მე მიყვარს!..
არა, მას ვუყვარვარ!..
არა, ორივეს გვიყვარს ერთმანეთი...ხო, მე შეყვარებული ვარ. ქუჩაში რომ დავდივართ, ყველა ამბობს, რომ კარგი წყვილი ვართ და ერთმანეთს ვუხდებით. ჩვენი სახელებიც კი უხდება ერთმანეთს. მე თიკა მქვია, მას-ნიკა.
ზაფხული დასასრულს მიუახლოვდა, მალე შემოდგომა ნაირფერი ფოთლების ხალიჩას გაშლის თბილისის ქუჩებში და აგარაკებიდან თუ სოფლებიდან დაბრუნებულ ახალგაზრდებს სიყვარულის ფერად ფარდაგებს დაუგებს. ამ დროს სიყვარული უფრო ფაქიზი და ლამაზი ხდება...
მეც დავბრუნდი თბილისში, ერთი სული მაქვს როდის ვნახავ და როდის მოვივლით ნაცნობ ადგილებს ხელჭაკიდებულნი. ნიკამ დილით დამირეკა და მითხრა, რომ საღამოს გამომივლის და შარდენზე წავალთ. ლოდინში დღე უსასრულოდ გაიწელა, როგორც იქნა მოსაღამოვდა, ნიკაც მოვიდა და წავედით. მე სულაც არ მინდოდა ეს საღამო ხმაურიან და ხალხმრავალ ადგილას გაგვეტარებინა, მერჩივნა მარტო ჩვენ ვყოფილიყავით. ბავშვობიდან ამაზე ვოცნებობდი, როცა შეყვარებული ვიქნებოდი, ერთ საღამოს აუცილებლად მარტო დავსხდებოდით სადმე ჩაბნელებულ კაფეში, რომელსაც მხოლოდ სანთლის შუქი გაანათებდა, მაგიდაზე კი მხოლოდ ერთი ბოთლი შამპანური იდებოდა....გამახსენდა და გამეცინა, მერე ნიკას მოვუყევი ჩემი ბავშვური ოცნება, ის მისმენდა ჩუმად და ეღიმებოდა. ამასობაში იმ დარბაზს მივუახლოვდით, სადაც საღამო იმართებოდა და რომელზეც ნიკამ დამპატჟა, მაგრამ ის არ შეჩერებლა, ხელი მომკიდა და გზა განაგრძო, არაფერი მიკითხავს, მივხვდი, ჩემი ბავშვობის ოცნების ასრულება უნდოდა...
კაფეში შევედით, მართლაც ცოტა ხალხი იყო, მყუდრო ოთახს სანთლის ციალი ანათებდა. მომსახურე პერსონალმა თავისუფალ მაგიდამდე მიგვაცილა. დავსხედით და ნიკამ ერთი ბოთლი შამპანური შეუკვეთა. დარბაზს გადავხედე, ზოგ მაგიდასთან მხოლოდ წყვილები ისხდნენ, ზოგთან კი მეგობრები შეკრებილიყვნენ. ჩემი ყურადღება ერთმა მაგიდამ მიიპყრო, ახალგაზრდა მამაკაცი ლექსს კითხულობდა, ეს ლექსი მეც ზეპირად ვიცოდი, მის ავტორსაც ვიცნობდი, ჩემი ლექტორი იყო.
ფიქრებიდან ნიკამ გამომიყვანა.
-თიკა, ფანჯარასთან გაიხედე, მაგიდაზე ერთი ბოთლი შამპანური და ყვავილები დევს, არავინ კი არ ზის-ფანჯრისკენ გამახედა ნიკამ.
-ალბათ მოვლენ-ვუპასუხე მე და ისევ იმ მაგიდისკენ გავიხედე-ნიკა, ჩემი ლექტორი რომ იყო, გაგა, გახსოვს? იმ მაგიდასთან მის ლექსს კითხულობენ.
-გაგას რა დამავიწყებს, ის რომ არა...-სათქმელი არ დაამთავრა და ნიკამაც მათკენ გაიხედა. მაგიდასთან მსხდომებმა შენიშნეს ჩვენი მზერა და დაგვიძახეს, თუ არ შეწუხდებით, ცოტა ხნით შემოგვიერთდითო.
-არა, გმადლობთ-უთხრა ნიკამ, მაგრამ მე ცნობისმოყვარეობამ მძლია და ვთხოვე, ცოტა ხნით მივიდეთ-თქო.
-მერე, ჩვენი სიმარტოვე?-გამიღიმა ნიკამ, მაგრამ უარი არ უთქვამს, მივხვდი, მასაც რაღაც უხილავი ეწეოდა იმ მაგიდისკენ.
თბილად მიგვიღეს, სკამი შემოგვთავაზეს, ყველანი 10 წლით უფროსები თუ იქნებონენ, ამიტომ უხერხულობა არ მიგრძვნია და იმ მამაკაცს ვთხოვე, ლექსი კიდევ წაეკითხა.
-მოგეწონა?-მკითხა ჩემს გვერდით მჯდომმა ახალგაზრდა ქალმა.
-კი, ძალიან, მეც ვიცი ეს ლექსი და მის ავტორსაც ვიცნობ, ჩემი ლექტორი იყო, დიდი ხანია აღარ მინახავს-ვუპასუხე მე.
ნიკამ უცებ გამონახა მათთან საერთო ენა და ისიც კი გაამხილა, დღეს თიკასთვის ხელის თხოვნას ვაპირებ და თუ არ გეწყინებათ, მალევე დაგტოვებთო. ყველას გაეღიმა, ოვაციებით მოგვილოცეს და ბედნიერება გვისურვეს.
-ოო, მაშინ საჩუქარი ჩვენზეა-თქვა იმ კაცმა, ლექსი რომ წაიკითხა-ახლა ლექსის მეტს ვერაფერს გაჩუქებთ, მაგრამ ეს დიდი საჩუქარი იქნება, რადგან მხოლოდ თქვენს სიყვარულს ეძღვნება და თავად ავტორი წაიკითხავს, აი, მოდის კიდეც.
ყურებს არ დავუჯერე, თავი ავწიე და ჩვენსკენ მომავალი ჩემი ლექტორი დავინახე, სწორედ ის, ვინც პირველმა დაინახა ჩემი და ნიკას საოცრად მტრულ დამოკიდებულებაში დიდი სიყვარული, ის, ვინც ჩვენთვის თვალის ახელა შეძლო და დიდი ბედნიერება გვაჩუქა.
-გაგა-წამოიძახა ნიკამ და გადაეხვია.
-ბატონო გაგა-ჩვეულებას ვერ ვუღალატე, ისევ ბატონობით მივმართე და გადავეხვიე, თვალებით კი კიდევ ვიღაცას ვეძებდი, რადგან...
-თიკა, ნიკა, როგორ მიხარია თქვენი ნახვა-გვითხრა გაგამ და მისთვის დატოვებულ თავისუფალ სკამზე დაჯდა.
ვუყურებდი და ყველაფერი თვალწინ მეშლებოდა, გამახსენდა სტუდენტობა, საღამოები, სპექტაკლები, სტუდენტური დღეები, როგორ ვემზადებოდით...გამახენდა გაგა და ლიზი...ისინი სულ ერთად იყვნენ, ისე ვიყავით მათ ერთად ყოფნას მიჩვეულები, ცალ-ცალკე ვერც კი წარმოგვედგინა, ყველა სტუდენტისთვის მისაბები იყვნენ... ლიზი-ნეტა სად არის ახლა? როგორ მინდა ვკითხო, მაგრამ...გაგა სულ არ შეცვლილა, ისევ ისეთი ლამაზი და სანდომიანი იყო, მაგრამ თვალები აღარ უელავდა, მახსოვს ადრე სულ უციმციმებდა და იისფერ შუქს ასხივებდა, ისიც მახსოვს, ყველა გოგო მის თვალებში ჩახედვაზე ოცნებობდა, მაგრამ გაგა ლიზის მეტს ვერავის ხედავდა...ახლა კი ის შუქი ვერსად დავინახე და რაღაცამ გული ჩამწყვიტა. სიმღერამ გამომარკვია, გაგას ლექსზე მის მეგობარს სიმღერა შეუქმნია და ისე ლამაზად მღეროდნენ, მთელი დარბაზი ჩვენსკენ იყურებოდა. შევნიშნე, გაგა სულ იმ მაგიდისკენ იცქირებოდა, ფანჯარასთან რომ იდგა და ამაოდ მოელოდა სტუმრებს.
