედო ყადაღა, შემდგომში კი მიქცეული იქნება სახელმწიფო ბიუჯეტში.
პასუხისმგებლობისაგან თავიდან დაღწევის მიზნით ირაკლი ებრალიძემ და ბაჩუკი ნოზაძემ თავი აარიდეს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას, რის გამოც მათ მიმართ ძებნა გამოცხადდა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილი "ბ" ქვეპუნქტით და 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.