ივერიონი / ალექსანდრე ახალკაცი:–"ჩვენ გამოვედით იმ ეპოქიდან, როდესაც კრიმინალური სამყარო მართლაც აკონტროლებდა სამთავრობო სტრუქტურებს , ახლა მაყურებლები სისტემებს ვერ აკონტროლებენ"

ალექსანდრე ახალკაცი:–"ჩვენ გამოვედით იმ ეპოქიდან, როდესაც კრიმინალური სამყარო მართლაც აკონტროლებდა სამთავრობო სტრუქტურებს , ახლა მაყურებლები სისტემებს ვერ აკონტროლებენ"

   რუსთავის ნომერ მე-6 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში  არსებულ დაძაბულ ვითარებაზე ინფორმაცია გვიან ღამით გავრცელდა. ინფორმაციის გავრცელებისთანავე საპატიმროსთან პატიმართა ოჯახის წევრები შეიკრიბნენ. როგორც ისინი ამბობენ, დაწესებულებაში საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟიც შევიდა. სასჯელაღსრულების სამინისტრო ციხეში არეულობას არ ადასტურებს, თუმცა უწყებაში ამბობენ, რომ პრევენციის მიზნით დაწესებულების ადმინისტრაციამ რამდენიმე ეკიპაჟი მართლაც გამოიძახა. თვითმხილველების თქმით მიმდებარე ტერიტორიაზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანებიც იყო მობილიზებული. დაუზუსტებელი ინოფორმაციით, ციხიდან სპეციალური ავტომობილით 2 მსჯავდებულიც გაიყვანეს.

   რა ხდება ამ წუთებში და შევიდნენ თუ არა ადვოკატები დაწესებულებაში? ამის გასაგებად "ივერიონი" არასამთავრობო ორგანიზაციის "ახალგაზრდები ახალგაზრდობისა და მომავლისათვის" დამფუძნებელს, ალექსანრდე ახალკაცს დაუკავშირდა.

   –ამ წუთში რუსთავის მეექვსე დაწესებულებიდან მივიღე უახლესი ინფორმაცია, ჩვენი ადვოკატიც შესულია ციხეში და მისგანაც ველოდები ინფორმაციას, შემიძლია გითხრათ, რომ არანაირ ბუნტს ადგილი არ ჰქონია. ეს ყველაფერი იყო სპეციალურად პროვოცირებული თუნდაც იმ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, რომლებიც ამბობენ, რომ ქურდულ სამყაროს ჰყავს თავისი სატელიტები როგორც არასამთავრობო, ისე სამთავრობო სტრუქტურებში. ჩემი აზრით ასეთი განცხადებები უკვე დანაშაულის შემცველია  და სამართალდამცველებისგან კონკრეტულ ქმედებებს მოითხოვს. მე პირადად მოვუწოდებ სამართალდამცავ სტრუქტურებს გაარკვიონ რაზე დაყრდნობით აკეთებენ ეს ადამიანები ასეთ განცხადებებს და განსაკუთრებით მაშინ, როცა ევროპასთან ინტეგრაცია მჭიდრო ფაზაში შედის. ჩნდება ეჭვი, რომ სწორედ ეს ადამიანები არიან ქურდულ სამყაროსთან კავშირში და ცდილობენ დეზინფორმაციის გავცელებას. ამ დროისთვის სასჯელაღსრულების #6 განყოფილებაში სრული სიმშვიდეა. იქ რომ რაიმე სერიოზული ხდებოდეს, გამოცხადდება კარანტინი და არავის შეუშვებდნენ, კიდევ ვიმეორებ, ჩვენი ადვოკატიც შესულია. 

–დილით სავადასხვა არასამთავრობოებმა სრულიად სხვანაირი ინფორმაცია გაავრცელეს.

–კი, მეც გავეცანი სულ რამდენიმე დღის წინ დაარსებული არასამთავრობო ორგანიზაციის "სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის" მიმართვას და მოვუწოდებ ბატონ ჭიკაიძეს გაარკვიოს,  ვიზე აქვთ ამ ადამიანებს საუბარი, თუ არ დადასტურდა მათი ნათქვამი და ასეც მოხდება, მაშინ მისცენ ეს ადამიანები პასუხისგებაში. ასეთი განცხადებები ქვეყნის რეპუტაციას აზიანებს და ვფიქრობ სწორედ ეს არის მათი მიზანიც. ჩვენ გამოვედით იმ ეპოქიდან, როდესაც კრიმინალური სამყარო მართლაც აკონტროლებდა სამთავრობო სტრუქტურებს და აღარასოდეს  დავბრუნდებით იმ პერიოდში. 

