ივერიონი / პატიმარმა შიმშილობა განაახლა, მისი მეუღლე კი ამბობს:–მეც დავიწყებ შიმშილობას, თუ სიკვდილი გვიწერია ამ დაუნდობელ ქვეყანაში, ერთად მაინც მოვკვდებით!"

პატიმარმა შიმშილობა განაახლა, მისი მეუღლე კი ამბობს:–მეც დავიწყებ შიმშილობას, თუ სიკვდილი გვიწერია ამ დაუნდობელ ქვეყანაში, ერთად მაინც მოვკვდებით!"

   ზუსტად ორი თვის წინ, 17 ივნისს "ივერიონს" პატიმრის გიორგი ანდრიაძის მეუღლე თამილა გოქაძე დაუკავშირდა და წერილის გამოქვეყნება სთხოვა. წერილში მისი პატიმარი მეუღლის უკანონო დაკავებაზე ყვება და შესაბამის სტრუქტურებს სიმართლის დადგენაში დახმარებას სთხოვს.

   დღეს თამილა გოქაძე ისევ დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ გიორგი ანდრიაძემ შიმშილობა განაახლა, რაც მისი ჯანმრთელობისთვის შეიძლება სავალალო შედეგით დასრულდეს.

   –"ძალიან გთხოვთ, კიდევ ერთხელ მოუყვეთ საზოგადოებას ჩემი ოჯახის გაჭირვება, კიდევ ერთხელ დამეხმარეთ ხმის მიწვდენაში, გიორგიმ შიმშილობა ისევ დაიწყო, არადა ცუდად არის. არაფერი შეცვლილა, მეც დავიწყებ შიმშილობას, თუ სიკვდილი გვიწერია ამ დაუნდობელ ქვეყანაში, ერთად მაინც მოვკვდებით! სხვა არაფერი დამრჩენია. 24 წლის ბიჭი მისი სიმართლისთვის იბრძვის, მაგრამ უშედეგოდ. ის არ აღიარებს იმას, რაც არ ცაუდენია. მაგას რომ რამე დაემართოს, არ ვიცი რას ვიზამ, ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ. გთხოვთ, დამეხმარეთ სიმართლის დადგენაში!"

 

   ორი თვის წინ გამოგზავნილ  წერილს კიდევ ერთხელ  უცვლელად გთავაზობთ, რათა შევძლოთ პატიმრის მეუღლის სიტყვების შესაბამის ადამიანებამდე მიტანა.

    -"დღევანდელ ხელისუფლებაშიც არიან დარჩენილი წინა ხელისუფლების ნარჩენები, რომლებიც ისევ ძველ გზას აგრძელებენ და ჩადებებით ხსნიან საქმეებს. პატიმარი, რომელზეც გესაუბრებით არის 24 წლის გიორგი ანდრიაძე, ის უკანონოდ აყვანილია ქ.ქუთასაისის მე-3 განყოფილების მიერ. მას არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია, მის მიმართ შეთითხნილია ბრალდება. ვითხოვთ სიმართლის დადგენას. პოლიციას ძალიან ბევრი შეცდომები აქვთ გიორგის საქმეში. გამოძიება არასწორი მიმართულებით მიდის ქუთაისის რაიონული პროკურატურის მხრიდან, არ ხორციელდება სწორი და კანონიერი საპროკურორო ზედამხედველობა. ამ ქმედებიდან ჩანს დაგეგმილი და უკვე განხორციელებული უკანონო ბრალის წაყენება. ადვოკატს არ აძლევენ საშუალებას მოაგროვოს მტკიცებულებები, რომელიც გაამართლებს პატიმარს. რადგან აქ ვერ ვიპოვეთ სამართალი მივმართეთ სახალხო დამცველს ბატონ ნანუაშვილს, ასევე გავაგზავნეთ საჩივარი  ბატონი ბადაშვილის და ბატონი ჭიკაიძის სახელზეც. როგორც ჩანს განიხილეს და სამინისტრომ დაავალა საოლქო პროკურორს ჯალაღანიას მოეხდინა რეაგირება, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს საქმე ისევ გადაეცა საქალაქო პროკურორს, ადამიანს, რომელსაც ვუჩიოდი საქმის გულგრილობისთვის, ამის შემდეგ საქმე უფრო გართულდა, მათი ქმედება პირად ანგარიშსწორებას დაემსგავსა. როდესაც ვუთხარი, მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩემი მეუღლის უდანაშაულობა დავამტკიცოთქო, ასეთი პასუხი მივიღე ქ.ქუთაისის მთავარი პროკურორისგან-  ანალოგიურად შენც  იყავი დარწმუნებული იმაში, რომ ყველაფერს გავაკეთებ, შენ ქმარი დამნაშავედ ცნონო და მეშინია ეს მუქარა არ აასრულოს.     

