ივერიონი / ვისაც "ივერიონი" ყელში ეჩხირება, ყინულიანი წყალი გადაივლოს!

ვისაც "ივერიონი" ყელში ეჩხირება, ყინულიანი წყალი გადაივლოს!

    ამ ბოლო  ხანებში    სხვადასხვა პროფესიისა   და სოციალური  წრის წარმომადგენლები აშკარად გამოხატავენ უკმაყოფილებას "ივერიონი"-ს  მკაფიოდ გამოკვეთილი პოზიციის გამო. უკვირთ, რატომ არ ვგავართ სხვა ქართულ მედია- საშუალებებს, რატომ ვეძებთ განსხვავებულ თემებს და რატომ არ ვჯდებით მათ გემოვნებაში?!
  გუშინ, ბევრ საკითხში ერთ-ერთი ჩემი თანამოაზრე ნინო ტარყაშვილი სოციალურ ქსელში  წერდა: გამკვირვებია ამ ადამიანების- ყოველთვის უნდა უთხრა, რომ კარგები არიან, სწორად იქცევიან და ქვეყანაში ყველაფერი კარგად მიდისო!
   აბსოლუტურად სწორი შეფასებაა: თუ საზოგადოებას საკუთარი სახე დანაახე  და მითუმეტეს, უსაყვედურე, ან საერთოდ მოგკვეთავენ, ან მათთვის არასასურველთა ბანაკში ჩაეწერები.
   სავსებით ნორმალურად აღვიქვამ კრიტიკას (თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ობიექტურობის განცდა დამიჩლუნგდა), მაგრამ, თუ იგი ბოღმითა და  ღვარძლითაა გაჟღენთილი, შესაბამისი რეაქცია მიჩნდება და ყოველთვის ვცდილობ "ხურდა" დავუბრუნო- არა იმიტომ, რომ ასეთი კრიტიკა ჩემს ადამიანურ ღირსებებს რამეს აკლებს, არამედ, იმიტომ, რომ  მირჩევნია მოვლენის არსში სიცხადე შევიტანო და თეთრს თეთრი დავარქვა, შავი კი მუქი ფერით წარმოვაჩინო. 
   ზოგიერთისგან განსხვავებით, კარგა ხანია ვარდისფერი სათვალე მოვიხსენი და ახლა გამადიდებელი  შუშით ვუყურებ რეალობას-რეალობა კი ძალიან დამთრგუნველია!
    ვაკვირდები: როგორც კი დღევანდელი ხელისუფლების სუსტ პოზიციებს დავაფიქსირებთ, "ქართული ოცნების" აქტივისტები ქორივით დაგვაცხრებიან- თითქოს  მათ ჩვენზე მეტად უყვარდეთ ქვეყანა და ჩვენზე მეტად იყვნენ დაინტერესებულნი, ჩვენს მიერვე არჩეულმა ხელისუფლებამ სწორი გზით იაროს  და წინასაარჩევნო დაპირებები შეასრულოს!
  ამასთან,  როგორც კი ქართული ტრადიციისთვის მიუღებელი  დასავლური ფასეულობების კრიტიკას დავიწყებთ , უცებ რუსეთუმობაში გვადანაშაულებენ და ლამის პუტინის აპოლოგეტად გვნათლავენ-  არ მოსწონთ ზოგიერთებივით ქვევრის ფუნქციას რომ არ ვასრულებთ: რასაც ჩაგვძახებენ , იმას რომ არ ამოვძახებთ!.. 
   ჩვენი განსხვავებული ხედვა რეალობის ობიექტურად შეფასებაზეა დაფუძნებული. მართალია, არ გვაქვს აბსოლუტურ ჭეშმარიტებაზე პრეტენზია, მაგრამ ვირტუალურ (ირეალურ)  სამყაროში ცხოვრებას და ზოგიერთებივით  თავის მოტყუებას გვირჩევნია " მეცამეტე გოჭის" იარლიყი გვქონდეს მიკერებული და თეთრს თეთრი დავარქვათ, შავს კი შავი.
   სამართლიანობა მოითხოვს ითქვას:  რაც არ უნდა ვაკრიტიკოთ ეს ხელისუფლება, თავისუფალი მედია ჭეშმარიტად მისი მონაპოვარია. აქსიომაა ისიც, რომ ქართული მედია ასე თავისუფალი  შევარდნაძის "ეპოქაშიც" არ ყოფილა. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, "ცხენს ლაგამი არ ამოვსდოთ" და როგორც მოგვეპრიანება,ისე გავაჭენოთ!
