საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, "ქრისტიან-დემოკრატი" ჯაბა სამუშია სამარშრუტო ტაქსების ტენდერის შედეგების გადახედვას ითხოვს.
ამასთან დაკავშირებით ჯაბა სამუშიამ დღეს თბილისის საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
"2011 წლის იანვარში თბილისის მიკროავტობუსებთან დაკავშირებით მერიის მიერ ჩატარებულ ტენდერში ოთხმა კომპანიამ გაიმარჯვა, რომლებმაც ერთ თვეში ერთიანი მართვის სისტემა "თბილისის მიკროავტობუსი" შექმნეს, რამაც თბილისის სატრანსპორტო ბაზარზე მონოპოლისტი ორგანიზაციის გაჩენას შეუწყო ხელი", – აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.
მოგვიანებით მის ამ განცხადებას საკრებულოს უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი კოკი იონათამიშვილი გამოეხმაურა, რომელიც აცხადებს, რომ ხელშეკრულების არც ერთი პირობა არ დარღვეულა.
თბილისის საკრებულოში ყოველთვის იყო დაპირისპირება სამარშუტო ტაქსების ტენდერთან დაკავშირებით. ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატები" ყოველთვის გამოდიოდნენ განცხადებით, რომ აღნიშნული ტენდერი კანონდარღვევით ჩატარდა. ჯაბა სამუშიას განცხადებით, ტენდერში 7 კომპანია მონაწილეობდა, მათგან მხოლოდ ოთხმა გაიმარჯვა და ისინი ამ დროს ავტო პარკის არანაირი მოძრავ საშუალებებს არ ფლობდნენ. "ტენდერის პირობებით გათვალისწინებული იყო, რომ გამარჯვებულ კომპანიებს ანგარიშზე უნდა ჰქონოდათ 80-100 მილიონი, რეალურად კი იმათ მხოლოდ 80-80 ლარი ჰქონდათ. ამის საპასუხოდ კოკი იონათამიშვილი აცხადებს, რომ კომპანიებს პირობა არ დაურღვევიათ და მათ ერთი თვის შემდეგ საწესდებო თანხა 100 მილიონი წარმოადგინეს. კომპანიები გამართულად მუშაობენ და მოსახლეობას გაუმჯობესებულ სერვის სთავაზობენ", - ამბობს ჯაბა სამუშია.
მისი განცხადებით, ტენდერი მიკერძოებულად ჩატარდა.
"რაც შეეხება ტენდერში მონაწილე სხვა ფირმებს, მათ საკუთარი სატრანსპორტო საშუალებებიც ჰყავდათ და გარკვეული კაპიტალიც ჰქონდათ, თუმცა რატომღაც ვერ გაიმარჯვეს"", –აღნიშნასამუშიამ.
საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი მომხდარში თბილისის მერიას ადანაშაულებს და ითხოვს, ტენდერის შედეგები პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ან საკრებულოში ამ მიზნით შექმნილმა კომისიამ გამოიძიოს.