"ადამიანი კანონი თავისუფლება": კარლ ბილდტის ბოლოდროინდელი აქტივობა მიზანმიმართული კამპანიის შთაბეჭდილებას ტოვებს!
"ბოლო პერიოდში შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, კარლ ბილდტის გაცხადებები კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ იგი დღემდე რჩება შემუშავებული ლობირების სქემის ნაწილად, რომელზეც ჩვენი ორგანიზაცია მიმდინარე წლის 28 მაისს "პირველ პრესკლუბში" საუბრობდა.
საზოგადოებას კიდევ ერთხელ გვინდა შევახსენოთ, რომ "ვარდების რევოლუციის" შემდეგ მიხეილ სააკაშვილის მთავრობამ ხელშეკრულება გააფორმა ლობისტურ კომპანია "kreab"-თან, რომლის დირექტორიც კარლ ბილდტი იყო. ამ უკანასკნელის შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნის შემდეგ, იგი კომპანიას ჩამოშორდა, თუმცა "Kreab"-თან ხელშეკრულება წინა ხელისუფლებას კვლავ დარჩა.
გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში მოხდა ხელისუფლების ცვლილება, აღნიშნულ კომპანიასთან ხელშეკრულება აღარ არსებობს, თუმცა სავარაუდოდ, არსებობს ფინანსური რესურსები, რომელიც კარლ ბილდტის "მეგობრობას" მიხეილ სააკაშვილთან სიმყარეს უნარჩუნებს. რომ არა ყოფილი მმართველი გუნდის გარშემო შეკრებილი ლობისტური კომპანიების სიმცირე, რომლებიც მათი მხარდამჭერების აქტივობების გაშუქებაზე ზრუნავენ, დღეს ბატონი ბილდტის განცხადებები არაერთ საერთაშორისო გამოცემაში დაიბეჭდებოდა.
არ გამოვრიცხავთ, რომ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კვლავ მონაწილეობს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინტერესების გატარებაში. იგი ცდილობს გამოიწვიოს რეზონანსი ყოფილი პირველი პირის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დადგომის გამო და შეაფასოს იგი პოლიტიკურ დევნად. ბატონი ბილდტის მხრიდან სხვა ევროპელი ლიდერის ასეთი თავგამოდებით ინტერესების დაცვას ნაკლებად თუ ვინმე გაიხსენებს, თუმცა ეს მას კარგად გამოსდის მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში.
აშკარაა, რომ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ყურადღებით ეცნობა მის განცხადებებზე გამოხმაურებას საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან და უპასუხოდ არ ტოვებს არცერთ მათგანს, რაც დასტურია იმისა, რომ მისთვის ინფორმაციის მიწოდება ოპერატიულად ხდება. ძნელი მისახვედრი არ არის ვინ შეიძლება იყოს ბატონი ბილდტის "მედია მონიტორინგის" სამსახური.
ორგანიზაცია იმედოვნებს, რომ გამოძიება ჩატარდება დემოკრატიული პრინციპების დაცვით, პროკურატურა და სასამართლო იქნება მოწოდების სიმაღლეზე და საერთაშორისო საზოგადოებას მიეცემა საშუალება დარწმუნდეს იმაში, რომ საქართველოში არ მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა და კანონის უზენაესობა არის უმთავრესი პრინციპი, რომლის ზემოთ ვერცერთი ყოფილი თუ ამჟამინდელი ხელისუფალი ვერ დადგება", - აღნიშნულია განცხადებაში.