  ამ ბოლო დღეებში , მავანს და მავანს ყელში გაეჩხირა ე.წ. კაზანტიპის მუსიკალურ ფესტივალზე გამოქვეყნებული სტატიები, რომელიც  "ივერიონში" ინტენსიურად იბეჭდებოდა. ჩვენ ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში ვაფასებდით საქართველოში შემოთესლილ  (მაპატიეთ  გამოთქმისთვის ) უმგავსობას, რომელიც ფესტივალის ნიღბით "შეიარაღებული" აშკარად ეწინააღმდეგება ქართულ, მართლმადიდებლურ ტრადიციებს. ამასთან , თამამად ვსვამდით ლოგიკურ კითხვას, რომელზეც პასუხი დღესაც სამწუხაროდ არ ჩანს!
  მიუხედავად იმისა, რომ გულისამრევი ეპითეტებით "გვაჯილდოებენ",  მიგვაჩნია: უნდა თქვა ის, რაც ახლოს დგას რეალობასთან და ხელს უშლის შენი  ქვეყნის ნორმალურ განვითარებას - უნდა თქვა თამამად, (მოურიდებლად) თუმცა, კორექტულად. კორექტულობის  პრინციპი კი  არასდროს დაგვირღვევია , რა თემასაც არ უნდა შევხებოდით. სხვათაშორის, არც ვინმეს საძინებელში შევვარდნილვართ და  ზოგიერთებისგან განსხვავებით, არც ვინმეს " ჭუჭყიანი საცვლები" გამოგვიტანია "სამზეოზე".
 დიახ,  ვერავინ იტყვის, რომ ჩვენ ოდესმე დავარღვიეთ უდნაშაულობის პრეზუმცია, ან უხეშად ვაფათურეთ ხელი ვინმეს პირად ცხოვრებაში. დაკვეთილ სტატიებზე ხომ საუბარიც ზედმეტია!
  ჩვენ აჩქარებულ ეპოქაში ვცხოვრობთ. ეს იმას ნიშნავს, რომ თვალისდახამხამებაში ხდება ფასეულობათა ცვლა, რომელიც ადეკვატურად აისახება საზოგადოების მენტალობაზეც. აქედან გამომდინარე. არ გვიკვირს გუშინდელი სავლე დღეს პავლედ რომ იქცა  და პირიქით. თუმცა , აშკარად  გვიკვირს- ერთბაშად როგორ დავიცალეთ         ობიექტურობის განცდისგან და ფერებიც  როგორ გვერევა ერთმანეთში!
და ბოლოს,  პირდაპირ ვიტყვი;ჩვენ ჩვენს საქმეს ვაკეთებთ გულის კარნახით და რუდუნებით.  ხოლო,ვისაც "ივერიონი"  ყელში გაეჩხირა,თუ ცივ წყალს არ დალევს, ყინულიანი წყალი გადაივლოს! სხვა თუ არაფერი, ამ იდიოტურ  აქციაში მონაწილეობად  მაინც ჩაეთვლება...
P.S ამ ბოლო დღეებში რამდენიმე ადამიანი გადამეკიდა - აინტერესებდათ, ვინ დგას "ივერიონის" უკან. ჩემს კითხვაზე: თქვენ ვის მოიაზრებთ, ზოგს რუსული კვალი ელანდება, ზოგი "ნააციონალების" ხელწერას ხედავს ჩვენს პოზიციაში (განსაკუთრებით ისინი, ვისაც დღევანდელი ხელისუფლების კრიტიკა არ მოსწონს) ხოლო ზოგმა სატელიტობაც    დაგვაბრალა  და ხელი ივანიშვილისკენ გაიშვირა...
   წუწუნს არ ვაპირებ,  მაგრამ , გულწრფელად    ვიტყვი : "ივერიონი" ალბათ ერთადერთი მედია საშუალებაა საქართველოში, რომელიც სრულ ენთუზიაზმზე მუშაობს( ძნელია იმის თქმა, რამდენ ხანს გავუძლებთ!).
  ასე, რომ, ბატონებო და ქალბატონებო: თუ ვინმეს თავისუფალი და ობიექტური მედიასაშუალების ფინანსური მხარდაჭერის სურვილი გაგიჩნდათ, სიამოვნებით მივიღებთ. ოღონდ, ჩვენთვის მიუღებელი "ინსტრუქცია" არ უნდა მოაყოლოთ!

 

 

 


  ზაურ ნაჭყებია 

22-08-2014, 15:36
უკან დაბრუნება