"ეროვნულ-რელიგიური ინსტიტუტის" დამფუძნებელი ზვიად ტომარაძე 20 აგვისტოს ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში გასულ ვახო სანაიას გადაცემას სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს:
–" ვახო სანაიას გადაცემაში, რომელიც "კაზანტიპის ფესტივალს" მიეძღვნა, მიწვეულნი გახდნენ მომღერალი სტეფანე, ჟურნალისტი ნათია კობერიძე და მამა ალექსანდრე (გალდავა).
კაზანტიპის შესახებ იმდენი რამ ითქვა, მასზე აღარ შევჩერდები. გადაცემაში აგრესიული საუბრით გამოირჩეოდა სტეფანე: "ტაბურეტკებით სირბილი მორალია? ჯობია ჯერ თავად დალაგდეთ საკუთარ ორგანიზაციაში", "მე წაკითხული მაქვს ბიბლია, მე მთელი ცხოვრებაა ვცდილობ გავიგო ბიბლია", "ღვთის სიტყვა არის მშვიდობა, სიყვარული და რაც შეიძლება ნაკლები აგრესია."
სამარცხვინოა როდესაც მიხეილს სააკაშვილის კარის მომღერალი საუბრობს სიყვარულზე და თურმე აგრესიის მიუღებლობაზე. სანდრო გირგვლიანზე, ბუტა რობაქიძეზე, ზურა ვაზაგაშვილზე ამოუღია ხმა? თუ ის არ არის აგრესია?
ციხეებში განვითარებულ მოვლენებზე რას გვეტყვის? ან 7 ნოემბრისა და 26 მაისის მხეცურ დარბევებზე, წართმეულ ქონებაზე და სხვა მრავალ უკეთურებაზე...?
ბიბლიის მკითხველ მომღერალს, რომელიც მართლმადიდებლობაში მხოლოდ თავის დახრასა და სიყვარულს ხედავს, ასევე შევახსენებ კონსტანტინოპოლის პატრიარქის იოანე ოქროპირის სიტყვებს: "დღეს თქვენი ყურადღება მინდა შევაჩერო საკითზე, რომელიც ღვთის ქადაგებას ეხება. ამავე დროს მინდა გთხოვოთ, რომ თითოეული თქვენგანი წინ აღუდგეს ღვთის მგმობელს. თუ ვინმე გზაჯვარედინზე ან მოედანზე ღმერთს აძაგებს, მიდი და შთააგონე და, თუ საჭირო შეიქმნება, ხელით შეეხე კიდეც, დაუხშე პირი – კურთხეულ იყოს შენი მარჯვენა ! და თუ ბრალს დაგდებენ, პასუხს მოგთხოვენ, სასამართლოში წაგიყვანენ, წადი და გაბედულად უთხარი მოსამართლეს, რომ შეურაცხყვეს ანგელოზთა მეუფე, და თუკი მიწიერი მეფის მგმობელი სასჯელის ღირსია, მაშინ ბევრად უფრო დიდ სასჯელს იმსახურებს ღვთის შეურაცხმყოფელი… დაე, იცოდნენ იუდეველებმა და ელინებმა, რომ ქალაქის დამცველები, მოძღვრები და მმართველები ქრისტიანები არიან. დაე, იცოდნენ გარყვნილებმა და უზნეოებმა, რომ შიში უნდა ჰქონდეთ ღვთის მონებისა, და თუ მოისურვებენ ღვთის გმობას, გარშემო მიმოიხედონ, ჩრდილის დანახვაზეც კი უნდა ძრწოდენ ქრისტიანების შიშით…
მინდა ვკითხო სტეფანეს, წმინდა იოანე ოქროპირი მრევლს ძალადობისკენ მოუწოდებდა? წმინდა ნინო კერპების დამსხვრევის გამო მოძალადეა? თუ წმინდა გიორგია ცხოველთა უფლებების დამრღვევი?
მრავალი წელია მიმდინარეობს ქართველი ერის სულიერი და ზნეობრივი გადაგვარების პროცესი. ამ საქმეში მთავარ როლს ასრულებენ: "ნაციონალური მოძრაობა", არასამთავრობო ორგანიზაციები და ტელევიზიები.
იმედს ვიტოვებ მოვესწრებით ისეთ საქართველოს, სადაც მართლმადიდებლობა და ტრადიციული ღირებულებები სახელმწიფოს უპირველესი მოფრთხილების საზრუნავი იქნება.