მოსალოდნელი სიცხეების გამო შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მოსახლეობას რჩევები მისცა.
"მომავალი დღეების განმავლობაში მოსალოდნელია მაღალი ტემპერატურა. ჩემი რეკომენდაცია იქნებოდა, რომ მოსახლეობამ მიიღოს დიდი რაოდენობით სითხე. წყლის მინიმალური რაოდენობა მოზრდილთათვის უნდა იყოს 2,5 ლიტრი, თუმცა სიცხეში შეიძლება, ეს რაოდენობა 3 ლიტრამდეც გაიზარდოს.
უნდა მოვერიდოთ შუადღის საათებში მზის ქვეშ სიარულს. ეს განსაკუთრებით ეხებათ ბავშვებს, ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს და ორსულებს",- განაცხადა დავით სერგეენკომ.
მომდევნო 10 დღის განმავლობაში საქართველოში უნალექო და ცხელი ამინდი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რეგიონში 19 და 20 აგვისტოს, შესაძლოა, ჰაერის ტემპერატურამ 40 გრადუსს გადააჭარბოს.