–თუმცა თვითმხილველები ამბობენ, რომ წუხელ ციხეში მართლა იყო სპეცნაზი შესული და სასწრაფო დახმარების მანქანებიც იყო მობილიზებული. ჟურნალისტი ელისო კილაძე კი სოციალურ ქსელში წერს:–"იმედია ,სასჯელთაღსრულების სამინისტროს პიარი გამოძინებულია და სმაილიკების გაგზავნის ხასიათზე აღარ არის,ამიტომაც ვთხოვ მას განმარტებას,ვინ არის ციხის მაყურებელი ლექსო საბანაძე და რატომ დაიწყო ბუნტი წუხელ ამ პიროვნების გამო" . თუმცა იმას, რომ ამ დროისათვის სიმშვიდეა და პროვოკაციის თავიდან აცილება მოხერხდა, ჟურნალისტიც ადასტურებს.

– თემა, რომ ციხეებს ისევ მართავენ მაყურებლები ისევ აქტუალურია საზოგადოებაში, ჩვენ გვქონდა ამ საკითხზე ბრიფინგი და ახლა კიდევ ერთხელ გავიმეორებ–მაყურებლები სისტემებს ვერ აკონტროლებენ და რომ ვერ აკონტროლებენ ეს ფაქტიც მოწმობს ამას, თუმდაც ის, რომ ვიღაც საბანაძე, რომელსაც რაღაც სურდა და ასეთი სურვილი შეიძლება ნებისმიერ პატიმარს გაუჩნდეს, აიყოლიოს თანამზრახველები, მაგრამ ეს არ შეიძლება არც ციხის ბუნტად ჩაითვალოს და არც კრიმინალური სამყაროს დაბრუნების საწინდრად, ციხე ყოველთვის აქილევსის ქუსლია ნებისმიერი სახელმწიფოსთვის, მაგრამ სახელმწიფო სწორედ მაშინაა მოწოდების სიმაღლეზე, როცა ამის ჩაქრობას შეძლებს კანონის ფარგლებში და ჩვენ ვნახეთ, რომ არანაირი ბუნტი არ ყოფილა. რაც შეეხება სასწრაფო დახმარების მანქანებს, უნდა ყოფილიყო მობილიზებული, რადგან ნებისმიერი პატიმრისგან შეიძლება მოხდეს სიტუაციის გამწვავება ან თვითდაზიანების მიყენება, ამიტომ მათი იქ ყოფნა მართებულიც იყო ამ თვალსაზრისით. მთავარია ამ დროისთვის სიმშვიდეა, არ არიან დაზარალებულები, თუმცა რა ხდება დაწესებულების შიგნით ინფორმაცია მას შემდეგ მეცოდინება დაზუსტებულად, რაც ჩვენი ადვოკატი გამოვა და გავიგებთ თუ რატომ იყო იქ სასწრაფოს მანქანები და ის დაუზუსტებელი ინფორმაცია, რომ პატიმრები სხვაგან გადაიყვანეს, ესეც დაზუსტდება.

 

   ცნობისთვის, "სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრი", რომლის მიმართვაზეც საუბარია მასალაში, ავრცელებს  განცხადებას:

 

   –"სასჯელაღსრულების #6 დაწესებულებაში მიმდინარეობს ე.წ.ბუნტი, აღნიშნული ბუნტი ორგანიზებულია ე.წ. ციხის მაყურებლების" მიერ და მიზნად ისახავს პალაჟენიის საბოლოოდ მოყვანას რაც ნიშნავს სრულ უკონტროლობას ციხეში. მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს არ გახდნენ მათი მხრიდან შანტაჟის მსხვერპლი და მიიღონ კანონით გათვალისწინებული ყველა ზომა ამ უკანონობის აღსაკვეთად. რა თქმა უნდა კანონიერი ქურდებისა და მაყურებლების მხრიდან გამოყენებული იქნება მათი სატელიტი არასამთავრობო ორგანიზაციები და ასევე მთავრობაში მოკალათებული მათივე მეგობრები, მაგრამ სამართალდამცავთა ვალია აღარასოდეს დაუშვან ქურდული სახელმწიფოს ჩამოყალიბება საქართველოში, რისი ნიშნებიც სამწუხაროდ უკვე მრავლადაა.

ვიტოვებთ იმედს პირნათლად შეასრულებთ თქვენზე დაკისრებულ მოვალეობებს".

 

22-08-2014, 13:33
უკან დაბრუნება