შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, შსს-ს ა/რ სამმართველოს ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობისა და კომპიუტერული მონაცემების უკანონოდ გამოყენების ბრალდებით ბულგარეთის რესპუბლიკის სამი მოქალაქე: 1976 წელს დაბადებული ხრისტო ხ, 1990 წელს დაბადებული ილიან გ. და 1981 წელს დაბადებული ვერონიკა ვ. დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა აგვისტოს დასაწყისში, ქალაქ ბათუმში მდებარე სხვადასხვა ბანკის 5 ბანკომატზე დაამონტაჟეს პლასტიკური ბარათების მონაცემთა უკანონოდ მოპოვება-შენახვისთვის განკუთვნილი სპეციალური მოწყობილობა – ე.წ. "სკიმერი", რომლის საშუალებითაც, თანხების მითვისების მიზნით, სხვისი პლასტიკური ბარათებიდან მონაცემების უკანონოდ მოპოვებას ცდილობდნენ. აღნიშნული მეთოდით ბრალდებულებმა რამდენიმე მოქალაქის კუთვნილი 1100 ლარი მიითვისეს.
სამართალდამცველებმა, ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბანკომატის ეკრანზე დამაგრებული ვიდეო-აუდიო სათვალთვალო და პლასტიკური ბარათის ჩასადებ ჭრილზე მოთავსებული ინფორმაციის წამკითხავი მოწყობილობები აღმოაჩინეს და ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს.