ივერიონი / საქართველოს პატრიარქი: ადამიანს შეუძლია თავისი თავი გასწიროს მოყვასისთვის, ის აუცილებლად გამარჯვებული იქნება

საქართველოს პატრიარქი: ადამიანს შეუძლია თავისი თავი გასწიროს მოყვასისთვის, ის აუცილებლად გამარჯვებული იქნება

    კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა, "ადამიანია უდიდესი სასწაული, რომელსაც ვერც ერთი მეცნიერი ვერ ხსნის".
    "ადამიანი ურთულესი ბუნებისაა. თავად ადამიანია უდიდესი სასწაული, რომელსაც ვერც ერთი მეცნიერი ვერ ხსნის. ადამიანი არის ის არსება, რომელიც შეიძლება ჩავიდეს ჯოჯოხეთში და ავიდეს ღმერთამდე. შეიძლება ცოდვილი იყოს, მაგრამ თავისი მოქმედებით შეიძლება ისე შეიცვალოს, რომ ანგელოზთა სწორი გახდეს", - განაცხადა პატრიარქმა და მაგალითად წმინდა დედა მარიამ ეგვიპტელი მოიყვანა. 
   უწმინდესის თქმით, თუ ადამიანს გააჩნია რწმენა, სურვილი, რომ აუცილებლად ცხონდეს, ის ცხონდება.
   "თუ ადამიანს შეუძლია თავისი თავი გასწიროს მოყვასისთვის, ის აუცილებლად გამარჯვებული იქნება ყველგან", - აღნიშნა ილია მეორემ.
    საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა რამდენიმე დღის წინ საპატრიარქოსთან მომხდარი ფაქტი გაიხსენა.
  "ჩვენი საპატრიარქოს დაცვის ბიჭები იდგნენ საპატრიარქოს წინ და ერთმა ბიჭმა დაინახა, როგორ გადავარდა ერთი გოგონა მტკვარში, თავს იკლავდა. უცბად გაიძრო ტანსაცმელი და ეს ბიჭი მტკვარში გადახტა. არ იფიქრა, რომ შეიძლებოდა თვითონაც დამხრჩვალიყო. დაინახა ეს გაჭირვებული ადამიანი, ღმერთმაც უშველა, გადაცურა მთელი მტკვარი, ხელი მოჰკიდა უკვე გონებადაკარგულს გოგონას, ამოიყვანა და გადარჩინა სიკვდილს", - ბრძანა პატრიარქმა.

24-08-2014, 17:52
უკან დაბრუნება