-რა უცნაურია, არა?-ვკითხე ჩემს გვერდით მჯდომ ახლადგაცნობილ ლიას-აი, იმ მაგიდაზე გეუბნებით, ალბათ გაგასაც ეუცნაურა, სულ რომ მას უყურებს.
-ხო, რა ვიცი, მეც ასე ვფიქრობ, რომ უცნაურია, უკვე 6 წელია ამათი მეგობარი ვარ და ყოველთვის ამ დღეს სწორედ ამ კაფეში მოვდივართ ყველანი, იმ მაგიდასაც ესენი შლიან.
-ჰა, რას შვები, ასრულებ წიგნს?-ჰკითხა გაგას ყველაზე უფროსმა მამაკაცმა და მერე ჩვენ მოგვიბრუნდა-ალბათ არ იცით, ახალგაზრდებო, თქვენი ლექტორი წიგნს წერს.
-ბოლო თავი დამრჩა-გაიღიმა გაგამ.
-ბოლო თავი, რომელსაც უკვე 6 წელია ველოდებით-გაიცინა გიტარიანმა-არადა, თუ აღირსე დასრულება და მერე დაბეჭდვა, დარწმუნებული ვარ ბეტსელერი იქნება.
-ხმამაღალი ნათქვამია-უპასუხა გაგამ და ისევ იმ მაგიდისკენ გაექცა მზერა. უცებ გამახსენდა, გაგა და ლიზი სულ ამ კაფეში დადიოდნენ და ფანჯარასთან მდგარ მაგიდასთან ისხდნენ, გამახსენდა, რომ ზუსტად 6 წლის წინ ასე გაშლილ მაგიდასთან ელოდა გაგა ლიზის, ის კი არ მოვიდა, მივხვდი, გაგა ისევ ელოდა... ნიკას გავხედე, მისი სახის გამომეტყველებით ვიგრძენი, რომ ისიც ყველაფერს მიხვდა, მერე მე შემომხედა, ნაღვლიანად გამიღიმა და ერთდროულად გაგას გავხედეთ, მანაც დაიჭირა ჩვენი მზერა, ერთხანს გვიყურა, მერე კი მოულოდნელად ლექსის კითხვა დაიწყო, გიტარიანმა მელოდია შეუხამა, სიჩუმე ჩამოვარდა, მხოლოდ გაგას ხმა ისმოდა, ის კი ვერავის გვამჩნევდა და ისეთი გრძნობით კითხულობდა, ცრემლები წამომივიდა...კითხულობდა და იმ მაგიდას თვალს არ აცილებდა, დარწმუნებული ვიყავი, ლიზის ხედავდა და მხოლოდ მისთვის კითხულობდა ამ ლექსს...
...მე და ნიკა ახლა უკვე ჩვენს მაგიდასთან ვისხედით, ყველაფერი ზუსტად ისე იყო, როგორც ჩემს ოცნებაში, ეს მასაც ვუთხარი და მადლობა გადავუხადე ულამაზესი საღამოსვის.
