გუშინ ჟურნალისტმა დარეჯან ლიპარტელიანმა საკუთარი საინფორმაციო სააგენტოს ვებ -გვერდზე ("exclusivenews" )შოკისმომგვრელი სტატია გამოაქვეყნა სათაურით: "გიორგი ვაშაძის ძმა გათხოვდა".
რაც არ უნდა დანაშაულებრივი რეჟიმის ოჯახის წევრთან გვქონდეს საქმე, რაც არ უნდა პრესის თავისუფლებით სარგებლობდე, ასეთი სახის ინფორმაციის გავრცელება, თუნდაც მყარ არგუმენტებზე იყოს დაფუძნებული, ადამიანის პირადი ცხოვრების უხეში ხელყოფაა!
ყბადაღებული ანტიდისკრიმინაციული კანონის მოთხოვნებს რომ თავი დავანებოთ, ადამიანის პირადი ცხოვრება, მისი პირადი ცხოვრებაა და იგი თვითონ აგებს პასუხს თავის საქციელზე უფლის წინაშე!
ვაშაძის ძმის ადვოკატობა ღმერთმა დამიფაროს, , მაგრამ ასეთი "შოკისმომგვრელი" ინფორმაციით სპეკულირებას და ამით ჟურნალისტური გამბედაობის დემონსტრირებას ნამდვილად არ მივესალმები.
ვფიქრობ, ნებისმიერმა მედია- საშულებამ მიუკერძოებელი და არსებითი ხასიათის ინფორმაციებით უნდა მიიპყროს მკითხველის ყურადღება და არა ასეთი,პიროვნების (ვინც არ უნდა იყოს იგი) შეურაცხმყოფელი სტატიებით.
მაინტერესებს, რა განსხვავებაა, "ნაციონალური" რეჟიმის ტოტალურ თვალთვალს, პორნოსიუჟეტების "დახვავებასა" (რის გამოც საზოგადოების დიდი ნაწილი ყურებით ჰყავდათ დაჭერილი) და ქალბატონ დარეჯან ლიპარტელიანის მიერ უცერემონიოდ გავრცელებულ ინფორმაციას შორის?!
ჩემთვის ასევე გაუგებარია, ჟურნალისტ ელისო კილაძის სტატუსი-მუქარა, რომელიც გმობს კოლეგის საქციელს და თან იმუქრება- იგი ამუნათებს ჟურნალისტებს, გაიხსენონ თავიანთი წარსული და თუ ეს მუქარა მათთვის გასაგები არ იქნება, მზად არის ყველაფერი გააშიშვლოს!
კომპრმატების ომი ბინძურ პოლიტიკაში მოსულა, მაგრამ ჟურნალისტიკაში იგი უფრო ბინძურის შთაბეჭდილებას ტოვებს!
რა ხდება კოლეგებო, ჟურნალისტიკა მართლაც პროსტიტუციაა?!
საბა საბახტარაშვილი