    პროკურატურის მხრიდან შეგნებულად არ იქნა დაკმაყოფილებული შუამდგომლობები, ათი შუამდგომლობიდან რომელიც დამცველმა ითხოვა, რვაზე უარი მივიღეთ. რაიონულმა პროკურატურამ ძალიან კარგად იცის რა შედეგებიც იქნებოდა თუ ადვოკატის მოთხოვნებს დააკმაყოფილებდნენ. რატომღაც ხელს აფარებენ დამნაშავე პოლიციელებს.(რომლებიც კიდევ გავიმეორებ ძველი ხელისუფლების ნარჩენები არიან) რატომ არ სურთ მოპოვებულიყო მტკიცებულებები, რომელიც გაამართლებდა პატიმარს? ჩვენ ვითხოვთ ჩატარდეს სრულყოფილი და კანონიერი გამოძიება. 

    პატიმრის საჩივარი  2014 წლის 10 ივლისს შეიტანა ადვოკატმა საოლქო პროკურორ ბატონ ჯალაღანიასთან და არ ვიცით რა რეაგირება მოჰყვება მას. პატიმარმა უვადო შიმშილობა გამოაცხადა  და ეხლაც შიმშილობს . მას ჯანმრთელობა არ უწყობს ხელს, მაგრამ სხვა გზა არ დაუტოვეს,,მას უნდა სიმართლის დამტკიცება, რომ ის უდანაშაულოა.

   ჩვენ გვაქვს ალიბი, რომ იმ დროს, როდესაც დანაშაული (ე.წ ბინის ქურდობა) მოხდა, გიორგი სახლში იყო, ამას ადასტურებს არა მარტო ოჯახის წევრები, არამედ ათობით ადამიანი, მაგრამ პოლიციელებისთვის თურმე არ ქმნის ალიბი მტკიცებულებას. პროკურორის თქმით არ ქმნის კამერა  მტკიცებულებას. უკანონო დაკავება, რომელიც განახორციელა პოლიციამ არაერთ კამერას აქვს დაფიქსირებული, სამარშუტო ტაქსიდან ჩამოსულს თავზე დააცხრნენ, დაკავებისას არ განუმარტავთ არანაირი უფლება, ჩხრეკა და ოქმის შედგენა ადგილზე არ მომხდარა, თუმცა ამბობენ, რომ ადგილზე ჩაატარეს ეს ყველაფერი. კამერებს აქვს დაფიქსირებული სიმართლე, მაგრამ ფირების ამოღების უფლებას არ გვაძლევენ. 

    მე-3 განყოფილების პოლიციელებს არ აქვთ არანაირი ნიჭი გამოიძიონ საქმე, რადგან ეს ძალიან შრომატევადია, თავს არ იწუხებენ და  იოლი გზით ხსნიან საქმეებს.

   ის, ვინც ნამდვილი დამნაშავეა ქუჩაში დადის, უდანაშაულო ადამიანს კი ტყუილა სჯიან არ ჩადენილი დანაშაულის გამო. სიხარულით შევეგებეთ ახალ მთავრობის მოსვლას, ნუთუ ასეთი უსამართლობა უნდა ხდებოდეს? 

   თუკი სამართალი ამ ქვეყანაში ვერ ვიპოვეთ მე და ჩემი ოჯახი საქართველოს მოქალაქეებად აღარ ჩავთვლით თავს. ეს ქვეყანა ჩალით ხომ არ არის დაფარული, მე მინდა  სამართლის პოვნა! პირადად გვინდა მოხვედრა გენერალურ ინსპექციაში, იმედია სამართალს მაპოვნინებენ".

 

   ჩვენ კი იმედს ვიტოვებთ, რომ როგორც წინა ასეთი ისტორიების მოსმენისას დაგვიკავშირდნენ უფლებადამცველები და არასამთავრობო ორგანიზაციები, ახლაც გულთან მიიტანენ ამ ოჯახის გასაჭირს და სიმართლის დადგენაში დაეხმარებიან.

 

 

17-08-2014, 14:23
უკან დაბრუნება