საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „ჩვენი დიდგორი გრძელდება და ამ ველზე დაღვრილი წინაპრების სისხლი გვავალებს, რომ საქართველოს მთლიანობისთვის თავდაუზოგავად ვიბრძოლოთ“. ამის შესახებ პრემიერმა დიდგორის ველზე საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„1121 წლის 12 აგვისტოს ქართველთა ლაშქარმა ძლევამოსილი გამარჯვება მოიპოვა ურიცხვ მტერზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის ისტორიაში „ძლევაი საკვირველის“ სახელით შევიდა. დიდგორის ბრძოლა ქართული თავდადების, შემართების, თავგანწირვის ნათელი მაგალითია. ეს ველი ცოცხალი ძეგლია უდიდესი სახელმწიფოებრივი, ეროვნული პასუხისმგებლობისა და სწორი სტრატეგიისა, რაც დღესაც, საუკუნეების შემდეგაც სანიმუშოა. დიდგორის ომში გამარჯვებამ დაადასტურა, რომ საქართველო რეგიონის ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფო იყო. ჩვენ დღესაც ვიბრძვით ამ სტატუსის განმტკიცებისთვის. ერთ-ერთი გამოსვლისას საქართველოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ბრძანა, რომ დიდგორი ჯერ არ დასრულებულა. დიახ, მეგობრებო, ჩვენი დიდგორი გრძელდება და ამ ველზე დაღვრილი ჩვენი წინაპრების სისხლი გვავალებს, რომ თავდაუზოგავად ვიბრძოლოთ საქართველოს მთლიანობისთვის, ქართველთა ერთიანობისთვის. დიდგორის ბრძოლა, რომლითაც სამართლიანად ამაყობს ქართველი ერი, ეს არის წინაპრების მიერ დატოვებული მყარი საფუძველი, რომელზეც მტკიცე, წარმატებული და ერთიანი სახელმწიფო უნდა ავაშენოთ. ჩვენ, დავით აღმაშენებლის, ამ ველზე დაღუპული მებრძოლების შთამომავლებს, დღესაც გვმართებს შეუპოვრობა და თავდადება, დღესაც უდიდესი პასუხისმგებლობა გვაკისრია ქვეყნისა და ერის წინაშე. ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის ერთ-ერთი მთავარი მიზანიც სწორედ ერთიანი, წარმატებული სახელმწიფოს აშენებაა და ჩვენ გავამართლებთ ხალხის ნდობას. დიდგორი ჩვენი წარსული და ხვალინდელი დღეა. დიდგორის ბრძოლას გამორჩეული ადგილი უკავია საქართველოს ისტორიაში და ის ნებისმიერი ძლევამოსილი სახელმწიფოს სამხედრო ხელოვნების ისტორიას დაამშვენებდა”, - განაცხადა ღარიბაშვილმა.