მიუხედავად იმისა, რომ შს სამინისტროს ინფორმაციით ბოლო ხანებში საკმაოდ შემცირდა დანაშაულები და გაუმჯობესდა კრიმინოგენული მდგომარეობა, დედაქალაქში ბოლო დღეების განმავლობაში არსებულმა სურათმა მოვლენები სხვა თვალით დაგვანახა.
,,IPM"-ის მიერ ,,ნიუპოსტისთვის" მოწოდებულია კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობა კრიმინალური მდგომარეობას ქვეყანაში შემდეგნაირად აფასებს: რესპონდენტების 28% მიიჩნევს, რომ ქვეყანაში კრიმინალური მდგომარეობა გაუარესდა, 51% მიიჩნევს, რომ ამ მიმართულებით არაფერი შეცვლილა, ხოლო 21% მიიჩნევს, რომ სიტუაცია გაუმჯობესდა.
რას ფიქრობს ამ საკითხზე ერთ დროს თავად პატიმარი, ახლა კი არასამთავრობო ორგანიზაციის "ახალგაზრდები ახალგაზრდობისა და მომავლისათვის" თავმჯდომარე ალექსანდრე ახალკაცი?
–ჯერ დავიწყოთ იქიდან, თუ რა პერიოდის შემდეგ გახშირდა? თუ მეტყვით, რომ კრიმინალი გაიზარდა 2010 ან 2012 წელთან შედარებით, ვერ დაგეთანხმებით, რადგან იმ პერიოდში ბევრად მაღალი იყო კრიმინალის დონე, მაგრამ მაშინ ვერავინ ბედავდა ერთეულების გარდა ეთქვათ, რომ ის დააკავეს სახელმწიფოს მაღალჩინოსნებმა. კრიმინალს სწორედ მთავრობა ჩადიოდა და დღეს პროკურატურაში შეტანილი საჩივრები სწორედ ამას მოწმობს. გამოითხოვეთ მონაცემები, გაყავით ის ცხრა წელზე და ნახავთ, რომ რეალურად კრიმინალის დონე ათჯერ და მეტჯერ მეტი იყო. ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვინმე წამართმევს ტელეფონს ღამით ქუჩაში თუ კონფისკაციას გამიკეთებენ სრულიად უსაფუძვლოდ. რაც შეეხება ოპონირებას თითქოს კრიმინალის ზრდა გამოიწვია ამნისტიამ, ესეც საფუძველს მოკლებულია, რადგან როგორც წესი დანაშაულს სჩადიან არაგათავისუფლებული პირები, ანუ ამინისტიით გამოსული ადამიანების გამო კრიმინალი არ გაზრდილა! რაც მთავარია არაავტორიტარულ და არა დიქტატორულ სახელმწიფოში ცხოვრება ნიშნავს, რომ ადამიანები არ არიან წნეხის ქვეშ და შესაძლოა ვინმემ კრიმინალიც ჩაიდინოს, თუმცა ამ შემთხვევაში არსებობს სამინისტრო, რომელიც მუდამ უნდა იდგეს თითოეული ადამიანის უსაფრთხოების სადარაჯოზე. მოქალაქე მთავრობას აძლევს მანდატს სწორედ საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
–კომპანიის მიერ კვლევა ჩატარდა პატრულის ნდობასთან დაკავშირებითაც.თუ შევაფასებთ პატრულის მიმართ მოსახლეობის ნდობის ცვლილებას ბოლო 3 წლის განმავლობაში, ვნახავთ რომ არის ნდობის დონის კლების დინამიკა, კერძოდ კი, თუ 2012 წელს მოსახლეობის 12% არ ენდობოდა პატრულს, 2014 წელს ამ მაჩვენებელმა 18%-ს მიაღწია. როგორ ფიქრობ, რამ გამოიწვია პარტულის ნდობის დაკარგვა?
–მე არ ვფლობ ინფორმაციას, რომ პატრულის თანამშრომლები ჩადიოდნენ დანაშაულს, იღებდნენ ქრთამს და ასე შემდეგ, რაც გამოიწვევდა ამ ინსტიტუტის მიმართ ნდობის შემცირებას, თუმცა ეს შესაძლოა იმითაც იყოს გამოწვეული რომ... მოკლედ მე მხვდება ბევრი ადამიანი, რომელიც უკმაყოფილოა პატრულით და იცით რატომ? იმიტომ რომ პატრული მათ ყველაფერზე აჯარიმებს. რომ გაიზარდა ჯარიმები. შესაძლოა ესეც იყოს ამ სკეპტიციზმის ზრდის მიზეზი, რადგან ზუსტად ვიცი საკუთარი დანაშაულებების გადაფარვის მიზნით წინა მთავრობის დროს ხშირად არ წერდნენ ჯარიმებს, ეს ბრძანება იყო ზემოდან– მერაბიშვილისაგან, რომ ეჩვენებინათ დასავლელი პარტნიორებისთვის როგორი ქვეყანა ააშენეს, მაგრამ თუ ნდობის შემცირება გამოწვეულია იგივე ქრთამის გაჩენით ამ სისტემაში ან თანამშრომლების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების გამო, მოვუწოდებ ბატონ ჭიკაიძეს სასწრაფოდ მიიღოს ზომები. ძალიან მნიშვნელოვანია მოქალაქეებს ნდობა ჰქონდეთ შსს–ს მიმართ.
–საზოგადოება ძალიან კარგად გიცნობს და თითქმის ყველაფერი ისიც შენს შესახებ, ამიტომ აღარ განვმეორდები და მხოლოდ ერთ გკითხავ–რა ეტაპზეა შენთვის პოლიტდევნილის მონიჭების საქმე?
–საქართველოში ათ ყველაზე მძიმე ავადმყოფებში ვიყავი და ღმერთის ნებით გადავრჩი, თუმცა გათავისუფლების შემდეგ დამიდასტურეს ეკა ბესელიას კომიტეტიდან, რომ ჩემს მიმართ განხორციელდა პოლიტიკური დევნა... ეს ყველამ იცის... ამ დღეებში კიდევ ჩავდივარ პატლამენტში და საბუთები ჩამაქვს, თან ოფიციალურად ვუდასტურებ, რომ არ მინდა ამათი კომპენსაცია. ეს ჩემი საქმეა და თუ ამის გამო დამაპატიმრეს, ადამიანების კისრიდან არ მინდა თანხების ამოღება! სამართალმა კი უნდა იზეიმოს!