განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების პერსპექტივები წარადგინა. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით "შერატონ მეტეხი პალასში" კონფერენცია მიმდინარეობს. კონფერენციის დაწყებამდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ კომენტარი გააკეთა.
მისი თქმით, 2013 წელს პირველად დაიწყო მონიტორინგი სკოლებში, რომელიც აკვირდებოდა თუ როგორ ინერგებოდა სასწავლო გეგმა, აქედან გამომდინარე დაინერგა ცვლილებები.
"გახანგრძლივდა სასწავლო წელი ძირითადად ზამთრის არდადეგების ხარჯზე. სასწავლო წელი გახდა 36 კვირიანი. იგი უკვე შესაბამისობაში მოდის საერთაშორისო სტანდარტთან.
დაიხვეწა დამრიგებლის საათის შინაარსი. დაწყებით საფეხურზე პირველ პლანზე წამოიწია წაკითხულის შინაარსის გააზრებამ, ანალიტიკურმა აზროვნებამ. საერთაშორისო კვლევებმა ამ კონკრეტული მიმართულებით ჩავარდნები აჩვენა, ამიტომ ჩვენ ვიწყებთ დაბალი კლასებიდან. შემდეგ საბაზო საფეხურზე ასეთი დამატებითი საათები დაეთმობა პროფორიენტაციას და კარიერის დაგეგმვას, რომელიც ასევე მოიცავს ექსკურსიებს საწარმოებში, სხვადასხვა კომპანიებში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. აბიტურის საათი, რომელიც გაურკვეველი და მოუქნელი იყო გახდება საჭიროებებზე მორგებული და სკოლა გადაწყვეტს რომელ საგანში იქნება საჭირო ასეთი დამატებითი საათების ჩატარება", - განაცხადა სანიკიძემ.