საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ დანელია USAID-ის პროექტის ხელმძღვანელს კავკასიის რეგიონში სტივ ჰაიკინსა და ,,საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის“ ხელმძღვანელ ლუის ფაოროს შეხვდა.
შეხვედრაზე ლუის ფაორომ REAP-ის მიმდინარეობის შესახებ ანგარიში წარმოადგინა. ,,საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის“ მიზანია, ხელი შეუწყოს სოფლად მცხოვრები მოსახლეობის შემოსავლების ზრდას და სამუშაო ადგილების შექმნას, აგრობიზნესში ინვესტიციების მოზიდვას და ტექნიკური დახმარების უზრუნველყოფას.
სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას განცხადებით, საქართველოში USAID-ის არაერთი პროექტი წარმატებით ხორციელდება. დღეისათვის, როდესაც საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას და ამ ხელშეკრულების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილის ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს ჩვენს ქვეყანას.
,,საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის“ ფარგლებში მიღებული დახმარება შესაძლებლობას მოგვცემს სოფლის მეურნეობის დარგში გავზარდოთ როგორც მომსახურების, ისე პროდუქციის ხარისხი. აღნიშნული პროექტი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართული პირებისთვის ითვალისწინებს საგანმანათლებლო მიმართულებით დახმარებასაც, რაც არსებითად მნიშვნელოვანია და დარგის სწრაფ და ეფექტიან განვითარებას უწყობს ხელს.” - განაცხადა ოთარ დანელიამ.