საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო თანამეგობრობას აფხაზეთის ე.წ. არჩევნების დაგმობისკენ მოუწოდებს.
"2014 წლის 24 აგვისტოს აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში იმართება ე.წ. რიგგარეშე "საპრეზიდენტო არჩევნები". აღნიშნული უკანონო აქტი დემოკრატიული მმართველობის მოჩვენებითი ელემენტებით ოკუპაციისა და ასობით ათასი ადამიანის ეთნიკური წმენდის დაფარვის მორიგ წარუმატებელ მცდელობას წარმოადგენს. უკანასკნელი 20 წლის მანძილზე საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან გამოდევნილ პირებს თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების უფლება წაერთვა, ხოლო რეგიონებში დარჩენილი მცირერიცხოვანი ქართული მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები, უპირველესად მათი სამოქალაქო, ეკონომიკური და სოციალური უფლებები საოკუპაციო რეჟიმების მიერ ყოველდღიურად ირღვევა. განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს აფხაზეთის რეგიონში მცხოვრები ეთნიკური ქართველების წინააღმდეგ მიმართული დე ფაქტო კონტროლის განმახორციელებელი რეჟიმის განცხადებები, რომლებიც მათ კიდევ უფრო შევიწროებასა და რიგ შემთხვევებში გამოდევნას ითვალისწინებს.
ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა კუთხით მძიმე მდგომარეობის პარალელურად, გრძელდება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების უგულებელყოფა. საერთაშორისო დამკვირვებლებს, მათ შორის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში შესვლისა და იქ არსებული ვითარების ასახვის შესაძლებლობა არ ეძლევათ. გრძელდება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების შეთანხმებული ფორმატისა და დღის წესრიგის წინააღმდეგ მიმართული ქმედებები, რაც დღის წესრიგით გათვალისწინებული მნიშვნელოვანი პრაქტიკული საკითხების განხილვას მნიშვნელოვნად აფერხებს.
2014 წლის 24 აგვისტოს აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში უკანონოდ ორგანიზებული ე.წ. "საპრეზიდენტო არჩევნები" საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების, უპირველესად სახელმწიფოთა სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობის პრინციპების სრულ უპატივცემულობასა და უგულებელყოფას წარმოადგენს.
საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მისი ურყევი პოზიციის შესაბამისად, აფხაზეთის რეგიონში უკანონოდ ჩატარებული ე.წ. "საპრეზიდენტო არჩევნები" დაგმოს", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში