საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილემ შოთა რეხვიაშვილმა, ფოთში დევნილების მიერ გამართულ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით, საგანგებო ბრიფინგი გამართა.
მინისტრის მოადგილის შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, სამინისტრო ყველა დაინტერესებული პირისათვის გახსნილია და ნებისმიერი დევნილის პრეტენზია შესწავლილი და განხილული იქნება.
"საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 9 აგვისტოს ქალაქ ფოთში, დევნილთა და განსახლების სამინისტრომ გაანაწილა 280 საცხოვრებელი ბინა. ჩვენ მივიღეთ 2288 განაცხადი, საიდანაც საცხოვრებელი ფართით 280 დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდა. ბუნებრივია, გარკვეული პრეტენზიები გაჩნდა დევნილთა იმ ნაწილში, რომლებიც ამ ეტაპზე ვერ დაკმაყოფილდნენ საცხოვრებელი ფართებით. დღეს, ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია, რომ განაწყენებულ ორ ათეულ დევნილს სარკინიგზო ხაზის გადაკეტვის მცდელობა ჰქონდა. ჩვენ ბუნებრივია არ ვზღუდავთ გამოხატვის თავისუფლებას, მაგრამ როდესაც სახეზეა დანაშაული ჩვენ ამას, რა თქმა უნდა, არ მივესალმებით. ყველა პრეტენზია რაც არსებობს შესწავლილია, სამინისტრო მუდმივ მზაობაშია ყველა პრეტენზია განიხილოს.
მე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ კოალიცია "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღეებიდან რადიკალურად შეიცვალა მიდგომები დევნილთა პრობლემების მიმართ. დევნილებზე ზრუნვა ხელისუფლების ვალია. ამ მიმართულებით ყოველდღიური ვმუშაობთ, ჩვენ გვაქვს დიდი მხარდჭერა, რომ უახლოეს პერსპექტივაში განვახორციელოთ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები . ძალიან დიდი იმედი და პერსპექტივაა არსებობს, რომ გონივრულ ვადებში დევნილების მდგომარეობა გაუმჯობესდება. მშენებლობები მიმდინარეობს, ახალი მშენებლობები იწყება და მე ერთხელ კიდევ მოვუწოდებ დევნილებს თმენისკენ. ვიცი, რომ ძალიან ძნელია, რამდენიმე ათეული წელი ცხოვრობდე ძალიან ცუდ საყოფაცხოვრებო პირობებში და კიდევ თმენისკენ მოგიწოდებდნენ, მაგრამ ამას სჭირდება გარკვეული დრო", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
დევნილთა ინტერესების უკეთ დაცვის მიზნით ზუგდიდში არსებული სამინისტროს ტერიტორიული ორგანო დაყოფილია ორად და სამსახურის ერთი ნაწილი ბოლო თვეებია ფოთში მუშაობს. სამმართველოს თანამშრომლები ადგილზე, უშუალო დაკვირვებითა და მონაწილეობით წყვეტენ პრობლემებს.
ბინების განაწილება სამინისტროში შემუშავებული და დამტკიცებული კრიტერიუმების მიხედვით ხდება. ეს გახლავთ ნორმატიული აქტი, - მინისტრის მიერ გამოცემული 320-ე ბრძანებულება. საცხოვრებელი ფართით, პირველ რიგში, ამ კრიტერიუმების მიხედვით ყველაზე მოწყვლად დევნილი ოჯახებს გადაეცემათ. აღსანიშნავია, რომ გრძელვადიანი განსახლების პროცესი კვლავ გრძელდება და სამინისტროს ამოცანაა, რომ საცხოვრებელი ფართით ყველა დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდეს.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, დევნილების პრობლემების ფაქტობრივი იგნორირების ხანგრძლივი პრაქტიკის შემდეგ, ხელისუფლებამ 2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროექტის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, რეაბილიტაცია ჩაუტარა 38 ობიექტს და საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდა 2 500-მდე დევნილი ოჯახი (10 000-მდე დევნილი).
სამინისტრომ დევნილებისთვის შეისყიდა 70 სახლი საკარმიდამო ნაკვეთით, ხოლო კერძო მესაკუთრისგან გამოისყიდა 202 ბინა. საცხოვრებელი ფართი ასევე დაუკანონდა 3500-მდე დევნილ ოჯახს.
დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაეწია 2971 ოჯახს (530 867 ლარი ჯამში), ხოლო ქირის თანხით უზრუნველყოფილ იქნა 348 ოჯახი (187 210 ლარი ჯამში).
უახლოეს ხანში, დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით, მშენებლობები დაიწყება ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდსა და გორში და ეს პროცესი გაგრძელდება.