ივერიონი / ხატია წერეთელი:-"თუ ამათ "სასტავში" ხარ, ცუდიც კარგად ეჩვენებათ, მაგრამ ვერ გამტეხენ!

ხატია წერეთელი:-"თუ ამათ "სასტავში" ხარ, ცუდიც კარგად ეჩვენებათ, მაგრამ ვერ გამტეხენ!

    ხატია წერეთლის ინტერნეტში გავრცელებულმა კლიპმა "ქართული ჯარი" ბოლო ორი დღის განმავლობაში დიდი რეზონანსი გამოიწვია. კლიპმა საზოგადოების აზრი ორად გაყო, ერთი ნაწილი კლიპს საკმაოდ დადებით შეფასებას აძლევს და ამბობს, რომ ახალმა კლიპმა დადებითი აურა შემოიტანა და კიდევ ერთხელ განაწყო ეს ადამიანები ქართველი ჯარისკაცების მიმართ დიდი სიმპატიით. საზოგადოების მეორე ნაწილი კი კლიპმა აღაშფოთა და მომღერლის მიმართ უამრავი შეურაცხმყოფელი კომენტარი დაიწერა, თუმცა არა მარტო მომღერლის მიმართ, საზოგადოების ამ ნაწილმა თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ალასანიაც დაადანაშაულა. გაჩნდა კითხვა-დააფინანსა თუ არა თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნული კლიპი. 

   "ივერიონი" ხატია წერეთელს გაესაუბრა.

-კლიპმა საკმაოდ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. საიდან დაიბადა ამ კლიპის გადაღების იდეა და დააფინანსა თუ არა თავდაცვის სამინისტრომ?

-მე ძალიან მინდოდა ქართველი ჯარისკაცებისთვის მიმეძღვნა სიმღერა, მემღერა ადამიანებისთვის, რომლებიც ჩვენს სიმშვიდეს საკუთარი სიცოცხლის ფასად დარაჯობენ. კლიპს აწერია კიდეც "სიყვარულით ჯარისკაცებს". საკმაოდ გამიკვირა ის უარყოფითი რეაქცია, რაც კლიპის ჩვენებას მოჰყვა. რამ აღაშფოთა ეს ადამიანები? იმან, რომ როგორც კლიპში ვამბობ მილიონრების და ბიზნესმენების მაგივრად ჯარისკაცები გვიყვარს? რაც შეეხება სიმღერას, ეს არიას უამრავი ქართული ჰიტის ავტორის, ზურაბ ჩინჩალაძის დაწერილი, ჩვენ მივიღეთ ის, რაც გვინდოდა-ქართული მარში. ის მინიშნება, რომ რუსული ელემენტებია, არ არის მართალი, მარში მარტო რუსებს არ აქვთ, ეს არის ნამდვილი ქართული მარში.

-ხატია, საზოგადოების დიდმა ნაწილმა კომენტარებში დაწერა, რომ თუ ეს კლიპი თავდაცვის სამინისტროს მიერ არის შეკვეთილი და დაფინანსებული, მაშინ გადადგეს ალასანიაო. არის თუ არა ეს მართალი და მოდი განვმარტოთ-როგორ, რა ბიუჯეტით გადაიღე კლიპი?

-თუ ვინმეს უნდა ამ კლიპის საშუალებით რაიმე ზიანი მიაყენოს ირაკლი ალასანიას არ გამოუვა, რადგან არავითარი კავშირი ალასანიას ამ კლიპთან და არც თავდაცვის სამინისტროს არ აქვს. არავის დაფინანსებული არ არის, ფინანსები ნამდვილად ჩვენია და კლიპს იმდენად მცირე ბიუჯეტი აქვს, რომ შეიძლება ნებისმიერმა ადამიანმა აიფონითაც გადაიღოს. ის კადრები კი, რომელიც კლიპშია გამოყენებული აღებულია საჯარო კადრებიდან, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა ადამიანისთვის. თავდაცვის სამინისტროს როდესაც მივმართეთ და ვთხოვეთ გადაგვეო მარში, უარი გვითხრეს და აგვიხსნეს, რომ "ყოუტუბე" გავრცელებული კადრები გამოგვეყენებინა.

-ვიცი, რომ კიდევ იღებ ახალ კლიპს, ხომ არ იმოქმედა ამ კომენტარებმა და შეფასებებმა შენს სამომავლო გეგმებზე?

-ნამდვილად ვერ იმოქმედა, სულ მალე საზოგადოებას კიდევ წარვუდგენ ჩემს ახალ ნამუშევრებს, იმ ადამიანებს, რომლებსაც მოსწონთ ჩემი სიმღერები, ჩემი სტილი, ნამდვილად კარგ კლიპებს ვაჩუქებ. ჩვენთან ხომ იცით, როგორც არის, თუ რაიმე ახალს გააკეთებ, აუცილებლად უნდა იჯდე "სასტავში", რომ დადებითი შეფასება მიიღო, თუ ამ "სასტავში" ხარ, რაც არ უნდა გააკეთო, აუცილებლად იტყვიან- კარგია, არადა მე ასე არ ვთვლი, მიმაჩნია, რომ ჩემი კლიპი არის განსხვავებული, ლაღი, გულიდან ამოსული და ვიცი ბევრ ადამიანსაც მოეწონა. უბრალოდ, ვერ ეგუებიან იმას, რომ როგორც თავად ამბობენ, სადღაციდან მოსულს შეუძლია გააკეთოს ის, რასაც თავად ვერ ახერხებენ. ნამდვილად არ ვარ სადღაციდან მოსული, 4 წლიდან ვმღერი. ვიცნობ მომღერლებს, რომლებიც წლებია სცენაზე დგანან და ერთი კლიპიც კი არ აქვთ გადარებული, მე კი მხოლოდ წელს, თუ დროში ჩავეტის მინიმუმ 10 კლიპს ვაჩუქებ ჩემს მსმენელს. 

   მიხარია და ძალას მაძლევს ის, რომ უამრავმა ნაცნობმა თუ უცნობმა მომწერა, დამირეკა და მხარდაჭერა გამომიხატა. ასე რომ ხატია წერეთელი არ გატყდა და ისევ სამუშაო ფორმაშია. 

   

   მათ კი, ვისაც ჯერ არ უნახავს კლიპი და არ იცის რაზეა საუბარი, "ივერიონი" გთავაზობთ კლიპს, რომელმაც სოციალურ ქსელში დიდი ქაოსი გამოიწვია, თუმცა უნდა ითქვას, რომ ყველაფრის მიუხედავად კლიპის რეიტინგი იზრდება და მისმა ნახვამ ამ დროისთვის 32423-ს გადააჭარბა.

   

12-08-2014, 00:52
უკან დაბრუნება