ივერიონი / ვის დაუფრთხო ძილი კახა თარგამაძემ და რა თამაშს თამაშობს მარგველაშვილი?!

ვის დაუფრთხო ძილი კახა თარგამაძემ და რა თამაშს თამაშობს მარგველაშვილი?!

  შევარდნაძის დროინდელ  "რკინის კაცს" - ექს-შინაგან საქმეთა მინისტრს  კახა თარგამაძეს პრეზიდენტმა გიორგი  მარგველაშვილმა უარი უთხრა საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე.
  ჯერჯერობით უარის თქმის მიზეზი დაუზუსტებულია, თუმცა, იგულისხმება, რომ თარგამაძეს უარს ეუბნებიან ორმაგი მოქალაქეობის მინიჭებაზე, რაც საქართველოს კონსტიტუციით საქართველოს პრეზიდენტის პრეროგატივაა .
  მახსენდება საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის  ილიაII-ის სიტყვები, რომელიც მან ჯერ კიდევ 2012 წელს ბიძინა ივანიშვილისთვის  მოქალაქეობის არმინიჭების გამო განაცხადა. " არავის არა აქვს უფლება უარი უთხრას ქართველს საქართველოს მოქალაქეობაზე". ბუნებრივია, ეს სიტყვები ვრცელდება კახა თარგამაძეზეც, რომელმაც საქართველოს თავი დაამახსოვრა, როგორც შევარდნაძის  ხელისუფლების საკმაოდ ოდიოზურმა  ფიგურამ.
  დიახ, "რკინის კაცად" წოდებული კახა თარგამაძე  სწორედ ის "მძიმეწონიანი" ფიგურაა, ვის გადადგომასაც ზურაბ ჟვანიამ თავის დროზე პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა შესწირა.
   საქმე ეხება 2001 წელს " რუსთავი-2"-ის შენობაში უშიშროების სამინისტროს "შეჭრასთან"  დაკავშირებულ პერიპეტიებს , რომელიც გრანდიოზულ  საპროტესტო აქციაში გადაიზარდა და რომელსაც  მაშინდელი პარლამენტის თავმჯდომარისა და მთავრობის სრული შემადგენლობით გადადგომა მოჰყვა.
  ახლაც ყურში ჩამესმის მაშინდელი გენ-პროკურორის ბატონ გია მეფარიშვილის მიერ მაშინდელი პარლამენტის საგანგებო სხდომაზე წარმოთქმული  სიტყვები, რომ "არც-ერთი თანამდებობა არ ღირს თუნდაც ერთი ადამიანის სისხლის ფასად". ბევრმა ეს სიტყვები და ხელოვნურად აგორებული საპროტესტო აქციისადმი ლოიალური დამოკიდებულება გენ-პროკურორს სისუსტედ ჩაუთვალა, თუმცა, დრომ დაადასტურა, რომ გია მეფარიშვილი სწორად მოიქცა მაშინ- ბნელი ძალების მიერ დაგეგმილი სისხლისღვრა თავიდან ავიცილეთ და ე.წ. რეფორმატორების (სააკაშვილი, ჟვანია)  ხელისუფლებაში მოსვლა ორი წლით გადაიდო!..
  სხვათაშორის, მაშინ ძალიან აქტუალური იყო კითხვა:   რატომ დათანხმდა შევარდნაძე პროტესტანტების მოთხოვნას  და რატომ გადაუგდო მათ ის "ბარტყი" (თარგამაძე), რომელზეც მისი ხელისუფლება იდგა?!
   ამ კითხვაზე პასუხი 2003 წლის ვარდების რევოლუციამ გასცა. მას არ სურდა სისხლიანი ხელისუფალის იმიჯით შესულიყო ისტორიაში (სხვა საკითხია, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოვლენები და ის "სისხლიანი გადაწყვეტილებები", რომელსაც მას აბრალებენ!!!)
   ახლა ბევრი ფიქრობს,  2001 წელს შევარდნაძე მოწოდების სიმაღლეზე დამდგარიყო და კახა თარგამაძე ხელოვნურად აგორებული საპროტესტო აქციის გამო არ გაეწირა ,2003 წლის ნოემბერიც არ იქნებოდა!
  თუმცა, ასე  დღევანდელი  გადასახედიდან ჩანს  მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა კორუფციის ჭაობში იყო ჩაფლული  და შევარდნაძეც  ლოიალური პრეზიდენტის თამაშს თამაშობდა, კახა თარგამაძე და ნუგზარ საჯაია ( უშიშროების საბჭოს მაშინდელი მდივანი) სწორედ ის ფიგურები იყვნენ, ვისზეც   იდგა შევარდნაძე და ვინც  ყოველნაირად უშლიდა ხელს  ლიბერასტების მოსვლას ხელისუფლებაში.
