ივერიონი / სევდია უგრეხელიძე -თბილისის მერიის თანამშრომლებზე ზეწოლა დაიწყო

სევდია უგრეხელიძე -თბილისის მერიის თანამშრომლებზე ზეწოლა დაიწყო

ფრაქციების "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - თბილისის" განცხადებით, თბილისის მერიის თანამშრომლებზე ზეწოლა თბილისის მთავრობის დამტკიცებისთანავე დაიწყო. 

 "თბილისის მთავრობის დამტკიცებისთანავე დაიწყო ზეწოლა თბილისის მერიის თანამშრომლებზე, სამსახურების უფროსების და გამგებლების მოადგილეებზე,      განყოფილებების უფროსებზე, რიგით თანამშრომლებზე, იმისთვის, რომ მათ დაწერონ განცხადებები და "საკუთარი ნებით" წავიდნენ სამსახურიდან. ამ პროცესს ხელმძღვანელობს და მითითებს იძლევა ვიცე-მერი ალექსანდრე მარგიშვილი და ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჩახავა, რომელთაც როგორც ჩანს, მერიის მართვა ადამიანებზე ზეწოლა და მათი იძულება ჰგონიათ.

  გვინდა შევახსენოთ, მარგიშვილს, ჩახავას და მერს დავით ნარმანიას, რომ მათ პოლიტიკურ გუნდს ერთ-ერთ მთავარ ,,მონაპოვრად" საოცარი დემოკრატიის შექმნის მიმართულებით მიაჩნია სისხლის სამართლის კოდექსის 169-ე მუხლი, რომლის თანახმად დანაშაულს წარმოადგენს, პირის იძულება, დაწეროს განცხადება საკუთარი ინიციატივით სამუშაოდან განთავისუფლების თაობაზე. 

  შესაბამისად, აუცილებლად დადგება ყველა იმ თანამდებობის პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ამ პროცესებში მონაწილეობს. განსაკუთრებით მოვუწოდებთ მერის მოადგილეს, ქალბატონ ნინა ხატისკაცს, გააკეთოს ამ პროცესის შეფასება და მოახდინოს მასზე რეაგირება, რადგან მისი წარსული სამუშაო სწორედ ადამიანის უფლებების დარღვევებზე რეაგირება და მათი გამოაშკარავება იყო.

  ასევე გვინდა მოვუწოდოთ საქართველოს სახალხო დამცველს და დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს გამოითხოვონ ინფორმაცია თბილისის მერიიდან, თუ რამდენმა ადამიანმა დაწერა უკვე განცხადება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ და უახლოესი დღეების განმავლობაში გაუწიონ ამ პროცესს მონიტორინგი, რადგან ის ჯერ მხოლოდ დაიწყო და კიდევ გაგრძელდება. ამასთან, გააკეთონ შეფასებები გამოვლენილ დარღვევებზე და მათი კომპეტენციის ფარგლებში მოახდინონ რეაგირება.

  მერიის თანამშრომლებს, რომელთა შრომის უფლება უხეშად ირღვევა, ვუცხადებთ თანადგომას და მზადყოფნას გამოვთქვამთ დავიცვათ მათი ინტერესები ნებისმიერ უწყებაში", - განაცხადა სევდია უგრეხელიძემ.

13-08-2014, 11:43
უკან დაბრუნება