რატომ დასჭირდა ერთი თვე დოკუმენტაციაზე გრიფი "საიდუმლოს" მოხსნას და რატომ გართულდა ეს პროცესი? ამ კითხვაზე პასუხი ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ნინო კობახიძემ გასცა და განაცხადა:
–"პრემიერმა ჟურნალისტები შეკითხვის ადრესატთან გადაამისამართა. მიგვაჩნია, რომ საზოგადოებას აღნიშნული შეკითხვა სრულიად ლოგიკურად გაუჩნდა. ასევე, ეს საკითხი უმნიშვნელოვანესია, ვინაიდან ამას აკვირდებიან როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში. ჩვენი ხელისუფლება რადიკალურად განსხვავდება წინა ხელისუფლებისგან, და სწორედ ამიტომ, ვთვლით, რომ ხელისუფლების ყველა წევრი ვალდებულია პასუხი გასცეს ნებისმიერ ლეგიტიმურ შეკითხვას. პრეზიდენტის დღევანდელი კომენტარიდან გამომდინარე კი, კითხვები ისევ უპასუხოდ დარჩა. პრეზიდენტი არ მიიჩნევდა მართებულად გრიფის მოხსნას. მით უმეტეს, რომ გაგზავნილი იყო წერილი და დასკვნა, რომლის მიხედვითაც, თავის დროზე, გრიფის მინიჭება მოხდა უკანონოდ. ვფიქრობთ, პრეზიდენტის მხრიდან კანონზე აპელირება და ხელისუფლების შტოებში გადანაწილებაზე საუბარი უადგილოა".
კობახიძის ამ განცხადებამ უკვე ჰპოვა გამოხმაურება და ექსპერტ გია ხუხაშვილის თქმით, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს "საზოგადოების წინაშე არც კომპეტენცია აქვს და არც დამსახურება, რომ ამდენი ილაპარაკოს".
–"ჩემთვის ირონიის მომგვრელია მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის ნინო კობახიძის ამ პოლიმიკაში შესვლა. საკმაოდ დაბალი რანგის ჩინოვნიკი კანონის სუბორდიანაციას კიდევ ერთხელ არღვევს. საერთოდ გაუგებარია ეს ადამიანი საიდან გაჩნდა და რატომ აძლევს თავის თავს ამდენის უფლებას ?! მას საზოგადოების წინაშე არც კომპეტენცია აქვს და არც დამსახურება, ასე მოულოდნელად ამდენი ილაპრაკოს"- ამბობს ხუხაშვილმა.