ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკელ სენატორებს პასუხობს. პრემიერმინისტრის ადმინისტრაცია ღარიბაშვილის წერილს აქვეყნებს:
"ძვირფასო სენატორო მაკკეინ,
ძვირფასო სენატორო რიშ,
ძვირფასო სენატორო რუბიო,
ძვირფასო სენატორო შაჰინ,
დიდ მადლობას მოგახსენებთ თქვენი 2014 წლის პირველი აგვისტოს წერილისათვის. მივესალმები, რომ თქვენ ასეთი მნიშვნელოვანი საკითხები წამოწიეთ. მე ძალიან ვაფასებ თქვენს მეგობრობას და იმ მხარდაჭერას, რომელსაც თქვენ გამოხატავთ ქართველი ხალხის, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და განვითარების მიმართ.
სავსებით გეთანხმებით, რომ სიცოცხლისუნარიანი და კონსტრუქციული ოპოზიციის არსებობა მნიშვნელოვანია. მე მზად ვარ ვითანამშრომლო ნებისმიერ ადამიანთან საქართველოში, რომელსაც შესწევს უნარი გაგვიწიოს კონსტრუქციული პარტნიორობა ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ. მიუხედავად იმისა, რომ კიდევ ბევრია გასაკეთებელი ასეთი თანამშრომლობის გაგრძელებისათვის, ჩვენ ბევრი ამჟამინდელი პოლიტიკური და საკანონმდებლო გადაწყვეტილება მივიღეთ ოპოზიციის მნიშვნელოვანი თანამონაწილეობით.
მე გეთანხმებით იმაშიც, რომ ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიმართ წაყენებული ბრალდებების პროცესი უნდა წარიმართოს ყოველგვარი ხარვეზის გარეშე და ყველა საქმე უნდა იქნეს გამოძიებული სამართლიანად, გამჭვირვალედ და მიუკერძოებელად. მე მესმის და ვიზიარებ იმ მღელვარებას, რომ ეს ბრალდებები შეიძლება აღქმული იყოს, როგორც პოლიტიკური დევნა და ამან შეიძლება გავლენა იქონიოს საქართველოს შიდაპოლიტიკურ სტაბილურობასა და საგარეო ურთიერთობებზე.
სახიფათო მეზობლობით დაწყებული და ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების საჭიროებით დამთავრებული, საქართველო ბევრი გამოწვევის წინაშე დგას. ჩვენი მთავრობა ქვეყნის სათავეში მოვიდა იმისათვის, რომ გაეხსნა საქართველოს სრული ეკონომიკური პოტენციალი და განეხორციელებინა ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. მაგრამ ორივე ეს მისწრაფება, ისევე როგორც ქართველი ხალხის უსაფრთხოება, მოითხოვს რეალურ დემოკრატიას. ჩვენ აგვირჩიეს იმისათვის, რომ აგვეშენებინა თანამედროვე დემოკრატია, დაგვეცვა ადამიანის უფლებები, დაგვეყენებინა ჩვენი ხალხი განვითარების შეუქცევად გზაზე და უზრუნველგვეყო, რომ ეს წინსვლა ვერ შეაჩეროს ვერცერთმა მომდევნო მთავრობამ, მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა.
ჩვენ ამ გეგმის ბევრი პუნქტი შევასრულეთ. ჩვენ ვიკისრეთ ვალდებულება, რომ განგვეხორციელებინა ის რეფორმები, რომლებსაც ჩვენგან ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება მოითხოვდა. ჩვენ გადავეცით მეტი ძალაუფლება ხალხს, გავზარდეთ საარჩევნო ბარიერი და მეტი უფლება მივეცით თვითმმართველობას. ჩვენ ვახორციელებთ ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმას, რომელიც შემუშავებული იყო ევროკავშირთან ერთად. ჩვენ ვაწესრიგებთ ჩვენს კონსტიტუციას, რომელიც უპრინციპოდ იყო გადაკეთებულ-გადმოკეთებული წინა ხელისუფლების მიერ მოკლევადიანი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად.
და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია თქვენ მიერ ამ წერილში დასმულ საკითხთა შორის - ჩვენ გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები კანონის უზენაესობის აღსადგენად და დაუსჯელობის სინდრომის აღმოსაფხვრელად. დღევანდელი ქართული სასამართლო სისტემა რადიკალურად განსხვავდება იმ სისტემისგან, რომელიც თქვენ იხილეთ, როდესაც ბოლოს ბრძანდებოდით საქართველოში. ჩვენ მოვსპეთ გამოძალვაზე დაფუძნებული საპროცესო გარიგების სისტემა და წამება ციხეებში. დღეს მოსამართეები არიან დამოუკიდებელი, პროკურატურა აღარ არის დამოკიდებული მთავრობაზე და ბრალდებულებს მრავალი ახალი უფლება მიენიჭათ. ის, რომ ჩვენი ბრალმდებლები ხშირად აგებენ საქმეებს, პროგრესის ნიშანია.
