უმცირესობის წარმომადგენელი სერგო რატიანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე საკუთარ მოსაზრებას წერს შექმნილ მდგომარეობაზე და სვამს კითხვას....
–"ბატონბიძინას მიხეილ სააკაშვილის დაჭერა უნდა. კაცმა რომ თქვას, რატომ არ უნდა უნდოდეს? რა არის გასაკვირი ამ სურვილში? კაცს ხალხის მხარდაჭერა არ აკლია, შეუძლია არა მხოლოდ მართოს ქვეყანა, არამედ მშვიდად გადააბაროს ეს მოსაწყენი საქმე მათ, ვინც უსიტყვოდ შეასრულებენ მის ბრძანებას. ბატონიბიძინას ძალაუფლების ხარისხი შთამბეჭდავია. მისმა ოპონენტმა ძალაუფლება დაკარგა, ხალხის მხარდაჭერაც აშკარად ნაკლები აქვს.
მაგრამ რა ფასი აქვს ასეთ უპირატესობას, როდესაც ამხელა გამარჯვების შემდეგ, შენთვის არა მხოლოდ გადაადგილების, არამედ საზოგადოებასთან კომუნიკაციის სივრცეც კი შეზღუდულია (არადა როგორ უყვარს ამ კაცს ქვეშევრდომებთან ურთიერთობა, როგორ უყვარს ჩაკითხვები და სხვა ჩა, ჩა, ჩა... და როგორ უყვარს, რომ უსმენენ).
და ამ დროს მისი ოპონენტი ამერიკის კონტინენტიდან რუსეთის საზღვრამდე, უკიდურესი ჩრდილოეთიდან სამხრეთის ქვეყნებამდე დაქრის, მართავს შეხვედრებს, ლექციებს და ლაპარაკობს. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნიდან წასულია, მედიის ყურადღება გაცილებით მეტია მის მიმართ, ვინც დადის, დადის, დადის... გაცილებით მეტია, ვიდრე ბატონიბიძინასადმი.
და უნებლიეთ მოგდის კაცს თავში კითხვა -- ვინ უფრო თავისუფალია, ის, ვინც კვლავ დადის, დადის, დადის... თუ ბატონიბიძინა?
ბატონბიძინას ხშირად ზოოპარკის მბრძანებელს უწოდებენ, მაგრამ აშკარად ცდებიან და ვერ ჩასწვდომიან სიტუაციის ტრაგიზმს. შექმნილი ვითარების პიკანტურობა ხომ იმაში მდგომარეობს, რომ სინამდვილეში ბატონიბიძინა ჩვენს ღვთითკურთხეულ მიწაზე, როგორც სოციალური მოვლენა, ისეთივე უნიკალური ეგზემპლარია, როგორც მისი ზვიგენი, ზებრა, ან პინგვინი. როგორც საჩხერეში პინგვინის, ურეკში ზებრის ან ნარიყალაზე ზვიგენის გამოჩენა პოსტმოდერნული სამყაროს დეკონსტრუქციის უზადო მაგალითებია, ასევე უნიკალურია ბატონიბიძინა, სოციალური თვალსაზრისით. რუსი ოლიგარქი სოციალურად საქართველოში არავის წარმოადგენს. მეტიც, ის ამ თვალსაზრისით მსოფლიოში არავის წარმოადგენს, გარდა რუსეთისა. ოლიგარქების ასეთი სახეობა არსად ხარობს, გარდა ჩრდილო-აღმოსავლეთისა. და აი, გამოჩნდა საჩხერეში თეთრი დათვი და უმტკიცებს ხალხს, მე ისევ ის ბიჭი ვარ, თქვენ რომ იცნობდით, მეც თქვენნაირი ვარ, მე ვიზრუნებ თქვენზე.
პინგვინი, ზებრა და ზვიგენი საკუთარი თავის პროექციაა. ბატონიბიძინა ისეთივე მარტოსულია ამ ქვეყანაში, თავის უნიკალობით, როგორც ზებრა. ისეთივე დაუცველია, როგორც პინგვინი და შეზღუდული სივრცის მიღმა ისეთივე საშიშია, როგორც ზვიგენი.
ის კი დადის, დადის, დადის და ლაპარაკობს... ბატონობიძინა მესმის, თქვენ არ გშურთ მისი, შური მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც სხვას აქვს ის, რაც შენ გინდა, რომ გქონდეს. მესმის, რომ თქვენ არც გინდათ პარიზში სიარული და BBC, CNN - ეთერში საუბარი, ან ევროპის უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრა. მესმის, რომ თქვენი სურვილია, ასეთი უნიკალური ბატონიბიძინას მაუწყებლობა მთელ მსოფლიოზე, ან იქნებ საქართველოზე მაინც, მაგალითად საჩხერედან. მაგრამ თქვენი ეს სურვილი ისეთივე საფრთხეს უქმნის ადამიანთა სურვილს, იარონ თბილისის ან პარიზის ქუჩებში, ლექციები ატარონ ბათუმში ან ბერლინში, როგორც სოლოლაკში ზვიგენის გამოჩენა. შესაძლოა ამის გაცნობიერება უკიდურესი სევდის მომგვრელია, მაგრამ თქვენ საფრთხეს უქმნით არა უბრალოდ კონკრეტულ ადამიანებს, არამედ მთლიანად სოციალურ გარემოს, მთელ ეკოსისტემას.
კაცმა რომ თქვას, არც ზვიგენისთვისაა სასარგებლო სოლოლაკის წყალი, ან პინგვინისთვის იმერეთის ნიავი... ბატონობიძინა, ბატონობიძინა...