ივერიონი / როგორ აღვადგენთ სამართლიანობას, თუ სამართლებრივ სახელმწიფოში არ გვიცხოვრია!

როგორ აღვადგენთ სამართლიანობას, თუ სამართლებრივ სახელმწიფოში არ გვიცხოვრია!

 გუშინ ახლადდაფუძნებულმა  საზოგადოებრივმა მოძრაობამ " აღადგინე და დაამკვიდრე სამართლიანობა" სასტუმრო "რედისონში" კონფერენცია გამართა.

  კონფერენცია საკმაოდ წარმომადგენლობითი იყო - პოლიტპატიმრები, უკანონოდ ქონება წართმეულები, შვილმკვდარი მამები, არასამთავრობო სექტორი ,ექსპერტები.. .  მასშტაბურად იყო წარმოდგენილი მედიაც, რაც  კონფერენციის აქტუალობით იყო განპირობებული.

    სამართლიანობის აღდგენა -დამკვიდრება, რომელიც ახლადდაფუძნებული საზოგადოებრივი მოძრაობას უმთავრეს პრიორიტეტად დაუსახავს, ბუნებრივია,  დიდ ინტერესს იწვევს საზოგადოებაშიც. ეს სწორედ ის "აქილევსის ქუსლია",  რომლითაც  კოალიცია  "ქართული ოცნება"  მოვიდა ხელისუფლებაში.

  ცნება, "სამართლიანობის აღდგენა"  პირობითია. ამ კონკრეტულ შემთხვევაში იგი თითქოსდა გამოხატავს  საზოგადოების დაკვეთას , თუმცა,ვერ აღადგნენ  იმას, რაც არ ყოფილა1

  დიახ,  ჩვენ სამართლებრივ, (სამართლიან) სახელმწიფოში არ გვიცხოვრია  და ბუნებრივია, ამ შემთხვევაში სამართლიანობის აღდგენა მხოლოდ სიტყვების კომბინაციაა.   აქედან გამომდინარე,მხოლოდ სამართლიანობის დამკვიდრებაზე შეიძლება იყოს საუბარი, რადგან, იგიმხოლოდ წართმეული  ქონების დაბრუნებას და დამნაშავე "კასტის" ( იგულისხმება "ნაციონალური მოძრაობა" ) დასჯას არ გულისხმობს!

  მეორეც,  ეს არ შეიძლება იყოს ერთჯერადი აქტი, ანუ,  დროებითი მოვლენა, რადგან, სამართლიანობის დამკვიდრებას ხელისუფლების პოლიტიკური ნება და სამოქალაქო საზოგადოების მაღალი პასუხისმგებლობა (კულტურა) სჭირდება და იგი მუდმივი და შეუქცევადი პროცესია !... 

  აქედან გამომდინარე, ვინც ფიქრობს, რომ, წართმეული ქონების დაბრუნებით და დამნაშავეთა დასჯით სამართლიანობა დამკვიდრდება საქართველოში, ძალიან ცდება! 

  დიახ, სამართლიანობის დამკვიდრება  ურთულესი პროცესია, რომელიც არსებითად განსაზღვრავს სახელმწიფოს ხასიათს- რა კანონებით მართავს ის საზოგადოებას და როგორია მისი პასუხისმგებლობა სწორედ ამ საზოგადოების წინაშე. 

  თუ ახალდაფუძნებულ საზოგადოებრივ მოძრაობას  დავუბრუნდებით, ჩემის აზრით, უპრიანია სახელი შეეცვალოს და პირობითად დაერქვას  საზოგადოებრივი მოძრაობა "სამართლიანობის დამკვიდრებისთვის" რაც არსებითად გამოხატავს იმ მიზანს, რისთვისაც  ეს მოძრაობა შეიქმნა.

  ვერ დავეთანხმები მოძრაობის დაფუძნების ინიციატორებს, რომ  ეს სტრუქტურა  აპოლიტიკური უნდა იყოს , რადგან, თუ მას აქვს პრეტენზია ქვეყანაში სამართლიანობის დამკვიდრების ხელშეწყობაზე, ეს თავისთავად გლობალური პოლიტიკაა. თუმცა, სულაც არ არის აუცილებელი,   იგი პოლიტიკური "ბაცილებით" იყოს გაჟღენთილი  და ტიპიურ პოლიტიკურ პარტიად  ჩამოყალიბდეს!

