ირაკლი ღარიბაშვილი სოფელ რუხში მაღალტექნოლოგიური კლინიკის მშენებლობის გახსნას დაეწყ.
"დღეს აქ საძირკველი ეყრება ეროვნული მნიშვნელობის მშენებლობას-რუხში ვიწყებთ რეგიონალური მნიშვნელობის საავადმყოფოს მშენებლობას. ამ საავადმყოფოს აშენების იდეა ეკუთვნის ბიძინა ივანიშვილს. სწორედ მისი ინიციატივით შენდება თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი, საერთაშორისო სტანდარტების კლინიკა, საავადმყოფო, რომელიც მთელ რეგიონს მოემსახურება.
ეს იქნება 220 საწოლზე გათვლილი მრავალპროფილიანი კლინიკა. გეგმის მიხედვით, მომზადდა დეტალური პროექტი და დღეს წარმოგიდგენთ საავადმყოფოს მაკეტს
გათვლილია მშენებლობის ვადაც - საავადმყოფოს მშენებლობა დღეიდან ორ წელიწადში უნდა დასრულდეს. საავადმყოფოს ძირითად კორპუსებთან ერთად, აშენდება სასტუმროს ტიპის საერთო საცხოვრებელი, სადაც მოთავსდებიან რეზიდენტები და პაციენტთა ნათესავები, აგრეთვე მოეწყობა სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა. მთელი პროექტის ღირებულება 40 მილიონ ლარს აჭარბებს.
ამ პროექტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, მეგობრებო, ის სერიოზულად გააუმჯობესებს სამეგრელოში და მიმდებარე რეგიონებში სამედიცინო მომსახურებას და რაც ყველაზე მთავარია, ერთმანეთთან დააკავშირებს ენგურის ორივე მხარეს. აქ მკურნალობას შეძლებენ ჩვენი აფხაზი ძმები, რომლებსაც ყველა იმ სიკეთით სარგებლობა შეეძლებათ, რასაც ქართული სახელმწიფო თავის მოქალაქეებს სთავაზობს.
მნიშვნელოვანი საკითხი - შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, საავადმყოფოს მშენებლობაზე დასაქმდება ადგილობრივი მუშახელი, დევნილები. საავადმყოფოს ამოქმედების შემდეგ მათი დიდი ნაწილი გაივლის გადამზადებას და დასაქმდება კლინიკის სხვადასხვა პერსონალის პოზიციებზე. ჩვენი ვარაუდით, საბოლოოდ კლინიკაში დასაქმდება დაახლოებით 600 ადამიანი, სამედიცინო, ტექნიკური და დამხმარე პერსონალის ჩათვლით. ეს იქნება ადგილობრივი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროც.
და ბოლოს, არჩევნების წინ მე შევხვდი სამეგრელოს მოსახლეობას, მოვისმინე მათი პრობლემები და შეგპირდით კიდეც, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად შევუდგებოდით, ამ კუთხისა და მთლიანად საქართველოში დაგროვილი პრობლემების მოგვარებას. მე არაერთხელ აღმინიშნავს, რომ ჩვენი ხელისუფლების უპირველესი საზრუნავი თითოეული ადამიანი და მისი კეთილდღეობაა.
იცით, რომ თითოეული ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობის დაცვა ჩვენმა მთავრობამ საკუთარ თავზე აიღო და ჩვენ დღეს მივაღწიეთ იმას, რომ უექიმობის და უწამლობის გამო ჩვენი მოქალაქეები აღარ იღუპებიან. ჩვენი მთავრობა სულ უფრო აუმჯობესებს ჩვენი მოქალაქეების ჯანდაცვის მომსახურებას, ვაშენებთ ამბულატორიებს, რათა ყველასთვის მისაწვდომი გახდეს მკურნალობა.
ამ საავადმოყოფოს მშენებლობაც ჩვენი მთავრობის ჯანდაცვის პოლიტიკის ნაწილია. ამიტომ გპირდებით, რომ მე პირადად მივადევნებ თვალყურს მშენებლობის პროცესს, რომ დაცული იყოს ყველა სტანდარტი და დათქმულ დროს დამთავრდეს მშენებლობა", - განაცხადა პრემიერმა ღარიბაშვილმა.