გიორგი მარგველაშვილი "თბილისის ზღვის პლაზაში" საავტომობილო ექსპედიციის "მოგზაურობა ათიათასკილომეტრიან აბრეშუმის გზაზე" წევრთა მიღებას დაესწრო და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა უცხოური ინვესტიციების ზრდის აუცილებლობაზე და აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის თანამშრომლობა უნდა გაღრმავდეს როგორც ეკონომიკის, ისე ტურიზმის, კულტურის, ბიზნესის, სოფლის მეურნეობის მიმართულებით. ასევე დასძინა, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელიც უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდება ერთობლივ მუშაობას და თანამშრომლობას, რომელსაც დიდი პერსპექტივა აქვს.
"ეს ქართულ-ჩინური თანამშრომლობის მნიშვნელოვანი პროცესია, იმ უმნიშვნელოვანესი პროექტისა, რომელსაც "აბრეშუმის გზა" ჰქვია. საქართველო ამ გზის მნიშვნელოვანი შემაერთებელი ნაწილია როგორც კასპიისა და შავი ზღვის აუზების უმნიშვნელოვანესი რგოლი, ისე გლობალურად - აღმოსავლეთისა და დასავლეთის დაკავშირების თვალსაზრისით. თქვენ იცით, რომ ჩვენ ამ მიმართულებით ვახორციელებთ უმნიშვნელოვანეს ინფრასტრუქტურულ პროექტებს. როგორც ლაო-ძიმ თქვა: "მილიონკილომეტრიანი გზა პირველი ნაბიჯით იწყება". ეს ნაბიჯი გადადგეს ჩვენმა წინაპრებმა და ჩვენ უნდა განვამტკიცოთ თანამედროვე რეალობაში." - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.