ივერიონი / "რატომ მრცხვენია ჩემი მეგრელობის" არ ნიშნავს, ვინმეს უფლება მივცე- სამეგრელოს გადაუაროს!

"რატომ მრცხვენია ჩემი მეგრელობის" არ ნიშნავს, ვინმეს უფლება მივცე- სამეგრელოს გადაუაროს!

   აუცილებელი განმარტება

   სამწუხაროდ, უკვე მეორედ მიხდება გავაკეთო აუცილებელი განმარტება "ივერიონში" გამოქვეყნებულ ჩემს სტატიაზე:"ვავა- ანაკლია, ანუ, რატომ მრცხვენია ჩემი მეგრელობის!".      

   როგორც მოსლოდნელი იყო, სტატიამ  სკანდალური სათაურიდან და შინაარსიდან გამომდინარე,   საკმაოდ დიდი დაინტერესება გამოიწვია. ამაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ ორი დღის მანძილზე  თითქმის 30 000- სზე მეტმა მკითხველი წაიკითხა.

   ამჯერად სტატიის შინაარსს არ გავიმეორებ,  უბრალოდ,  "ივერიონის" ერთგულ  მკითხველს შევახსენებ, რომ  იქ საუბარი იყო 20-დან 30აგვისტომდე  ანაკლიაში დაგეგმილ კაზანტიპის ე.წ  მუსიკალურ ფესტივალზე, სადაც სიტყვა "ფესტივალი" მხოლოდ შირმაა  და სინამდვილეში სექსუალური აღვირახსნილობის პრაქტიკასთან გვაქვს საქმე-პლიუს ნარკოტიკული საშუალებების გამოყენების თავისუფლება. 

  მე სინანულს გამოვთქვამდი ადგილობრივი მოსახლეობის (იგულისხმება ანაკლია და განმუხური ) განწყობის გამო, რომელიც საკუთარი მოკლევადიანი ეკონომიკური კეთილდღეობის მოტივით ცდილობენ გაამართლონ კაზანტიპის ე.წ ფესტივალის ჩატარების იდეა. 

  სტატიაში ვთქვი და ახლაც ვიმეორებ: არანაირი ეკონომიკური სიდუხჭირე და ოჯახური ტიპის  სასტუმროების კეთილმოსაწყობად გამოტანილი კრედიტები არ ამართლებს ადგილობრივი მოსახლეობის დამოკიდებულებას იმ ადამიანებისადმი, ვინც ამ ტიპის "ფესტივალის" ჩატარებაში საშიშროებას ხედავს. განსაკუთრებით გამაღიზიანა მათმა გამონათქვამმა, რომ,"მღვდლებს თავს გაუტეხავენ". 

  მართალია, ეს სამეგრელოს მოსახლეობის საერთო განწყობა  არ არის, მაგრამ გულწრფელად მრცხვენია, რომ ჩემი კუთხის წარმომადგენლები  ასეთ სულმდაბლობამდე დავიდნენ- არა აქვს მნიშვნელობა, ისინი ამ აღვირახსნილობის ბრმა მხარდაჭერები არიან  თუ არა!

სამწუხაროდ, ბევრმა პროვოკატორმა ჩემი ღია პროტესტი სათავისოდ გამოიყენა და სტატიის კომენტარებში ზოგადად სამეგრელოს და მეგრელებს გადაუარა, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ვიღაც -ვიღაცეები ჩასაფრებულის პოზიციიდან სააშკარაოზე  გამოვიდნენ, შესაფერისი დრო შეარჩიეს  და სამეგრელოზე შური იძიეს.     

  ამჯერად არ დავკონკრეტდები-ყველაფერი მათ ნამუსზე იყოს, მაგრამ, ხმამაღლა ვაცხადებ :არავის მივცემ უფლებას სამეგრელოს გადაუაროს და ზოგიერთი ტვინნაღრძობი და  გროშებს დახარბებული გარკვეული ჯგუფის გამო "მოღალატის" და "დამსმენის" იარლიყი მიაწებოს!

თუ პრეტენზიაზე მიდგა საქმე, სამეგრელოს უფრო მეტად უნდა ჰქონდეს პრეტენზია დანარჩენი საქართველოს მიმართ, თუნდაც ამ უახლოეს წარსულში აფხაზეთთან დაკავშირებული ტრაგიკული მოვლენებისა და "მხედრიონის" თავგასული თარეშის გამო ... უფრო შორს წასვლისგან თავს შევიკავებ!

   "რატომ მრცხვენია ჩემი მეგრელობის" არ ნიშნავს იმას, რომ უარს ვამბობ ჩემს ოდაბადეზე. პირიქით, მე გული მტკივა, რომ ანაკლიელები და განმუხურელები მავანთა მიერ სახელდახელოდ  მოწყობილ წუმპეში  ჩათრეულნი აღმოჩნდნენ და  გონება იმდენად დაუბნელდათ, იქიდან ამოსვლას ვერ ახერხებენ...

 სამწუხაროდ, ეს საერთო ქართული ტკივილია და ამაში ბრალი თითოეულ ჩვენგანს მიუძღვის.  

   ასე რომ, ჩემო ძვირფასებო, ვიდრე სამეგრელოს ლაფში ამოსვრიდეთ და უკადრებელს იკადრებდეთ, პირი გამოირეცხეთ. მითუმეტეს, ასეთი "იაღლიში" შეიძლება ნებისმიერი კუთხის წარმომადგენლებს მოუვიდეთ!ახლა იმაზე უნდა ვიფიქროთ, როგორ გამოვიდეთ ამ მოჯადოებული წრიდან და როგორ ვიხსნათ კარსმომდგარი უბედურებისგან საქართველო!

 მე იმიტომ მოვიქნიე შოლტი, რომ ამის აუცილებლობა დავინახე და სხვებს დავასწარი, რადგან, სხვები უფრო მწარედ და ღვარძლიანად იტყოდნენ.

 არაფერი შეგეშალოთ- არავის მივცემ უფლებას  სამეგრელოს გადაუაროს, თუ მითუმეტეს, ზოგად ქართულ ბაცილებთან გვაქვს საქმე.

   პ.ს მე რომ სამეგრელოს სათანადო პატივს მივაგებ, ეს ამ უახლოესი წარსულიდანაც ჩანს.როცა ახლადარჩეულ დედაქალაქის მერს ბატონ დავით ნარმანიას მავანნი და მავანნი მხოლოდ მეგრული წარმოშობის გამო იწუნებდნენ, პირველი მე ვიყავი, ვინც ამ  უაზრობას საკადრისი პასუხი გასცა და ლამის ნახევარი თბილისი გადაიკიდა. მადლობა ღმერთს ბოლოს საღმა აზრმა გაიმარჯვა!

ზაურ ნაჭყებია

 

8-08-2014, 13:34
უკან დაბრუნება