შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს მე-3 ქვეგანყოფილების მაშველებმა, ჩატარებული სამაშველო ოპერაციის შედეგად, ცაგერის მუნიციპალიტეტში დაკარგული ტურისტები მაღალმთიანი ზონიდან ჩამოიყვანეს.
"112"-ში შვეიცარიის საელჩოს წარმომადგენლისგან შევიდა შეტყობინება, რომ ცაგერის მუნიციპალიტეტში, ძუღურის მინერალური წყლების მიმდებარე მთის ხეობაში, მაღალმთიან ზონაში იმყოფება შვეიცარიის 2 მოქალაქე, რომლებსაც გზა აებნათ და დახმარება ესაჭიროებათ. შსს-ს მაშველები შეტყობინების მიღებისთანავე გავიდნენ საძიებო ზონაში და დაკარგული ტურისტები მდინარე ძუღურისღელეს სათავესთან იპოვეს. ერთ-ერთი ქალბატონი თავს შეუძლოდ გრძნობდა. საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის მაშველ-ინსპექტორებმა მას ადგილზევე აღმოუჩინეს პირველადი სამედიცინო დახმარება და მაღალმთიანი ზონიდან ჩამოიყვანეს. ორივე ქალბატონი გადაყვანილია თბილისში. ამჟამად მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.