ივერიონი / "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დავით ნარმანიას მიმართავს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დავით ნარმანიას მიმართავს

   "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" თბილისის მერს დავით ნარმანიას მიმართავს,  განცხადებას  ამის შესახებ პარტია ავრცელებს, რომელსაც "ივერიონი" უცვლელად გთავაზობთ:
   "გუშინ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ განცხადება გააკეთა იმის თაობაზე, რომ მან მიმართა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს, დაეწყო მერიის დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციების საფინანსო–სამეურნეო საქმიანობის რევიზია. საგამოძიებო სამსახური მერის მოთხოვნით ერთდროულად ათამდე ორგანიზაციის დოკუმენტაციას სწავლობს. 
  რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია რევიზიის ჩატარების მოთხოვნით უწყების ხელმძღვანელი, თბილისის მერი მიმართავდეს საგამოძიებო სამსახურებს, როდესაც მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემაში მას აქვს ორი უწყება, საკრებულოს სარევიზიო კომისია და მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახური, რომ არაფერი ვთქვათ სახელმწიფო აუდიტის სამსახურზე, რომელთა ერთადერთი ფუნქცია სწორედ ორგანიზაციების საქმიანობის შესწავლა, ნაკლოვანებების გამოვლენა და მათზე რეაგირების ღონისძიებების დასახვაა.
   ნათელია, რომ დავით ნარმანია წარმატებით აგრძელებს ცენტრალური ხელისუფლების მიერ მყარად დამკვიდრებულ პრაქტიკას, საგამოძიებო ორგანოები გამოყენებული იქნას პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად. ეს განსაკუთრებით ცხადია თბილისის მერიაში მიმდინარე პროცესების ფონზე, როდესაც მასშტაბურად ხდება ადამიანების იძულება დატოვონ სამსახურები, მხოლოდ იმიტომ რომ მათი ადგილები მომავალში დაიკავონ ,,ქართული ოცნების" აქტივისტებმა და ხელისუფლების ნათესავებმა. ორგანიზაციების საქმიანობაში გარკვევის რეალური სურვილის არსებობის შემთხვევაში, დავით ნარმანიას მათი შემოწმება უნდა დაევალებინა მის სისტემაში არსებული მაკონტროლებელი სამსახურებისთვის და მხოლოდ დარღვევების დადასტურების შემდეგ მიემართა საგამოძიებო სამსახურებისთვის. შესაბამისად, მოვითხოვთ დავით ნარმანიამ დღესვე საჯარო გახადოს მიმართვის ის ტექსტი, რომელზე რეაგირებასაც ახდენს საგამოძიებო სამსახური. სავარაუდოდ ასეთი მიმართვა თითოეულ ორგანიზაციაში არსებული დარღვევების მითითებით არ არსებობს, რაც კიდევ ერთი დადასტურებაა რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ასრულებს ,,ქართული ოცნების" პოლიტიკურ დაკვეთას.
  ცალსახაა, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მასშტაბური თავდასხმა თბილისის მერიაზე არაფერ კავშირშია მათ მიმდინარე საქმიანობასთან და ის მხოლოდამხოლოდ უკავშირდება იქ მომუშავე ადამიანების დაშინებას და იძულებას, ასევე თბილისის ახალი მთავრობის სრული უმოქმედობისა და უნიათობის ფონზე მოსახლეობისთვის ილუზიის შექმნას, რომ რაღაც კეთდება.

22-08-2014, 13:03
უკან დაბრუნება