"დამისახელეთ ერთი მილიარდერი მაინც, რომელიც თავისი შემოსავლების 90%-ზე მეტს ქველმოქმედებას ახმარს" - განცხადებას საქართველოს მთავრობის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელი მანანა თოქმაჯიშვილი სოციალურ ქსელში აკეთებს:
"პრეზიდენტყოფილის განცხადებები რა მოსატანია, მაგრამ მათ გასაგონად, ვინც მის სისულელეს და ბოდვას იმეორებს, მინდა ვთქვა: დამისახელეთ ერთი მილიარდერი მაინც, რომელიც თავისი შემოსავლების 90%-ზე მეტს ქველმოქმედებას ახმარს; თანაც ისეთ საქმეებს, რომელიც ქვეყნის განვითარებას, მის კულტურას და ისტორიას წარმოაჩენს.
რატომ არავინ დაინტერესდა ინფორმაციით, რომელიც ახლახან სრულიად შემთხვევით შევიტყვე ერთ-ერთ ღონისძიებაზე მისულმა (და სადაც მთელი ქართული მედია იმყოფებოდა), რომ 50-ზე მეტი ძეგლის აღდგენა-რესტავრირებას დღესაც ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს?
დოსტოევსკის აქვს ნათქვამი- ადამიანებს გააჩნიათ თვალები და ყურები, მაგრამ არა აქვთ მეხსიერება. იმედი მაქვს, დოსტოევსკი ცდება," - წერს თოქმაჯიშვილი.