შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქურდობის და თაღლითობის ბრალდებით, ირანის ისლამური რესპუბლიკის ორი მოქალაქე – 1976 წელს დაბადებული საიედ ა. და 1989 წელს დაბადებული შაჰრამ რ. დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები 12 ივლისს თბილისში, ჩუბინაშვილის ქუჩაზე, აფთიაქ "ფარმადეპო"-ში ფარულად დაეუფლნენ 230 ლარს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცველებმა საიედ ა. დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე დღეში თბილისში, სხულუხიას ქუჩაზე, ხოლო შაჰრამ რ. რამიშვილის ქუჩაზე დააკავეს.
გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ 10 ივლისს საიედ ა-მ ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე "ბი-თი-ეი" ბანკის მოლარე-ოპერატორს 650 ევრო და 1900 დოლარი მოჰპარა, ხოლო იმავე დღეს, მელიქიშვილის ქუჩაზე, სავალუტო ჯიხურში თაღლითურად დაეუფლა 2 380 ლარს. საიედ ა-მ თანამზრახველ შაჰრამ რ-სთან ერთად 11-12 ივლისს ანალოგიური დანაშაულები თბილისშიც ჩაიდინა, კერძოდ: ბრალდებულებმა მეველის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი სავალუტო ჯიხურიდან – 3 700 დოლარი, ხოლო ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე "ი პჰონე+"-ის მაღაზიიდან 5 250 ლარი და ორი ცალი ძვირადღირებული მობილური ტელეფონი მოიპარეს.
გამოძიება ქურდობის და თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.