საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რეჯეპ თაიპ ერდოღანს თურქეთის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს.
"მინდა გულითადად მოგილოცოთ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება და გისურვოთ წარმატებები თქვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ. არჩევნებმა კიდევ ერთხელ ნათლად წარმოაჩინა თურქეთის მოქალაქეთა მტკიცე მხარდაჭერა თქვენი ხელმძღვანელობით თურქეთის რესპუბლიკაში განხორციელებული რეფორმებისადმი, რომელთა შედეგადაც თურქეთმა დაძლია არაერთი გამოწვევა და მიაღწია ეკონომიკურ წარმატებებს. საქართველოსათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს თურქეთთან მჭიდრო სახელმწიფოთაშორისი და ხალხთაშორისი კავშირების შემდგომ განვითარებას. ჩვენთვის ძალიან ღირებულია, რომ წლების განმავლობაში განუზომელი წვლილი შეგაქვთ საქართველო-თურქეთის კეთილმეზობლური და პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებაში. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც წარმატებით გაგრძელდება ჩვენი ქვეყნებისა და მთელი რეგიონის სასიკეთოდ. თქვენო აღმატებულებავ, ნება მომეცით, კიდევ ერთხელ გულწრფელად მოგილოცოთ და გისურვოთ ყოველივე საუკეთესო", - ნათქვამია მისალოც წერილში.