    თუ ერთი აიძულეს ნებაყოფლობით წასულიყო თანამდებობიდან, მეორე ისე მოიშორეს, რომ თვითმკვლელობის ვერსია საეჭვო არ ყოფილიყო .
  კახა თარგამაძემ რუსეთს შეაფარა თავი და ამით ოსტატურად დაუსხლტა "ნაციონალურ" რეჟიმს, რომელიც სამაგალითო დასჯას ნამდვილად არ დაამადლიდა!
  დღეს უმეტესობა თარგამაძეს რუსეთის "აგენტად"  მიიჩნევს  და მისი გამოჩენა ქართულ მედიაში  ხშირად  გაღიზიანებას იწვევს.
  მიუხედავად იმისა, რომ "რკინის კაცი" ირწმუნება, პოლიტიკა ჩემი  საქმე არ არისო, მაინც არ ენდობიან და ეს უნდობლობა  მოქალაქეობის მინიჭებაზე უარის თქმითაც დადასტურდა!
  დღეს წავიკითხე შევარდნაძისდროინდელი     ექს-ფინანსთა მინისტრის, ჩემთვის ღრმად პატივსაცემი ადამიანის,   ბ-ნ დავით იაკობიძის   ფეისბუქ - სტატუსი, სადაც იგი გმობს მარგველაშვილის გადაწყვეტილებას და კახა თარგამაძისთვის საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმას უარყოფითად აფასებს. უნდა დავეთანხმო ბატონ დავითს იმ ნაწილში, სადაც საკუთარ ქვეყანაში  მოქალაქეობაზე უარის თქმა ადამიანის წმიდათა წმინდა  უფლების  უხეში დარღვევაა, მაგრამ, მე მიჩნდება ლოგიკური კითსვა : (სხვათაშორის იგივე კითხვა გამიჩნდა თავის დროზე სალომე ზურაბიშვილის მიმართაც) რატომ არ ამბობს თარგამაძე უარს რუსეთის მოქალაქეობაზე? როგორც ბიძინა ივანიშვილის და სალომე ზურაბიშვილის შემთხვევაში, აქაც საქმე გვაქვს  ე.წ. "ჯავშანთან" (უცხოეთის მოქალაქეობა თავისთავად ჯავშანია), რომლის დათმობაც კახა თარგამაძეს არ სურს!
  მარგველაშვილის უარში ერთი ქვეტექსტი იკითხება , რომელიც პირდაპირ უკავშირდება "ნაციონალური" "რეჟიმის"  დამოკიდებულებას კახა თარგამაძის მიმართ!(„ნაციონალებმა“  მარგველაშვილს თავისი პოზიციის გამო ლამის მადლობაც კი გადაუხადეს)
  მათ ახლაც ეშინიათ იმ ძველი "რკინის კაცის", რომელიც დღესაც რუსულ სამართალდამცავ სტურუქტურებთან  ასოცირდება და რომელსაც შეუძლია პრობლემების შექმნა მათთვის, და მათი მხარდამჭერებისთვის...
   აქედან დასკვნა მარტივია: მარგველაშვილმა კოჭი " ნაციონალებს" გაუგორა და ამით მისი თანაგუნდელების (წულუკიანი) პოზიციას ცივი წყალი გადაასხა.
  სხვათაშორის, მარგველაშვილის  ტრიუკები ამ ბოლო ხანებში უცხო არ არის . აქედან გამომდინარე, საეჭვო არ უნდა იყოს, რომ იგი დამოუკიდებელი თამაშის წამოსაწყებად ემზადება ( თუ უკვე დაწყებული არა აქვს).
   რაც შეეხება კახა თარგამაძეს, თუ მას ნამდვილად გაუჩნდა ნოსტალგია საქართველოს მოქალაქეობაზე, დაემშვიდობოს ბატონო  რუსეთის მოქალაქეობას და  უარის თქმის საფუძველიც მოისპობა. თუმცა, მარგველაშვილის მხრიდან უარის მიზეზი მარტო ორმაგი მოქალაქეობა რომ არ არის, ეს ყველასთვის ცხადია.
  P.S  ქვეყანა, რაღაც "ახლის" მოლოდინშია.ამის გთვალისწინებით არც თარგამაძის  სურვილი საქართველოს მოქალაქეობის აღდგენაზე (მინიჭებაზე)  შეიძლება ჩაითვალოს შემთხვევით მოვლენად. ალბათ ვიღაცა ამას რაღაცისთვის გამოიყენებს. ვნახოთ!



   ზაურ ნაჭყებია

20-08-2014, 14:48
უკან დაბრუნება