ივერიონი / მინისტრები მთავრობის პირველ სხდომაზე კონკრეტული გეგმებით მივიდნენ

მინისტრები მთავრობის პირველ სხდომაზე კონკრეტული გეგმებით მივიდნენ

დღეს ახალი მთავრობის პირველი ოფიციალური სხდომა გაიმართება.  შეხვედრის მთავარი თემა  სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვა იქნება.


სხდომაზე შესვლამდე მინისტრებმა პრესასთან განცხადებები გააკეთეს.


ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით,  რამდენიმე  სამინისტროს ბიუჯეტი ზედმეტად  აქვს გახარჯული. "რამდენიმე საკითხი მაქვს წარმოდგენილი, მათ შორის, ფინანსთა სამინისტროში გასატარებელი სტრუქტურული ცვლილებები.  გარდა ამისა, წარმოვადგენ ინფორმაციას მიმდინარე წლის ბიუჯეტის და გარკვეული ხარჯების გადანაწილების შესახებ", -აცხადებს ნოდარ ხადური.


რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მთავრობის სხდომაზე სტიქიით დაზარალებული კახეთის საკითხს წამოწევს. "ჩემი მიმართულებით 2 ძირითადი საკითხის განხილვას ვაპირებ. პირველი  საკითხია კახეთის რეგიონში სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისთვის კონპენსაციების და სხვა ღონისძიებების გატარების შესახებ მთავრობის ინფორმირება, მეორე კი მუნიციპალური საბჭოს განვითარების ფონდის განახლებასთან დაკავშირებული საკითხებია", - განაცხადა დავით ნარმანიამ.


საკუთარი გეგმით მივიდა მთავრობის სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრიც. "ჩვენი მთავრობის პრიორიტეტები  უცვლელი რჩება, მიმდინარე პროგრამების განვითარება, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის პროტესტის მართვა", - ამბობს დავით სერგეენკო.


თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია სხდომაზე უწყების ფინანსურ საკითხს წამოწევს. "უწყებების ფინანსური საკითხები იქნება დღეს განხილვის ძირითადი თემა. შეიარაღებული ძალების ფინანსური, კვებისა და გათბობის საკითხები იქნება დარეგულირებული და მოგვარებული", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.


მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საკადრო ცვლილებების განხილვაც მოხდება. პრემიერ-მინისტრთან შეჯერდება იმ მინისტრების მოადგილეების ვინაობა, რომლებიც ამ დრომდე არ არიან დანიშნულები.

31-10-2012, 11:58
უკან დაბრუნება