პრეზიდენტი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებული ეთნიკური წმენდის შედეგად მოსახლეობის დიდი ნაწილი კვლავ იძულებით გადაადგილებული პირია.
"2014 წლის 24 აგვისტოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე - აფხაზეთში ე.წ. "საპრეზიდენტო არჩევნების" გამართვა არის არსებული ოკუპაციის ლეგიტიმაციის მორიგი მცდელობა და საერთაშორისო სამართლის უხეში უგულებელყოფა.
დღეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონოდ რჩებიან უცხო ქვეყნის შეიარაღებული ძალები და გრძელდება ადამიანების უფლებების ხელყოფა.
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებული ეთნიკური წმენდის შედეგად მოსახლეობის დიდი ნაწილი კვლავ იძულებით გადაადგილებული პირია.
რუსეთის ფედერაცია დღემდე არ ასრულებს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებითა და სხვა საერთაშორისო აქტებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს. საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას არ ეძლევა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის საშუალება.
ამ ვითარებაში სრულიად აღმაშფოთებელია ნებისმიერი მცდელობა, რომელიც მიზნად ისახავს ამ რეალობის დაკანონებას ე.წ. "არჩევნების" ან დემოკრატიული მმართველობის რაიმე ელემენტის არსებობის ილუზიის შექმნის გზით.
გამოვთქვამ მადლიერებას საერთაშორისო თანამეგობრობის მიმართ, რომელიც გმობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე გამართულ ე.წ. "არჩევნებს" და მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას", - ნათქვამია გიორგი მარგველაშვილის განცხადებაში.