-იცი, ნიკა, თითქოს ღმერთმა შეისმინდა ჩემი თხოვნა და ყველა ოცნება ამ საღამოს ამიხდინა, ასეთი ბედნიერი ჯერ არ ვყოფილვარ, როგორ მინდა ყველა ბედნიერი იყოს...-ნიკამ ალერსით გამიღიმა, ხელი გადამხვია და ორივემ ისევ იმ მაგიდისკენ გავიხედეთ-და იცი, რაა? რატომრაც მგონია, რომ ამ მაგიდას დღეს აუცილებლად ეყოლება სტუმრები, იცი რატომ? იმიტომ რომ ყველას უნდა ეს და ყველას კეთილი ღიმილი მოეფინება სახეზე-ვთქვი მე და თვალწინ დამიდგა მომღიმარი, სიცოცხლით სავსე და ენაწყლიანი ლიზი, ლიზი, რომელიც სადაც კი გამოჩნდებოდა, ყველას სიყვარულს იმსახურებდა და მაშინვე გარშემომყოფთა ნდობას მოიპოვებდა.
ნიკა იღიმებოდა და არაფერს მეუბნებოდა. გვერდით მაგიდასთან ისევ გაგას სიმღერას მღეროდნენ:
"მჯერა ერთ დღესაც მოხვალ, კარს შემოაღებ სევდით,
გამიჩერდება სუნთქვა და გადმომხედავს ღმერთი!"
გაგა ფეხზე იდგა, ხელში ჭიქა ეჭირა, სიმღერა რომ დასრულდა, თვითონ გაიმეორა ეს სიტყვები ისე, რომ კარებისთვის თვალი არ მოუშორებია. ნიკას ჩავეხუტე და ისევ ტირილი დავიწყე, უცებ მსხვრევის ხმა გავიგონე, თავი ავწიე, გაგას ჭიქა ხელიდან გავარდნოდა და ნამსხვრევებად ქცეულიყო...
გარეთ ბინდი ჩამოწვა, უკვე კარგად დაღამებულიყო. მე და ნიკა წასასვლელად მოვემზადეთ, სანამ ახლადშეძენილ მეგობრებთან მივიდოდით, ფანჯარასთან მდგომ მაგიდას გავხედეთ, ახლა ის ცარიელი აღარ იყო, იქ უკვე ორნი ისხდნენ...
-აბა, არ დაგვეკარგოთ-გვითხრა ლიამ დამშვიდობებისას.
-შევხვდებით პრეზენტაციაზე-ღიმილით გვითხრა გიტარიანმა, თავი ფანჯრისკენ გადაიქნია და თვალი ჩაგვიკრა.
ისე დავტოვეთ კაფე, იმ მაგიდასთან არ მივსულვართ, არადა როგორ მინდოდა კიდევ ერთხელ მენახა ლიზის და გაგას ბედნიერი სახეები, მაგრამ ახლა მათი სიმყუდროვის დარღვევა ცოდვა იქნებოდა.
გარეთ გამოვედით. მიყვარს თბილისის ქუჩებში ღამით სიარული, ნიკასაც უყვარს, ამიტომ აზრადაც არ მოგვსვლია ტაქსის გაჩერება, ფახით გავუყევით განათებულ ქუჩებს.
მე შეყვარებული ვარ...ამ საღამოს ეს კიდევ უფრო მეტად ვიგრძენი, მერე ისევ ლიზი და გაგა დამიდგნენ თვალწინ და ხმამაღლა ვიყვირე-მე შეყვარებული ვარ, სიყვარული უდიდესი ძალაა!
ნიკამ ჯერ გაოცებულმა შემომხედა, მერე გაიღიმა და მანაც ხმამაღლა დაიყვირა-ბედნიერებას გისურვებთ, ხალხნოოოო!!!
პატრულის მანქანა გაჩერდა. ერთხანს გვიყურეს საპატრულოს თანამშრომლებმა, მერე გაეღიმათ, ჩვენც გვინდა ყველა ბედნიერი იყოსო, გამოგვძახეს ღია ფანჯრებიდან, საყვირი მოგვცეს და წავიდნენ.
თბილისში ლამაზი დღე თებდებოდა...