საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები რამდენიმე პუნქტისგან შედგება.
როგორც დღეს სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე ინფორმაციული უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსმა დავით ღონღაძემ განაცხადა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს უნდა ჰქონდეს უმაღლესი აკადემიური განათლება, მაგისტრი ან მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი.
სამინისტროში აცხადებენ, რომ უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომელთაც აქვთ უცხოეთში მიღებული განათლება ტურიზმის სფეროს მიმართულებით. ასევე საკვალიფიკაციო მოთხოვნებია: ტურიზმის ან მომიჯნავე სფეროებში მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება, მათ შორის, მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება, ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა. უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებიც ფლობენ დამატებით სხვა უცხო ენას, ტურიზმის სფეროს კანონმდებლობას.
"ინფორმაცია კონკურსის შესახებ და საკვალიფიკაციო მოთხოვნები გამოქვეყნდება საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე წწწ.ჰრ.გოვ.გე და სამინისტროს საიტზე. გამოქვეყნებიდან ათი დღის ვადაში მსურველებს შეეძლებათ განაცხადი წარადგინონ საჯარო სამსახურის ვებგვერდის მეშვეობით. კონკურსს ჩაატარებს სამინისტროში არსებული საატესტაციო კომისია", - განაცხადა ღონღაძემ.