ივერიონი / გოგი ლორთქიფანიძე:–"კანონის უპირობო მოთხოვნაა, რომელიც არ სრულდება და კანონის ასრულება უნდა მოვთხოვოთ"

გოგი ლორთქიფანიძე:–"კანონის უპირობო მოთხოვნაა, რომელიც არ სრულდება და კანონის ასრულება უნდა მოვთხოვოთ"

   "სამოქალაქო და პოლიტიკური განათლების ცენტრის" დამფუძნებელი გოგი ლორთქიფანიძე საქართველოს ფინანსთა მინისტრს, ნოდარ ხადურს მიმართავს. მისივე თქმით ეს კანონის უპირობო მოთხოვნაა, რომელიც არ სრულდება და კანონის ასრულება უნდა მოვთხოვოთ. მიმართვას "ივერიონი" უცვლელად გთავაზობთ:

 

   –"საქართველოს ფინანსთა მინისტრს, ნოდარ ხადურს

   საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან. 

სარგებელის ღირებულებად ითვლება აგრეთვე ქვემოთ მითითებული თანხა რომელიც მცირდება დაქირავებულის მიერ ამ სარგებლის მიღებისას დამქირავებლისათვის გადახდილი თანხით:  ნებისმიერი სახეობის ავტომობილის პირადი სარგებლობისათვის გამოსაყენებლად მიღებისას – შესაბამისი საგადასახადო წლის დასაწყისისათვის ამ ავტომობილის საბალანსო ღირებულების 0,1 პროცენტი დაქირავებულის მიერ ავტომობილის კერძო სარგებლობის მიზნით გამოყენების ყოველი დღისათვის. (101-ე მუხლი, 2 ნაწილის ა ქვეპუნქტი)

კოდექსის მოთხოვნიდან გამომდინარე, გთხოვთ დაავალოთ (მითუმეტეს, რომ ამას ისედაც ავალდებულებს მათ კანონი)  თქვენს შესაბამის სამსახურს  (შემოსავლების სამსახური),     ცხოვრებაში გაატაროს შესაბამისი ქმედებები, მოახდინოს საჯარო მოსამსახურეების (საჯარო მოსამსახურე: - ფიზიკური პირი, რომელიც საქმიანობს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში. საჯარო მოსამსახურედ ითვლება: სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი, მოხელე, დამხმარე მოსამსახურე, შტატგარეშე მოსამსახურე.)      მიერ არასამუშაო საათებში სახელმწიფოს კუთვნილი ავტომობილებით სარგებლობის მონიტორინგი და უზრუნველყოს შესაბამისი გადასახადების ამოღება მათგან სახელმწიფოს ბიუჯეტში.

  თუ გავითვალისწინებთ საჯარო სამსახურებში არსებული ავტომობილების რაოდენობას და მათ ჯამურ ღირებულებას, ჩინოვნიკების მიერ არასამუშაო საათებში პირადი საჭიროებისთვის სახელმწიფოს საკუთრების გამოყენებისთვის გადასახდელი თანხა საკმაოდ შთამბეჭდავი იქნება".

 

21-08-2014, 13:31
უკან დაბრუნება