ჩვენ აგრეთვე უნდა უზრუნველვყოთ, რომ ეს ახალი სისტემა თანასწორად განიხილავდეს ყველას, მათ შორის, სახელმწიფო მოხელეებს. ჩვენ გვინდა იმ სტანდარტის შემუშავება, რომლის მიხედვითაც განვსჯით მომავალ პოლიტიკურ ლიდერებს და შევქმნით სამართლიან სისტემას. მას შემდეგ, რაც ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა, საჯარო მოხელის მიერ კანონდარღვევის შემთხვევაში, მისი პასუხისგებაში მიცემა იშვიათად ხდებოდა, - ამას ბოლო უნდა მოეღოს და ჩვენ უნდა დავამკვიდროთ უფრო მაღალი სტანდარტი. გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის 2014 წლის 23 ივლისის ანგარიშში ამის თაობაზე ნათქვამია, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ უნდა გამოიძიოს უამრავი საქმე, რომელიც დაკავშირებულია წინა ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ადამიანის უფლებათა შესაძლო დარღვევასთან, რომელიც დღემდე უყურადღებოდ იყო დატოვებული.
ჩვენი მთავრობა ამის გამო აირჩიეს, და, ჩვენი ყოველგვარი ჩარევის გარეშე, მთავრობისგან დამოუკიდებელ პროკურატურას მიენიჭა უფლება გამოიძიოს წინა და ახლანდელი სახელმწიფო მოხელეების მიერ ჩადენილი მძიმე კანონდარღვევები. ეს არ არის ცალმხრივი - ჩვენი მთავრობის სოფლის მეურნეობის მინისტრი გათავისუფლებული იქნა თანამდებობიდან და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს მიესაჯა ერთწლიანი პირობითი სასჯელი ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევის გამო. რამდენიმე დაბალი რანგის მოხელე და ოფიციალური პირი ასევე მიეცა პასუხისგებაში. მეც საჯაროდ განვაცხადე, რომ თუ თანამდებობაზე ყოფნისას ოდესმე დავარღვევ კანონს, მზად ვარ წავიდე ციხეში.
მაშინ, როდესაც დამოუკიდებელი პროკურორი თავად განსაზღვრავს, რომელი საქმე აწარმოოს, ჩემი პოლიტიკური ჩარევა ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების საქმეში, სრულიად გააუფასურებდა იმ გამოცდილებას, რომელიც ჩვენ გვინდა გავუზიაროთ ქართველ ხალხს - არავინ არ დგას კანონზე მაღლა და ჩვენი მზარდი სასამართლო სისტემა არ გადაიქცევა ადამიანთა მცირე ჯგუფის ინტერესების დამცველად.
გულწრფელად გთხოვთ, თვალყური მიადევნოთ ამ სასამართლო პროცესებს და ჩამობრძანდეთ საქართველოში, რათა უშუალოდ დაესწროთ საქმის მსვლელობას. მე მოგიწოდებთ, შეისწავლოთ მიმდინარე სასამართლო პროცესები, რომლებმაც აქამდე საერთაშორისო დამკვირვებლების მხრიდან მაღალი შეფასება მიიღეს, რათა თავად დარწმუნდეთ, რომ ბრალდებულთა სასამართლომ კანონის დაცვით ჩაიარა. პროკურორმა უნდა მოახერხოს საქმის სამართლიანად წარმოება და დამაჯერებელი მტკიცებულებების წარდგენა. და თუ ის ამას ვერ შესძლებს, ბრალდებული გამართლდება.
ჩემი ქვეყანა თავის მომავალს ურყევად ხედავს დასავლეთთან ინტეგრაციაში. ჩვენი სვლა ამ გზაზე დაკავშირებულია ბევრ ხიფათთან - ჩვენი ქვეყნის ნაწილი უკანონოდ აქვს ოკუპირებული რუსეთს და სულ ახლახანს, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის გამო, მათ გაგვიუქმეს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება. მიუხედავად ამისა, ჩვენი მთავრობა და ქართველი ხალხი ამ მიზნის ერთგული რჩება. ჩვენ არ ვაპირებთ ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რომლებიც ხელს შეუშლის ჩვენს მისწრაფებებს. ჩვენ გვჯერა, რომ წარმატებული სასამართლო პროცესი უფრო გააღრმავებს ჩვენს წინსვლას დემოკრატიისა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.
კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, რომ ქართველი ერი გულწრფელად მიესალმება ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე და უპირობო მხარდაჭერას. თქვენთან და ჩვენს სხვა დასავლელ პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვაშენებთ თანამედროვე სახელმწიფოს, ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტებითა და დინამიკური ეკონომიკით. ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერა გადამწყვეტია იმისათვის, რომ საქართველოში გამჭვირვალე და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემა მოქმედებდეს.
ჩვენ პასუხს ვაგებთ ქართველი ხალხის წინაშე იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ ქართული სახელმწიფოს წინსვლა კონსოლიდირებული დემოკრატიის შენების შეუქცევად გზაზე, რაც მიუღწევადია, თუ არ ვაღიარებთ იმას, რომ არავინ დგას კანონზე მაღლა. ჩვენ გვჯერა იმის, რომ დრო გვიჩვენებს - ჩვენი ძალისხმევა მიმართული დაუსჯელობის პოლიტიკის აღკვეთისაკენ საქართველოს აქცევს უფრო ძლიერ ქვეყნად და მოკავშირედ.
კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას თქვენი რჩევისათვის, ჩემი მთავრობისა და ქართველი ხალხის მიმართ თქვენი თანამიმდევრული, ხანგრძლივი და მტკიცე მხარდაჭერისათვის, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის ხელისუფლებაში. იმედს ვიტოვებ, რომ მომავალშიც გამიზიარებთ თქვენს კრიტიკულ მოსაზრებებს და ამასთან გამოხატავთ მზადყოფნას, რომ ერთობლივად გადავწყვიტოთს ისინი", - ნათქვამია წერილში.