მსოფლიო ბანკის მხარდაჭერა საქართველოს - 30 მილიონიან ხელშეკრულებას ხელი დღეს მოეწერა. საქართველოს მთავრობამ და მსოფლიო ბანკმა "რეგიონალური და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის" დასაფინანსებლად ფინანსური რესურსის გამოყოფის შესახებ ხელშეკრულება გააფორმეს.
პროექტის მიზანი მუნიციპალური ინფრასტრუქტურის, მომსახურების გაუმჯობესება და ამავდროულად ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე ინსტიტუციონალური განვითარებაა.
"უმნიშვნელოვანესია ის მხარდაჭერა, რომელსაც მსოფლიო ბანკი ჩვენი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კუთხით გვიცხადებს. პროექტი, რომელიც დღეს ხელმოწერილი ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელდება, მიმართულია საქართველოს რეგიონების სწრაფი განვითარებისა და მოსახლეობის კეთილდღეობისკენ. იგი ხელს შეუწყობს ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე ინსტიტუციონალურ განვითარებას", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.
"საქართველოს მთავრობამ მის მიერ შემუშავებულ სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაში- საქართველო 2020 რეგიონს შორის განვითარების მხრივ არსებულ სხვაობასთან, სიღარიბესთან და უმუშევრობასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება, მთავარ პრიორიტეტებად დაასახელა. ამ მხრივ, ძალზედ მნიშვნელოვანია რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების დაფინანსება, დეცენტრალიზაცია, ეფექტური ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის დაფუძნება და ქალაქებისა და სოფლების სანდო მუნიციპალური ინფრასტრუქტურითა და მომსახურებით უზრუნველყოფა", - განაცხადა ხელმოწერის ცერემონიალზე მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, ჰენრი კერალიმ.