უმცირესობის წევრი გივი თარგამაძე სოციალურ ქსელში წერს:
-"ალბათ დამეთანხმებით, ომისშემდგომი დღეების დეტალებით არასდროს შემიწუხებიხართ. მაგრამ ძალზე გამაღიზიანებელი და საწყენია, როდესაც, შემთხვევით გახსენებისას, მოგვაძახებენ ხოლმე რუსების აგიტპროპის ფრაზას: ტყვეები და გარდაცვლილები ფეხებზე გეკიდათო. ორიოდ სიტყვით გეტყვით: ეს იყო მთელს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მძიმე და რთული დღეები. გამანადგურებლად მძიმე იყო იმის ყურება, რაშიც ვიყავი ჩართული: ცხინვალის ციხიდან გამოყვანილი უკიდურესად ხანდაზმული, შეურაცხყოფილი და გაწამებული ადამიანები; ჩვენი დაღუპული გმირების, მართლაც ლომებივით ბიჭების შეურაცხყოფილი ცხედრები, რომელთა გამოტანაც ზოგჯერ ნაწილ-ნაწილ გვიხდებოდა; მათი გმირი მშობლების მოწიწების მომგვრელი ქცევა და უსიტყვო ვედრება, საფლავში მაინც ჰყოლოდათ თავიანთი ვაჟკაცები. და ძალზე დიდი იყო პასუხისმგებლობა თითოეულ გადაწყვეტილებაზე: უნდა ზუსტად გაგეთვალა, რაღაც ნაბიჯები დროზე ადრე არ გადაგედგა, ზოგიც, არ დაგეგვიანა. ვფიქრობ, ჩვენ მაქსიმუმი შევძელით. როდესაც ვამბობ ჩვენ, ვგულისხმობ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის აპარატს მაშინდელი უფროსის, არჩილ ოსიძის ხელმძღვანელობით და სრული შემადგენლობით.ისინი, უშიშროების საბჭოს აპარატის წევრებთან ერთად, დღეების მანძილზე ოცდაოთხსაათიან რეჟიმში ახდენდნენ ცხელი ხაზებიდან შემოსული უზარმაზარი ინფორმაციის გადამუშავებას, გადამოწმებას და სისტემატიზირებას, რის შედეგადაც შევქმენით გარდაცვლილთა, დაკარგულთა და დატყვევებულთა ზუსტი სია; ვგულისხმობ უშიშროების საბჭოს მაშინდელ მდივანს, კახა ლომაიას, რომელიც მთელი ის დღეები გორში იყო; ვგულისხმობ თავდაცვის მინისტრის მაშინდელ მოადგილეს, მამუკა მუჯირს, რომელთან ერთადაც იქ, ადგილზე, გორში ვაწარმოებდით ურთულეს მოლაპარაკებებს მუდმივად მთვრალ გენერალ ბორისოვთან; და რა თქმა უნდა, ვგულისხმობ გორის ეპარქიის მეუფე ანდრიას და მის მამაოებს, რომლებმაც სასწაულები ჩაიდინეს და საკუთარი სიცოცხლის უდიდესი რისკის ფასად გამოიტანეს გმირების ცხედრები ცხინვალის მახლობლად მდებარე სამარხიდან. საბოლოოდ, გორის ჰოსპიტალის მაგიდასთან, რომლის ზუსტად ქვეშაც, როგორც შემდგომში აღმოჩნდა, საჰაერო სისტემაში გაჩხერილი თვლემდა სასწაულით არაფეთქებული ხუთას კილოგრამიანი ბომბი, ჩვენ მოვახერხეთ ურთულესი, მრავალკომპონენტიანი, კომპლექსური შეთანხმების მიღწევა, რომლის შედეგადაც ცხინვალის ციხიდან გამოვიხსენით რვაასზე მეტი დატყვევებული, გამოვიხსენით აფხაზეთში გადაყვანილი ფოთში დატყვევებული სამხედროები, ცხინვალის სამარხიდან გამოვიტანეთ ორმოცდასამი გმირის ცხედარი, რომელთა იდენტიფიკაციაც თითქმის ერთწლიანი დნმ-ის ტესტების ჩატარების შედეგად სრულად მოხერხდა, უვნებლად გამოვიხსენით მთელი თავისი შიგთავსით იარაღის ყველაზე დიდი საცავი-გვირაბი, დაზიანების გარეშე გამოვიხსენით გორში არტილერიის შტაბი და რაც მთავარია, ლიკვიდაციის მიმდინარე პროცესიდან გამოვიხსენით მთლიანად დანაღმული გორის სამხედრო ბაზის ინფრასტრუქტურის ორი მესამედი, რამაც საშუალება მოგვცა მისი უსწრაფესი აღდგენისა და ის ახლაც უმაღლესი სტანდარტით ემსახურება საქართველოს შეიარაღებულ ძალებს. რაც დღესაც მძიმე ტვირთად მაწევს, ის დაკარგული გმირებია, რომელთა ცხედრების პოვნა ვერ მოხერხდა.
გარწმუნებთ, ძალისხმევა არ დაგვიშურებია და მაინც ბოდიშს მოვუხდი მათს მშობლებსა და ოჯახის წევრებს. ერთ პოსტში მეტს ვერ დავატევ, უბრალოდ, მინდოდა, ვიწრო წრეს მაინც გცოდნოდათ, რომ არამზადაა ნებისმიერი, ვინც იმ პერიოდში უმოქმედობას გვაბრალებს. და კიდევ უფრო არამზადაა ის, ვინც გმირების საფლავებთან დგას და იმ ომის გამოძიებას ითხოვს, რომელშიც მათ თავი გაწირეს, იმის გულის მოსაგებად, ვისაც ისინი ასე გააფთრებით ებრძოდნენ. დიდება გმირების ხსოვნას და პირობას ვაძლევ, მათ ბრძოლას გამარჯვებამდე გავაგრძელებთ!