"რუსეთი იმდენად მონდომებულია, რომ მისი შეჩერება მხოლოდ სამხედრო ძალით არის შესაძლებელი" - ამ განცხადებას ნატო-ში აშშ-ის ყოფილი ელჩი კურტ ვოლკერი რადიო "თავისუფლებასთან" ინტერვიუში აკეთებს.
"ევროპამ რუსეთის მიერ ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაცია ფაქტად მიიღო. არავინ არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მდგომარეობა შეიცვალოს. ეს დიდი იმედგაცრუებაა. გარდა ამისა, რეგიონში დემოკრატიზაციისა და განვითარების თვალსაზრისით უკუსვლა შეინიშნება.
რუსეთმა ყირიმი ძალიან სწრაფად იგდო ხელთ, თუმცა აღმოსავლეთ უკრაინაში ფეხის მოკიდება გაუჭირდა. ჰუმანიტარული კოლონის შეგზავნის მცდელობით, რუსეთს სურს, დაგვანახოს, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ხელი მიუწვდება.
უკრაინის ჯარმა მცდელობა უნდა აღკვეთოს, ან კოლონას გზა გაუხსნას. ორივე შემთხვევაში რუსეთს მზად ექნება რეაგირების გეგმა. ამ ეტაპზე, რუსეთი იმდენად მონდომებულია, რომ მისი შეჩერება მხოლოდ სამხედრო ძალით არის შესაძლებელი. ეს იმას ნიშნავს, რომ ვიღაც რუსეთს სამხედრო ძალით უნდა დაუპირისპირდეს. უკრაინა ამას უკვე აკეთებს, მაგრამ დანარჩენი ევროპა - არა", - განაცხადა ვოლკერმა.