საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ოთარ კახიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის წაყენებული ახალი ბრალდების საქმის მასალები 12 ტომს მოიცავს. ამის შესახებ მან საქმის მასალების მიღების შემდეგ განაცხადა.
"საქმის მასალები 12 ტომია. ჩემდა გასაკვირად საქმეში ჩადეს კანონები. კანონებისა და ნორმატიული აქტების საფუძველზეა მიღებული გადაწყვეტილებები და ისინი დევს საქმეში. კანონები თუ არ მოსწონთ, ერთი საკითხია, მაგრამ უკანონობას ნუ დააბრალებენ თუ კანონის ფარგლებში მოქმედებდა. საუბარია იმაზე, რომ სააკაშვილმა თურმე პიჯაკი იყიდა. ეს სირცხვილია, რადგან პიჯაკებისა და პარიკმახერის ხარჯებს ქვეყნის მეთაურებს არავინ უთვლის", - განაცხადა ოთარ კახიძემ.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილს გუშინ ბიუჯეტის კუთვნილი სახსრების არამიზნობრივად გაფლანგვისთვის წაუყენეს ბრალი.