ივერიონი / ჯანდაცვის სამინისტრო საექიმო სპეციალობის მაძიებელთა დიპლომის შემდგომი სწავლების კურსს დააფინანსებს

ჯანდაცვის სამინისტრო საექიმო სპეციალობის მაძიებელთა დიპლომის შემდგომი სწავლების კურსს დააფინანსებს

  ჯანდაცვის სამინისტრო საექიმო სპეციალობის მაძიებელთა დიპლომის შემდგომი სწავლების კურსს დააფინანსებს. სამინისტროს ინფორმაციით, რეზიდენტურის გავლა სახელმწიფო ხარჯზე მათთვის იქნება შესაძლებელი ვინც დაახლოებით 3 წლის განმავლობაში მაღალმთიან და საზღვრისპირა რეგიონებში სამუშაოდ წავა.

  ახალი ინიციატივის მიხედვით, უმაღლესი სამედიცინო განათლების დასრულების შემდეგ პროქტში ჩართვა ზოგად ქირურგებს, გინეკოლოგებს, ანესთეზიოლოგებს, რეანიმატოლოგებს, პედიატრებსა და გადაუდებელი მედიცინის სპეციალისტებს შეეძლებათ.

  ჯანდაცვის სამინისტროს პროფესიული რეგულირების დეპარტამენტის უფროსის პაატა ბუკიას თქმით, ექიმების განათლების ხელშეწყობის გარდა, პროექტის მიზანი სპეციფიურ და რთული რელიეფის მქონე რეგიონებში ექიმების დეფიციტის აღმოფხვრაა.

  "პროექტის მიზანი გახლავთ მაღალმთიან და საზღვრისპირა რეგიონებში, სადაც გარკვეულ საექიმო სპეციალობებში არსებობს კადრების დენადობა და დეფიციტი სამედიცინო სერვისის უწყვეტობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, მოხდეს საექიმო კარდების მიზნობრივი მომზადება. პროექტი ითვალისწინებს სარეზიდენტო პროგრამით სრულად სახელმწიფო დაფინანსებას შესაბამისი აკრედიტაციის მქონე დაწესებულებებში. მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია",- განაცხადა პაატა ბუკიამ.

12-08-2014, 23:08
უკან დაბრუნება