საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას აღნიშნა, ის მოხარულია, რომ ჯარის ნაწილი წირვას დაესწრო.
"ყველაფერი იცვლება და ჩვენც ვიცვლებით; უკეთესობისკენ ვიცვლებით. მე მოხარული ვარ, რომ ჯარის ნაწილი იმყოფება აქ. ხალხი უყურებს მათ, როგორც საკუთარ შვილებს, გაუცხოება რაც იყო საბჭოთა კავშირის დროს, აღარ არის. ეს არის ძალიან ბრძნული გადაწყვეტილება, რომ წირვას ესწრება ჩვენი ჯარის ნაწილი.
ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენი ხალხი უყურებდეს ჩვენს ჯარს, როგორც საკუთარ შვილებს და გავაკეთებთ ყველაფერს, რომ მშვიდობიანად გრძნობდეს ჯარი თავს და არასოდეს არ იყოს გამოყენებული. პოლიტიკოსები ამბობენ, რომ თუ გინდა მშვიდობა, უნდა შეიარაღდე და ამიტომ ჯარი უნდა იყოლიო.
ამიტომ, ჩვენი ჯარი უნდა იყოს ძლიერი. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მტერმა არ გაბედოს საქართველოში შემოსვლა და საქართველოზე გალაშქრება. რამდენიმე დღის წინ ჩვენ ვიყავით დიდგორზე და უნდა ითქვას, რომ დიდგორი არ დამთავრებულა. როგორც ადრე ვთქვით, სანამ იქნება დედამიწა, დიდგორი იქნება. შევთხოვთ უფალს, რომ საქართველო მუდამ გამარჯვებული იყოს",-განაცხადა პატრიარქმა.