 რაც შეეხება კონსტრუქციულობას ხელისუფლებასთან მიმართებაში, ბუნებრივია, ოპონირება კონსტრუქციული უნდა იყოს, მაგრამ, ეს მხოლოდ მაშინ არის  შესაძლებელი, როცა ხელისუფლება შემხვედრ ნაბიჯზე წამოვა და სამართლიანობის დამკვიდრების პოლიტიკურ ნებას გააცხადებს,  ანუ , როცა შენს კანონიერ მოთხოვნას, ანგარიშს გაუწევს!

   როგორც კონფერენციის სპიკერმა ბატონმა ანზორ ქოქოლაძემ განაცხადა, საზოგადოებრივი მოძრაობა  დროებითია და იგი თავისი მისიის დასრულებისთანავე დაიშლება. მოკრძალებით მინდა შევნიშნო,რომ  ეს არასწორი მიდგომაა, რადგან, თუ საზოგადოებამ ხელისუფლების საქმიანობაზე    კონტროლი   უკანონოდ წართმეული ქონების დაბრუნებისს და დამნაშავეთა დასჯის  შემდეგაც არ შეინარჩუნა, ქვეყანაში  უსამართლობა ისევ იზეიმებს. საქმე იმაშია, რომ საზოგადოებრივი კონტროლის გარეშე  ნებისმიერი ხელისუფლება თავისი ბუნებით უფლებების მიმტაცებელი და უსამართლოა!

   ამჯერად   არ შევუდგები მოძრაობის  ძირითადი პრიორიტეტების  აღწერას, რადგან, ქართულმა მედია საშუალებებმა  -საკმაოდ  დეტალურად გააშუქეს.  მოკლედ ვიტყვი: საზოგადოებრივი მოძრაობის მთავარი პრიორიტეტები  ხელისუფლების წინასაარჩევნო დაპირებების შეხსენებაა  და  იგი დარჩება,  "ხმად მღაღადებლისა  უდაბნოსა შინა", თუ მოძრაობის ძალისხმევა თანმიმდევრული არ იქნება  და იგი მეხამრიდის როლს არ შეასრულებს საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის, თუ სამართლიანობის დამკვიდრებად მხოლოდ ცალკეული პიროვნებებისთვის წართმეული ქონების დაბრუნება ჩაითვლება, თუ მოძრაობა შუა გზაზე  გაჩერდება და იგი ხელისუფლებისთვის ჭეშმარიტი ოპონენტის ფუნქციას არ იკისრებს!

   სამართლიანად შენიშნა ყოფილმაპოლიტპატიმარმა ," ელიტ -ელექტრონიქსის" ყოფილმა მფლობელმა, ანზორ ქოქოლაძემ, რომ "სამართლიანობის დამკვიდრების გარეშე ამ ქვეყანას პერსპექტივა  არა აქვს!"

  თუმცა, ჩვენდა სამწუხაროდ,  ვერ მივიღეთ პასუხი კითხვაზე: როგორ  დამკვიდრდება ქვეყანაში სამართლიანობა , თუ ხელისუფლებამ პოლიტიკური ნება არ გამოიჩინა და თუ საზოგადოებამ არ აიძულა იგი- ასე მოიქცეს! 

    სხვათაშორის,  სიტყვა "აიძულა"   რამდენჯერმე  გაჟღერდა კონფერენციაზე , მაგრამ, მას სათანადო რეზონანსი  არ მოჰყოლია.  არადა, რაც არ უნდა კეთილი ნება უძღოდეს წინ საზოგადოებრივი მოძრაობის  დაფუძნებას, თუ  იგი ნახევრად     კრიტიკით    და საერთოდ , ნახევრად ზომებით შემოიფარგლა,  "ნახევრად  ორსულის" პოზაში აღმოვჩნდებით, რომელიც ბუნებაში არ არსებობს !

