„თუ ამათ „სასტავში“ ხარ, ცუდიც კარგად ეჩვენებათ, მაგრამ ვერ გამტეხენ“- ამბობს „ივერიონთან“ საუბარში მომღერალი ხატია წერეთელი.
ახალგაზრდა მომღერალი წერს, რომ საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა მის მიერ გადაღებული კლიპი „ქართული ჯარი“ არაობიექტურად აღიქვა და კლიპის ავტორი და შემსრულებელი რუსული ელემენტების შემოტანაში დაადანაშაულა.
შეიძლება ადამიანს ნამუშევარი დაუწუნო, მაგრამ შენი გემოვნების დემონსტრირება პიროვნულ შეურაცხყოფაში არ უნდა გადაიყვანო!
სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში სწორედ ჩვენში დაგროვილ ბოღმასთან და „უჩემოდ ვით იმღერეთა“-ს სინდრომთან გვაქვს საქმე. სხვათა შორის, ისეთი ადამიანები იქნევენ მუშტებს, ცხოვრებაში რაიმე ღირებული რომ არ შეუქმნიათ!..
თუ ობიექტურად შევაფასებთ, ხატია წერეთლის მიერ აჟღერებულ კლიპს შეიძლება არ ჰქონდეს სრულყოფილების პრეტენზია, მაგრამ, ახალგაზრდა მომღერალმა გაბედა და ემოციურად გამოხატა ის, რაზეც სხვებს არ უფიქრიათ...
ქართული ჯარი ჩვენგან ნამდვილად იმსახურებს სიყვარულს და მოწიწებას - ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არიან, რომლებიც ვაჟკაცურად დგანან საკუთარი სამშობლოს სადარაჯოზე. თითოეულ მათგანში ქართული სული ტრიალებს და ეს პერმანენტულ ომებში მრავალგზის დადასტურდა.
სწორედ ეს სუნთქვაა ჩაქსოვილი ხატია წერეთლის ერთი შეხედვით მარტივ, მაგრამ, ორიგინალურად გადაწყვეტილ კლიპში.
ჩვენ კი, მადლობის მაგივრად „შარვლებიდან უნდა ამოვხტეთ“ და ნოვატორული იდეის ავტორი აუცილებლად უნდა დავკორტნოთ!
მართალია, კლიპი არ არის უცხო „მინარევებისგან“ დაზღვეული, მაგრამ, ხომ შეიძლება ეს ტაქტიანად ვუთხრათ, რომ ავტორს შემდგომში სრულყოფის სურვილი გაუჩნდეს?!
მადლობა ჩემგან ახალგაზრდა მომღერალს ხატია წერეთელს ასეთი გულში ჩამწვდომი სიტყვების შერჩევისა და სიმღერის ბუნებრივად შესრულებისთვის. მისი გამარჯვება სწორედ ბუნებრიობაშია!
საბა საბახტარაშვილი