   კონფერენციაზე რამდენიმე გამომსვლელი შეეცადა ყველაფრისთვის დაერქვა თავისი სახელი და კონკრეტული წინადადებებიც წამოეყენებინა. სხვა საკითხია, ჰპოვებს  თუ არა იგი პრაქტიკულ ასახვას მოძრაობის საქმიანობაში.

 განსაკუთრებით  მიზანსწრაფული ჩანდა  ბატონების  მამია  სანადირაძის, თეიმურაზ კვარაცხელიას, ნაპოლეონ ქარქაშაძის, თამაზ ერლიზბარაშვილის რეკომენდაციები და პირუთვნელი   შეფასებები.

  ასე მაგალითად, მამია სანადირაძის თქმით, როგორ შეიძლება სამართლიანობის დამკვიდრებაზე  იყოს საუბარი, როცა ქვეყანას 1400 -ის ნაცვლად ჰყავს  400 პროკურორი და მათი უმრავლესობა ის ადამიანები არიან, ვინც თავად აფორმებდნენ უსამართლობას და დანაშაულებრივი რეჟიმის სამსახურში იდგნენ. ამ თვალსაზრისით , დღევანდელ ხელისუფლებას  არაფერი გაუკეთებია, არც სამართლებრივი სისტემა შეუცვლია  არსებითად და არც პროკურორების რიცხოვნობის გადახედვაზე უფიქრია.

  როგორც მოსალოდნელი იყო, კონფერენციას არც პოლიტიკური განცხადებების გარეშე ჩაუვლია. იყო საუბარი, რომ დღევანლდემა ხელისუფლებამ ხალხის იმედები არ გაამართლა - ქვეყანას, რომელსაც 200 პოლიტპატიმარი ჰყავს  და არც ერთი  საქმე ბოლომდე  არ მიუყვანია, რომელ  სამართლიანობაზეა საუბარი. მართალია ,  ქუჩაში არ ხვრეტენ   ადამიანებს და ჯიბეში ნარკოტიკებს არ უდებენ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი!... 

  იყო ბრალდებები, რომ ნეპოტიზმით არჩევენ კადრებს სამართალდამცავ სტრუქტურებში და   დამნაშავეებს აწინაურებენ, რაც დაზარალებულთა აღშფოთებას იწვევს და ა.შ.

ორიგინალური იყო თამაზ ელიზბარაშვილის  მოწოდება, რომ საჭიროა ბრძოლა    სამართლიანობის დასამკვიდრებლად - უნდა ვაიძულოთ  ხელისუფლება შეასრულოს წინასაარჩევნო დაპირებები. -აღნიშნა მან და დაამატა: მიუხეავად იმისა, რომ სასამართლოს გზით თავისი წართმეული ქონება დაიბრუნა  (ეს მართლაც უპრეცნდენტო შემთხვევაა).  დაზარალებულების  გვერდით დგება და ბრძოლას მათთან  ერთად გააგრძელებს!

   საკმაოდ დამაფიქრებლად  მეჩვენება  ყოფილი გენპროკურორის , ცნობილი იურისტის ბ -ნ გია მეფარიშვილის განცხადება, რომ, თუ ხელისუფლებამ არ შეასრულა თავისი  ვალდებულება - არ დასაჯა დამნაშავე, არ  აუნაზღაურა მოქალაქეებს მიყენებული ზარალი, თვითგასამართლების (ლინჩის)საგანგაშო  პრაქტიკამდე  მივალთ, რაც ფაქტიურად დაანგრევს სახელმწიფოს.

"  უნდა ვიბროლოთ  უფლებების მოსაპოვებლად , მას თავისით არავინ გადმოგვიგდებს.  ხელისუფლება უნდა   ვაიძულოთ გააკეთოს ის, რაც ევალება"- აღნიშნა გია მეფარიშვილმა   და ამით საზოგადოებრივი მოძრაობის ფორმულაც  გამოძერწა!

  თუ ასე არ იქნება, მაშინ ახლადდაფუძნებული საზოგადოებრივი მოძრაობა "აღადგინე და დაამკვიდრე სამართლიანობა" მოძრაობად  დარჩება და სამართლიანობის დამკვიდრებაც " ქართულ ოცნებას" ოცნებად გაჰყვება!      

 ზაურ ნაჭყებია 

 

13-08-2014, 18:13
უკან დაბრუნება